in

ვებპროექტების მართვა და მისი გამოწვევები

მართალია, კრეატიულობა ახალ კლიენტებს იზიდავს და ეხმარება ვებდეველოპერულ სააგენტოებს ჯილდოების მოპოვებაში, მაგრამ ეს ხდება კლიენტის კარგი გამოცდილების შემთხვევაში, როდესაც ის კვლავ ბრუნდება ბრენდთან და აგრძელებს თანამშრომლობას. თუმცა ეს ყოველთვის არაა მარტივად მიღწევადი. ბევრ სააგენტოს უჭირს კლიენტების შენარჩუნება სამუშაოს ცუდი ხარისხის, არასაკმარისი მიწოდების, დასახული პროცესების არარსებობისა და პროექტის ცუდი მენეჯმენტის გამო. კლიენტის კმაყოფილების მეტრიკა კი, საბოლოოდ, სააგენტოს წარმატებას განსაზღვრავს. 

მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ რა უნდა გააკეთოთ თქვენი კომპანიის წარმატებისთვის და რა შეცდომებია ხშირად ამ სფეროში.

1. ზედმეტად ბევრი სერვისის შეთავაზება

ვებდეველოპერული სააგენტოების უმეტესობა ვერ უმკლავდება გამოწვევას, თუ რომელი სერვისები დააპრიორიტეტოს, ამიტომ ამ პროცესში ბევრი მათგანი იბნევა. აუცილებელია, ჩამოყალიბდეთ რამდენიმე ისეთ სერვისზე, რომელიც ნამდვილად კარგად გამოგდით, ზუსტად იცით, რომ გყავთ შესაბამისი კადრები, გაქვთ ამის გასაკეთებელი დრო და განსაზღვრული ბიუჯეტი, რომელსაც სთავაზობთ კლიენტს.

2. პროექტის გაგების ნაკლებობა

ყოველი კარგად გაკეთებული კრეატიული საქმის უკან კარგი ბრიფი და მისი კარგი გარჩევა დგას. მას შეუძლია შემოქმედებითი პროექტების ეფექტურად განხორციელება და უკეთესი შედეგების მოტანა თქვენი კლიენტებისთვის. ხშირად პროექტის მენეჯერები უშვებენ შეცდომას და ათავსებენ პროექტის ყველა ინფორმაციას ერთ დიდ დოკუმენტში, რაც კრეატივის გუნდს ხელს უშლის დავალების გაგებაში.

კრეატიული ბრიფი მოქმედებს როგორც საგზაო რუკა, რომელიც მიუძღვება პროექტს იდეიდან დასრულებამდე. ეს არის სიმართლის ერთადერთი წყარო პროექტში მონაწილე ყველა პირისთვის. კარგი შემოქმედებითი ბრიფი უზრუნველყოფს სამუშაოს ფარგლებს, ვადებს, პროექტის მიზნებს, ამოცანებსა და შედეგების სიცხადეს. თუ თქვენს სააგენტოს უჭირს კარგი ბრიფების დაწერა, ალბათ დროა, შექმნათ ძირითადი მოკლე სტრუქტურა, რომლითაც იხელმძღვანელებენ თქვენი პროექტის მენეჯერები ჩანაწერების გაკეთებისას და კლიენტებისთვის სწორი კითხვების დასმისას. 

3. ჩავარდნები შიდა პროცესში

იდეალური ვებსაიტების შექმნა არც ისე ადვილია და მით უმეტეს, კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი არ არის მარტივად მოსაპოვებელი. როდესაც სააგენტო დღის განმავლობაში ათობით კლიენტთან ურთიერთობს, დროისა და რესურსის სწორი განაწილება ყველაზე მთავარი ხდება. ამის გარეშე პროექტები შეჩერდება, დაგვიანებები გამოიწვევს იმედგაცრუებას და თქვენი გუნდი და კლიენტები, რომლებთანაც მუშაობთ, იქნებიან დაძაბულები. თუ თქვენი გუნდი ან კლიენტები ჩივიან იმის გამო, რომ საქმეს ძალიან დიდი დრო სჭირდება, დროა, პრიორიტეტად აქციოთ ეფექტური და ადაპტირებადი პროცესის შექმნა.

4. გრაფიკი

ხშირია შემთხვევა, როდესაც პროექტის მსვლელობისას, კლიენტები ითხოვენ ახალ ფუნქციებს, რომლებიც, როგორც წესი, არ არის გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში. ამან შეიძლება გააორმაგოს როგორც დრო, ისე ბიუჯეტი, კლიენტისთვის კი ეს სიურპრიზი აღმოჩნდეს. პროექტის დასაწყისში ყოველთვის განსაზღვრეთ ზუსტი ამოცანები და დადეთ კონტრაქტი. ამით თავიდან აიცილებთ ვებსააგენტოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას.

5. ვებსაიტების პროექტების მართვა და კლიენტების გამოხმაურება

მრავალი ვებპროექტის ერთდროულად მართვა, კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია, ცვლილებების თვალყურის დევნება და პროექტის განახლებების მიწოდება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ვებდეველოპერული სააგენტოების წინაშე. პროექტის არასათანადო მენეჯმენტმა შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილო კლიენტები და გამოტოვებული ვადები, ამიტომ აუცილებელია იყოთ ამ სფეროში კომპეტენტური. 

ზოგჯერ მენეჯერს რამდენჯერმე უწევს კლიენტისთვის იმის შეხსენება, რომ მისი გამოხმაურების, უკუკავშირის გარეშე პროექტი წინ ვერ წავა. არსებობს სპეციალური პლატფორმები, ერთ-ერთია BugHerd, რომელიც ამარტივებს უკუკავშირის პროცესებს და კლიენტთან კომუნიკაციას. ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტისთვის უკუკავშირს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ პროექტის მენეჯერმა უნდა იპოვოს შესაბამისი ხელსაწყო, რომლითაც შეძლებს ამ პროცესის სწორად და უმტკივნეულოდ წარმართვას.

Destination Porsche — „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა

გამორჩეული ბრენდის აქტივები წარმატების საწინდარია — როგორ იქმნება ისინი?