ბიზნესისთვის ვებსაიტი მისი ციფრული არსებობის ამოსავალი წერტილია. პოტენციურმა მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მოგძებნოთ ვებში და თან ისე, რომ ყველაფერი გაიგოს როგორც თქვენი ბრენდის, ისე პროდუქტების შესახებ.
ვებგვერდზე აუდიენციის გასაზრდელად მარტო საკვანძო სიტყვების გაწერა და გუგლის რეკლამების ყიდვა საკმარისი არ არის. უფრო არატრადიციული მიდგომით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააფართოოთ თქვენი პოტენციური აუდიტორია და მეტი ტრაფიკი შემატოთ ვებსაიტს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე სტრატეგიულ ნაბიჯს:
- გააზიარეთ თქვენი ამბავი Medium-ზე ან LinkedIn-ზე
შეიძლება იფიქროთ, თუ რა შუაშია ვებსაიტთან სხვა პლატფორმებზე კონტენტის გავრცელება, მაგრამ ახლავე აგიხსნით. გარდა იმისა, რომ შეიძლება საკუთარ ვებგვერდზეც აწარმოოთ ბლოგი, კარგი იქნება, ისეთ ცნობილ პლატფორმებსაც თუ გამოიყენებთ, როგორც Medium ან LinkedIn-ია. მათზე ბევრი ადამიანი შედის და შეიძლება ზუსტად იმ კონტენტს ეძებდეს, რომელიც თქვენ გაქვთ. გარდა ამისა, ტექსტში შეგიძლიათ, ჩასვათ ვებსაიტის ბმული, რომელზეც ლინკდინის ან მედიუმის მომხმარებლებიც გადმოვლენ.
- გამოიყენეთ ელ. ფოსტა
თანამედროვე ელ. ფოსტებს აქვს ძალიან საჭირო და სასარგებლო ფუნქცია – ბოლოში თქვენი ხელმოწერის დადება შეგიძლიათ. ამ ხელმოწერაში ვებსაიტის ბმულის ჩასმაც შეიძლება, რაც კარგი გზაა საიმისოდ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი მეილის ყველა ადრესატმა ნახოს ეს ბმული და გადავიდეს ვებგვერდზე.
მეტიც, მარკეტერები გვეუბნებიან, რომ თუ გაგზავნილ წერილებს მხოლოდ საკუთარი სახელით ამთავრებთ, დიდ შეცდომას უშვებთ. სწორად გაშვებული მეილის ერთ-ერთი ოქროს წესი სწორედ ვებსაიტის მიმაგრებაც არის.
- გამოიყენეთ ციფრული აუდიორეკლამა
ვებტრაფიკის გაზრდის კიდევ ერთი უნიკალური ვარიანტია აუდიორეკლამა. როგორც ინტერნეტკვლევები გვატყობინებს, ადამიანების 78% უსმენს მუსიკას სტრიმინგის საშუალებით. ამიტომ ციფრული აუდიორეკლამა შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა თქვენი ვებსაიტისთვის. ის დაგეხმარებათ, გაზარდოთ ტრაფიკი იმ მოწყობილობებზე დაყრდნობით, რომლებსაც მსმენელები იყენებენ. მუსიკალური სტრიმინგების საიტებზე საკუთარი ვებგვერდის ჩასმა კარგი აზრია, რადგან ამ დროს მომხმარებელი შეიძლება გადავიდეს ბმულზე.
- პარტნიორის კონტენტი
თუ თქვენი ბიზნესი აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან ან პარტნიორობს სხვა კომპანიებთან, ყოველთვის ჩასვით მათ კონტენტში თქვენი ვებგვერდის ბმული. ამ გზით თქვენ გადიხართ იმ მედიისა და კომპანიის აუდიტორიაზე, რომელიც ცალკე, თავისით შეიძლება ვერ მოხვედრილიყო თქვენი ბიზნესის ვებგვერდზე.
- ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია
მიზნობრივი საკვანძო სიტყვების გაწერა SEO-სთვის საკმაოდ ცნობილი ხერხია და ბევრმა იცის, მაგრამ კომპანიები ხმოვან ძიებას ნაკლებად ითვალისწინებენ. ხმოვანი საკვანძო სიტყვები, ძირითადად, კითხვითი წინადადების ფორმატია, რომლებიც შეიძლება თქვენს კონტენტთან და პროდუქტთან იყოს კავშირში. უნდა ეცადოთ, რომ როცა გაწერთ ამ საკვანძო სიტყვებს, ვებსაიტის კონტენტის ნაწილში შესაბამისი პასუხებიც გქონდეთ, რათა ხმოვანი ძიების დროს საძიებო სისტემამ ამოიცნოს ისინი და რაც შეიძლება მეტ ადამიანს უჩვენოს თქვენი ვებგვერდი.