იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში დაახლოებით 1.8 მილიარდზე მეტი ვებსაიტი არსებობს, როცა საქმე თქვენს ბიზნესსა და გემოვნებაზე მორგებას ეხება, შთაგონების პოვნა შესაძლოა ძალიან გაგიჭირდეთ. იმისთვის, რომ ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ახალი ვებგვერდი მოარგოთ, აუცილებელია კარგად გაიგოთ, როგორი და როგორი ტიპის ვებსაიტები არსებობს და რომელი რისთვის არის მიზანშეწონილი.
ვებსაიტების 11 გავრცელებული კატეგორია:
- ბიზნესი
- ელკომერცია
- ბლოგი
- გართობა
- სიახლეები
- არასამთავრობო ორგანიზაციები/ფონდები
- ასოციაციები/საწევროები
- პორტფოლიო
- პირადი ვებგვერდი
- ფორუმი
- საგანმანათლებლო
დავიწყოთ ბიზნეს ვებსაიტით
ბიზნეს ვებსაიტი კომპანიის ციფრული გამოხატულებაა, რომელიც არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალი ზომისა და ფორმისაა, მათი საერთო მიზანი ვიზიტორებისთვის იმ სერვისებისა და პროდუქტების წარდგენაა, რომლებიც კომპანიას აქვს. ეს მათ ეხმარება მომხმარებლის ლოიალობის მოპოვებაში, შემოსავლის ზრდასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში.
ბიზნეს ვებსაიტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს შეთავაზებების აღწერას, უნდა უჩვენებდეს მომხმარებელს პროდუქტის შეძენის გზას და აუცილებლად უნდა აძლევდეს მას საშუალებას, დაუკავშირდეს გუნდს საჭიროების შემთხვევაში. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ვებსაიტი იყოს თქვენი ვიზუალური ბრენდინგის შესაფერისი.
მაგალითისთვის ავიღოთ ეს ნიმუში. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის კერძო ცენტრის ვებგვერდი, Modern Health, რომელიც კარგად გამოხატავს ბიზნესის მიზანს, ღირებულებასა და ფუნქციებს. ამას ის დავარცხნილი ტექსტებით, ვიდეოებითა და ინფოგრაფიკებით აკეთებს.
ელკომერციის ვებსაიტი
ელკომერციის ვებსაიტები ყიდის როგორც ციფრულ, ისე მატერიალურ პროდუქტებს. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ პროდუქტები, წაიკითხონ პროდუქტის დეტალები და უშუალოდ ვებსაიტიდან შეიძინონ. ელექტრონული კომერციის ვებსაიტები საცალო ვაჭრობაზეა ორიენტირებული.
წარმოგიდგენთ ვიზუალურად მიმზიდველ, ინფორმაციულ ელკომერციულ საიტს, Briogeo. ის თმის პროდუქტებს ყიდის. მისი გვერდები ყურადღებას იპყრობს მდიდარი, პასტელური ფერებით. ნავიგაციის მენიუში შედის პროდუქტის ესკიზები. საიტი ასევე გამოხატავს მისიას, შედეგებსა და ბლოგის სექციებს.
ბლოგი
ბლოგი შეიძლება ცალკეც არსებობდეს წერილობითი თუ ვიზუალური შინაარსის დასადებად და იყოს ბიზნესის ან ელკომერციის ნაწილიც. თუ ონლაინ ბიზნესი ხართ, კარგად დაწერილი, ინფორმაციული ბლოგი შეიძლება იყოს თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის მთავარი აქტივი. მას ტრაფიკი მოაქვს თქვენს ვებგვერდზე, მოჰყავს ვიზიტორები და შეიძლება დაარწმუნოს ისინი, რომ თქვენი მომხმარებლები გახდნენ. ბლოგი, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიზნეს ნიშას, ადასტურებს, რომ საქმის მცოდნე ხართ და მზად ხართ, იყოთ საუკეთესო თქვენს ინდუსტრიაში.
გასართობი ვებგვერდი
პირდაპირ რომ ვთქვათ, გასართობი ვებსაიტები მიზნად ისახავს გართობას. მის მაგალითად მოგიყვანთ Pitchfork-ს, მუსიკალურ ვებგვერდს, რომელიც ჯერ კიდევ 1995 წელს შეიქმნა. Pitchfork-ს აქვს შეკრული, ელეგანტური დიზაინი, მკვეთრი ფერის სქემა და მკაფიო ნავიგაცია. ის გვთავაზობს მიმოხილვებს, კონტენტსა და სიახლეებს მუსიკის, მუსიკოსებისა და ფესტივალების შესახებ.
სიახლეების ვებგვერდი
ახალი ამბების ვებსაიტები გასართობ საიტებს ჰგავს, მაგრამ ძირითადად სიახლეების გადმოცემას ისახავს მიზნად. ამის გამო ისინი უფრო ინფორმაციულია. ახალი ამბების ვებსაიტებს ასევე აქვთ მნიშვნელოვნად განსხვავებული ესთეტიკა, ხშირად უფრო აკადემიური და სერიოზული სტილი. მაგალითისთვის ავიღოთ ცნობილი The New York Times. ის ისეთ გრიდებსა და ტიპოგრაფიას იყენებს, რომ მაქსიმალურად მიემსგავსოს თავის ბეჭდურ გამოცემას.
არასამთავრობო ვებსაიტები
არაკორპორაციული ვებსაიტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ბიზნესის. ისინი ორგანიზაციის პოპულარიზაციას ემსახურება, წარმოაჩენს მის მიზანს და ხშირად შემოწირულებებსაც ითხოვს.
საწევრო ვებსაიტები
ასეთი ვებსაიტები ვიზიტორებისგან რეგისტრაციას ითხოვენ ხოლმე. ისინი შეიძლება მოიცავდეს: საგანმანათლებლო რესურსებს, ვებ აპებს, სიახლეებსა და გასართობ პუბლიკაციებს. ხშირ შემთხვევაში, ეს რესურსები მხოლოდ რეგისტრირებულებისთვის, ანუ წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი და არ არის საჯარო. ზოგჯერ ასეთი საწევრო სერვისის მიღება ფასიანია.
პორტფოლიო
ონლაინ პორტფოლიო არის შესანიშნავი საშუალება კრეატიული ფრილანსერებისა და სააგენტოებისთვის, რათა მათ თავი მოუყარონ და წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები. თუ თქვენი საქმიანობის სფეროა: ფერწერა, ილუსტრაცია, კინო, ფოტოგრაფია, ქოფირაითინგი და მისთანები, შეგიძლიათ შექმნათ პორტფოლიოს ვებსაიტი, რომელიც საუკეთესო პრეზენტაცია იქნება თქვენი ნამუშევრებისთვის.
ამ ტიპის უამრავი კარგი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთია ფრანგი დიზაინერის, ჯული გაზალის პორტფოლიო. მისი მინიმალისტური და გრიდებად დაყოფილი დიზაინი მიმართულია ავტორის ნამუშევრების გამოკვეთაზე. ასევე, აქვეა საკონტაქტო ღილაკი, რომელიც შემოქმედისთვის აუცილებელია.
პირადი ვებსაიტი
პირადი ვებსაიტი მთლიანად თქვენზეა მორგებული. გამოიყენეთ იგი, როგორც საშუალება საკუთარი თავისა და თქვენი აზრების გამოხატვისთვის წერის, პროექტების, ვიზუალის ან მედიის საშუალებით. პერსონალური საიტის მიზანი თქვენზეა დამოკიდებული. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ კარიერის წინსვლისთვის, პირადი ბრენდირებისთვის ან უბრალოდ, როგორც სივრცე იდეების გასაჟღერებლად.
ფორუმი
ფორუმი ადამიანებისთვის ონლაინ სივრცეა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, განიხილონ ის თემები, რომლებიც აინტერესებთ. ისინი შედგება მოდერატორების, ადმინებისა და მომხმარებლებისგან; ასევე, ძირითადი თემებისა და კითხვებისგან, რომლებზეც ფორუმზე რეგისტრირებულ ყველა მონაწილეს შეუძლია გამოხმაურება. ფორუმი არსებობს ფასიანიც და უფასოც.
საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო ვებსაიტებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ის შეიძლება იყოს რესურსების ბაზა, საძიებო სისტემით, რომელიც გვეხმარება სასურველი მასალის მოძიებაში. ამ ტიპის ვებსაიტზე შეიძლება სახელმძღვანელოები და გზამკვლევებიც იყოს განთავსებული.
ახლა, როდესაც ჩვენ განვიხილეთ ვებსაიტების ტიპები, შეგიძლიათ ამის მიხედვით განსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს თქვენი მომავალი ვებგვერდი. ამ ტიპების ცოდნა ავიწროებს თქვენს ვარიანტებს, რაც მერე გეხმარებათ, რომ დროულად და ზედმეტი პრობლემების გარეშე შექმნათ თქვენი ვებგვერდი.