ბიზნესმა ბევრ სხვა რამესთან ერთად კარგი ვებსაიტის ქონაზეც უნდა იზრუნოს. სიტყვა „კარგში” მოიაზრება ყველაფერი – დაწყებული ტექნოლოგიური ფუნქციებით, დიზაინითა და კონტენტით დამთავრებული.
ეს სტატია იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ უკვე არსებულის რედიზაინში ან ახლის შექმნაში.
დავიწყოთ სათაურებით
მოკლე და აღწერითი სათაურები ვებგვერდზე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვერდის ზედა სათაური არ არის აღწერილობითი, ეს დააბნევს ვიზიტორებს. ისინი საკუთარ თავს დაუსვამენ კითხვას – სწორ ადგილას მოვხვდი? სათაურის ამოცანაა, სწორად უპასუხოს ვიზიტორის ამ კითხვას.
საკვანძო სიტყვა
ხალხი მუდმივად ეძებს მომსახურებას, ამიტომ სერვისის გვერდების ოპტიმიზაცია თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია. საკვანძო სიტყვების სწორად გაწერა აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი ვებსაიტი მოერგოს საძიებო სისტემას. საკვანძო სიტყვები არ ნიშნავს მხოლოდ ერთ სიტყვას, ეს შეიძლება იყოს ფრაზები და კითხვები, რომლებიც გამოჩნდება ყველგან, ძიების შედეგების გვერდზე.
ვიზუალები, რომლებიც იწვევს სანდოობას
ვიზუალის გარეშე ვებგვერდი არ არსებობს, თუმცა გააჩნია, როგორ ვიზუალს იყენებთ. სანდოობის გასაზრდელად რეკომენდებულია არა მხოლოდ საკუთარი ბრენდის ლოგო და ფოტოები, არამედ კლიენტების ლოგოები, ჯილდოები, პარტნიორები და სერტიფიკატები.
ქვეთავები
ქვესათაურები ვიზიტორს შინაარსის უკეთ გაგებასა და ნავიგაციაში ეხმარება. ისინი მიანიშნებენ მომხმარებელს, თუ რა დახვდებათ თითოეულ განყოფილებაში. თუ ქვეთავები ბუნდოვანია, ვიზიტორი დიდი ალბათობით არც დააწკაპებს ამ გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები
კარგია, თუ ვებსაიტზე დაამატებთ ხშირად დასმული კითხვების კატეგორიას. ალბათ ბევრჯერ გინახავთ მსგავსი განყოფილება და ისეთ საიტზეც არაერთხელ შესულხართ, სადაც ბევრი კითხვა გაგიჩნდათ, პასუხი კი არ ჩანდა. ვებსაიტი საინფორმაციო წყაროა, რომელმაც ვიზიტორს კომპანიის შესახებ რაც შეიძლება ცოტა კითხვა უნდა დაუტოვოს. ხშირად დასმულ კითხვებში, ძირითადად, ასეთი კითხვებია განთავსებული: როგორ შევიძინო პროდუქტი? რამდენ ხანში მივიღებ ამანათს? როგორ შევავსო სარეგისტრაციო ფორმა და ა.შ.
მოკლე აბზაცები და ტექსტის ფორმატი
ვებსაიტზე ლაკონიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ დარწმუნდით, რომ აბზაცები არ აღემატება სამ სტრიქონს.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ ფორმატს: არასოდეს დაგავიწყდეთ ღილაკი „უკან დაბრუნება”, სია და ნომრები ჩამონათვალის გასაკეთებლად, შიდა ბმულები, ფოტოკოლაჟი და მისთანები.
მომხმარებელთა უკუკავშირი
ამბობენ, რომ როგორც ადვოკატი არ უნდა წავიდეს სასამართლო პროცესზე მოწმის გარეშე, ისე ვებდიზაინერმა არ უნდა გამოტოვოს გვერდი, სადაც მომხმარებელთა უკუკავშირები ეწერება. ეს არის სოციალური მტკიცებულება იმისა, რომ სხვებმა აირჩიეს თქვენი ბრენდი და ზრდის თქვენდამი სანდოობას.
შეიძლება იკითხოთ, რა საჭიროა მომხმარებლის უკუკავშირი, თუ UX ტექსტში ისედაც ყველაფერი გვიწერია? უბრალოდ, ასეთ შეფასებებში ენა უფრო ბუნებრივია და თანაც, საიტის ვიზიტორი მესამე პირისგანაც იგებს ინფორმაციას თქვენ შესახებ.
გუნდი
ვიზიტორზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კომპანიის გუნდის წევრების ხილვა, მათი შეხედვა სახეზე და იმ მცირე ინფორმაციის გაგება, როგორიცაა: სახელი-გვარი, რეგალია, სამუშაო გამოცდილება. ზოგიერთი ბრენდი ამისთვის ე.წ. „სტოკის” ფოტოებს იყენებს, თუმცა გირჩევდით, რომ თავად დაგეგმოთ ფოტოსესია და რეალური გუნდი გააცნოთ პოტენციურ მომხმარებლებს.
გუნდის გამოჩენა ასევე განგასხვავებთ და ხაზს უსვამს თქვენს უნიკალურობას, რადგან შეუძლებელია, სხვა კომპანიას ჰყავდეს იგივე შემადგენლობა. შესაბამისად, თქვენი თანამშრომლები თქვენი სავიზიტო ბარათია.
სტატისტიკა
მონაცემები თქვენი ბიზნესის ან სერვისების ღირებულების შესახებ შეიძლება დაეხმაროს ვიზიტორს. რამდენიმე გავრცელებული მაგალითია:
- წლები ბიზნესში
- კლიენტების რაოდენობა/წარმატებული პროექტები
- გუნდის წევრების რაოდენობა და სხვა.
დამაჯერებელი მოწოდება მოქმედებისკენ (CALL TO ACTION)
იმისთვის, რომ თქვენი ვებსაიტი მეტად ინტერაქციული იყოს, გამოიყენეთ CTA, ანუ მოქმედებისკენ მოწოდებები. სასურველია, მინიმუმ ერთი ასეთი მოწოდება მაინც შეხვდეს ვიზიტორს საიტზე. ღილაკები, როგორებიცაა: „დაგვიკავშირდი”, „ისწავლე”, „დააწკაპე”, „მიიღე სიახლეები” და სხვა, დადებითად მუშაობს თქვენი ბიზნესის არსებობაზე.