in

Webster-ის უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს

მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში წასვლა აღარ მოუწევთ. 2022 წელს, „ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსი პირველ სტუდენტებს მიიღებს.

პირველ წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სამი მიმართულებით შესთავაზებენ. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც „ვებსტერის უნივერსიტეტის“ ამერიკული და ევროპული კამპუსების კურსდამთავრებულების დიპლომის ანალოგიური იქნება.

საქართველოში პროგრამების განვითარებაში მსოფლიოს ყველა ფილიალიდან 57 პროფესორია ჩართული. პარალელურად, იგეგმება საქართველოში გამოცხადებული აკადემიური კონკურსის შედეგად არჩეული პერსონალის ჩართვა, პროგრამების განხორციელებასა და განვითარებაში.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამებს – „ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსში საბაკალავრო საფეხურზე იგეგმება პროგრამების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, მასკომუნიკაციების მიმართულებით; სამაგისტრო საფეხურზე კი – საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიის კვლევების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ „ვებსტერის უნივერსიტეტი“ აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) – ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

გარდა ამისა, „ვებსტერის უნივერსიტეტმა“ უკვე აამოქმედა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოს ფილიალისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებს უახლეს ლიტერატურასთან და მაღალი კლასის კვლევებთან ექნებათ წვდომა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია, პირველად, 2020 წელს გაჟღერდა. პრეზენტაციას უნივერსიტეტის პრეზიდენტი აშშ-დან, ჯულიან შუსტერი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.

„ვებსტერის უნივერსიტეტმა“, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებამდე, მასშტაბური კვლევა ჩაატარა. გაანალიზებულ იქნა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე და შრომის ბაზარი, ბიზნეს გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ა.შ.

„ვებსტერი“ აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან სწავლის გაგრძელებით დაინტერესდებიან. საქართველომ შექმნა მეგობრული გარემო საერთაშორისო ბიზნესის, სტარტაპებისა და ინოვაციებისთვის. ინგლისური ენის ცოდნითაც, საქართველოს მაჩვენებელი წინ უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს. ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სტუდენტებს სჭირდებათ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მათ შრომის ბაზრის შესაბამის ცოდნას მისცემს და საბოლოოდ ჯამში, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს.

„დარწმუნებული ვარ, „ვებსტერ საქართველოც“ აუცილებლად მოიზიდავს საერთაშორისო სტუდენტებს,  განსაკუთრებით რეგიონიდან, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების რეგიონული ჰაბის ფორმირების პროცესს, ქართველ სტუდენტებს კი მისცემს შესაძლებლობას, ისწავლონ საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად, აქ საქართველოში და არა – მის ფარგლებს გარეთ.

ამერიკული განათლება ნამდვილად ხსნის ბევრ პოტენციალს და შესაძლებლობას. განსაკუთრებით, „ვებსტერის უნივერსიტეტი“, რომელიც საკმაოდ ცნობილია სწავლის მაღალი ხარისხით. იყო „ვებსტერის“ კურსდამთავრებული  ნიშნავს, რომ  შენ უკვე ფლობ საჭირო ცოდნას შენს პროფესიაში და  გაქვს ყველა ის უნარჩვევა, რაც საჭიროა კარიერის დაწყებასა და შემდეგ უკვე განვითარებაში. მიმაჩნია, რომ არა „ვებსტერში“ მიღებული ცოდნა და „ვებსტერის უნივერსიტეტის“ დიპლომის წონა, გამიჭირდებოდა მივსულიყავი იქ,  სადაც ვარ დღეს“, – ამბობს ირინკა მირიანაშვილი, Webster-ის კურსდამთავრებული.

„საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ კამპუსის გახსნა, პირველ რიგში, ნიშნავს ხარისხიანი საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობას, ქართველი სტუდენტებისთვის. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია, რომ „ვებსტერის უნივერსიტეტი“ თბილისში იქნება რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების მიზიდვის საგანმანათლებლო ცენტრი, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კონკურენციასა და განათლების ხარისხს.

პირადი გამოცდილებით, „ვებსტერის უნივერსიტეტში“ მიღებულმა განათლებამ მომცა შესაძლებლობა, ჩემი პროფესიის საკვანძო საკითხებზე მიმეღო არა მხოლოდ თეორიული, ფართო ცოდნა, პრაქტიკისა და კონტექსტის გათვალისწინებით. ეს კი, პროფესიული საქმიანობისას, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას, დამეხმარა კონკრეტული დავალებებისა და გამოწვევების სწორ გაანალიზებასა და ეფექტიან გადაჭრაში“,  – ამბობს ნინო ბაგაშვილი, Webster-ის კურსდამთავრებული.

მნიშვნელოვანია, რომ კამპუსი ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების რეგიონული ჰაბის ფორმირების პროცესს. „ვებსტერ საქართველოში“ სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული არიან სტუდენტები უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

 

[R]

„ალდაგში“ ავტოდაზღვევის კამპანია დაიწყო – დააზღვიე და მზად ხარ!

Oculus-ის განახლება – ნაკლებად მარტოსული ვირტუალური რეალობა!