in

„გვინდოდა, საქორწილო სამზადისი კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა“ – Wedder.ge

როგორია ქორწილის დაგეგმვიდან განხორციელებამდე გზა? – ბევრი წყვილის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, პროცესი ფასდება, როგორც: სტრესული, დამღლელი… შფოთისა თუ ფორიაქის მომგვრელი. იმიტომ, რომ ბუნებრივ მღელვარებასთან ერთად, არაერთი დამატებითი გარეფაქტორი არსებობს, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, წყვილებს ანერვიულებს.

როგორ იქცევიან ადამიანები, როცა ქორწილის დაგეგმვას იწყებენ? – აღმოვაჩინეთ, რომ ამ პროცესში ისინი საკმაოდ დიდ და გრძელ გზას გადიან, ყველა კომპანიას ცალ-ცალკე ეძებენ და ბევრ სირთულეს აწყდებიან. გვინდოდა, რომ საქორწილო სამზადისი არა სტრესული – არამედ, კიდევ უფრო სასიამოვნო გაგვეხადა და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეეძლებოდათ, ქორწილის ირგვლივ საჭირო, ყველანაირი კომპანია, ინფორმაცია, რჩევა თუ ონლაინ ინსტრუმენტი ენახათ, – ანი სირბილაძე, სტარტაპებისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დირექტორი.

ასე და ამგვარად, გაზაფხულიდან აქტიურად ფუნქციონირებს Wedder.ge – შუამავალი წყვილის სურვილებსა და შემსრულებელ კომპანიებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ქორწილის სამზადისის გასამარტივებლად შეიქმნა, პროცესში სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გამოიკვეთა.

არაერთი გამოკითხვა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ წყვილები მხოლოდ, უშუალოდ, ქორწილისთვის საჭირო მომსახურების მქონე კომპანიებს არ ეძებენ – პირველ რიგში, ადამიანები რომ ოჯახის შექმნას წყვეტენ, მათ ინტერესებში ქორწინებამდე სახლი, რემონტი და თაფლობის თვის დაგეგმვა ექცევა. სწორედ ამიტომ, პლატფორმის დანიშნულება შემდეგნაირად განვსაზღვრეთ: Wedder.ge უნდა გამხდარიყო საიტი, რომელიც წყვილს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მუდმივ ასისტენტად უნდა გამოეყენებინა – ანი სირბილაძე.

M: ანი, როგორ მუშაობს პლატფორმა და უფრო ზუსტად, მომხმარებლებს მისი დახმარებით რა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ?
პლატფორმა მორგებულია ქორწილის ორგანიზებაში ჩართულ თუ უბრალოდ, სტუმრის სტატუსის მქონე ყველა ადამიანზე. ნებისმიერ მათგანს შეუძლია დარეგისტრირება და რეგისტრაციისას მითითებული როლის (სიძე, პატარძალი, მეჯვარე, სტუმარი) მიხედვით შეუძლია, პერსონალიზებული ინფორმაცია მიიღოს.

მაგალითისთვის, პლატფორმაზე ორგანიზების მონაწილე პირებს ვთავაზობთ სამზადისის სიის ინსტრუმენტს, რაც ქაოსის თავიდან აცილებასა და ეფექტურ დაგეგმვაში ეხმარება, ბიუჯეტის კალკულატორს, რაც ხარჯების სწორი გადანაწილებისა და კატეგორიების მიხედვით ფასების ზოგადი მაჩვენებელია, სპეციალურ შეთავაზებებს, რაც მხოლოდ წყვილებისთვის ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს გვთავაზობს და ა.შ.

სულ მალე წყვილები, პლატფორმის საშუალებით, სრული ქორწილის დღის განრიგის შედგენასა და ნებისმიერი სტუმრისათვის ონლაინ გაზიარებასაც მოახერხებენ.

საიტზე, ასევე, აქტიურად მუშაობს მედიამიმართულება, სადაც ჟურნალისტები ყოველდღიურად აწვდიან მომხმარებლებს ქორწილების თემატიკის ირგვლივ საინტერესო სიახლეებს, რჩევებსა თუ მულტიმედია მასალებს.

M: როგორც ვიცით, WEDDER.GE-ს უკვე დაქორწინებული წყვილებისთვისაც საინტერესო შეთავაზებები აქვს…
დღეს საიტის მთავარი გამოწვევა გრძელვადიანი მდგრადობის შენარჩუნებაა. გვინდა, პროექტი წყვილისთვის არა მხოლოდ ქორწილის ღონისძიების დაგეგმვის პროცესში იყოს სასარგებლო, არამედ ქორწინების შემდგომ პერიოდშიც.

აქედან გამომდინარე, ახალი საინტერესო პროექტი დავგეგმეთ, რომელიც წყვილს წლის განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებულ სასიამოვნო თარიღებს შეახსენებს და ამ დღეების გალამაზებაში დაეხმარება. პროექტში ჩვენი პარტნიორი კომპანიებიც არიან ჩართულები, რომლებიც სპეციალურად ამ თარიღებისთვის წყვილებს განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევენ. პროექტი სულ მალე გაეშვება და ჩვენი მომხმარებლები საიტზე ვიზიტით მოახერხებენ სერვისით სარგებლობას. რაც მთავარია, სრულიად უფასოდ.

M: როგორია კომპანიებთან თანამშრომლობის სტატისტიკა და რატომ უნდა დაიჭირონ მათ თქვენთან საქმე?
ამჟამად, 600-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მთავარი მიზეზი, რატომაც მათთვის ჩვენი პლატფორმა ღირებულია, ზუსტი სამიზნე აუდიტორიაა. გამომდინარე იქიდან, რომ wedder.ge ვიწრო ნიშაზეა კონცენტრირებული, სფეროში მომუშავე კომპანიებმა ზუსტად იციან, სად იყრიან თავს ადამიანები, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვა, მათ ეძებენ.

M: თქვენს მიმდინარე გამოწვევებზეც მოგვიყევით… როგორ წარმოგიდგენიათ კომპანიის მომავალი და რას აკეთებთ ამისთვის?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროექტის მთავარი გამოწვევა სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაა. ამისათვის უახლოეს 6 თვის განმავლობაში რამდენიმე მცირე პროექტის ჩაშვება იგეგმება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის შესაძლებლობებიც, რომლებიც დღეს გააჩნია საიტს, თუნდაც, უცხოელი ტურისტების მოზიდვა ქორწილების საქართველოში გადასახდელად და არა მხოლოდ ქორწილების, არამედ თაფლობის თვის ჩვენს ქვეყანაში გასატარებლადაც.  გლობალურ ბაზარზე გასვლისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს, რაშიც ვგულისხმობთ საიტის სამ ენაზე თარგმნას, სოციალური ქსელებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოზიციონირებას და სხვა.

[R]

„ინსორსში“ პარასკევიც უქმე დღეა!

Instagram ვიდეოს დამუშავების ახალ, TikTok-ისეულ ფუნქციას ტესტავს