9
Jul
2019

Wedding Stars Awards – პრემია საქორწილო სფეროში მომსახურე კომპანიებისთვის

9 Jul 2019

ცოტა ხნის წინ საქართველოში მოღვაწე როგორც ქართული, ისე უცხოური საქორწილო კომპანიებისთვის სპეციალური ჯილდო Wedding Stars Awards დაწესდა. მისი შემქმნელები ფიქრობენ, რომ საქორწილო პრემიის ღონისძიება ხელს შეუწყობს საქორწილო ბაზრის ცნობიერების დონის ამაღლებასა და დაინტერესებას საქართველოში. ჯილდოს კონცეფციის, სამომავლო გეგმებისა და სხვა დეტალების შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ტატიანა რემნევას გავესაუბრეთ:

 

M: მოკლედ მოგვიყევით Wedding Stars Awards-ის შესახებ..

Wedding Stars Awards – წარმოადგენს პირველ პროფესიონალურ დაჯილდოებას იმ კომპანიებისათვის და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ საქორწილო მომსახურების სფეროში საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ჯილდოს მეორენაირად უწოდებენ „ოსკარს“ საქორწილო პროფესიონალებისთვის.

ქართული საქორწილო ბაზარი აქტიურად ვითარდება. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი უცხოელი წყვილი ირჩევს საქართველოს საკუთარი ქორწილის ადგილად. რატომ? საქართველო მათ უამრავ ულამაზეს ადგილს სთავაზობს. ასევე, ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი კულინარული ტრადიციებითა და ღვინოებით.  საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მდებარეობაც და ავიაფრენების განვითარებული საშუალებები. სწორედ ამგვარი მოთხოვნის ფონზე შეიქმნა საქორწილო მომსახურების მომწოდებლები: სააგენტოები, ფლორისტები, ფოტოგრაფები და სხვა სპეციალისტები. მე თავად ვიყავი ქორწილების ორგანიზატორი უცხოელი წყვილებისთვის წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ვხედავდი ამ ახალგაზრდა ბაზრის განვითარების მაღალ სიჩქარეს. სწორედ იმისათვის, რომ ამ ბაზარს მივცეთ სტრუქტურა და შევქმნათ სწორი განვითარების ვექტორი, გადავწყვიტეთ, აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზება.

Aleksandr Lytvinchuk

M: გვესაუბრეთ ჯილდოს მიზანზე…

ჩვენი ჯილდოს მთავარი მიზანია – პროფესიული სტანდარტების შექმნა ინდუსტრიაში, საუკეთესო მოთამაშეების ჩვენება და ჯანსაღი კონკურენციის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის მონაწილეების თვითგანვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.

M: როგორ ფიქრობთ, როგორ დაეხმარება აღნიშნულ სფეროს ეს ჯილდო?

Wedding Stars Awards – დამოუკიდებელი დაჯილდოებაა, რომელიც საქორწილო ბაზრის მაღლა დგას. ჩვენ არა მარტო საუკეთესოების აღმოჩენა გვსურს, არამედ გვინდა, გავხდეთ მომსახურების ხარისხის გარანტი. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ფიგურა, რომელსაც გამარჯვებული თაროზე შემოდებს, არამედ მარკეტინგული საშუალება, რომელიც ნათლად აჩვენებს პოტენციურ მომხმარებელს, რომ ჯილდოს გამარჯვებული უზრუნველყოფს მაღალხარისხიან მომსახურებას. გვინდა, რომ ერთგვარი იარაღი ვიყოთ  განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, პირდაპირი დაჯილდოების გარდა, ვგეგმავთ საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას საქორწილო პროფესიონალებისთვის. ამის შედეგად, მათ ექნებათ საშუალება, გაიარონ უცხოელი სპეციალისტების მასტერ-კლასები. ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ კომპანიებს და კერძო პირებს, ვისაც ბაზარზე მუშაობა ახალი დაწყებული აქვს.

Tramontina wedding

M: ზოგადად, როგორ შეაფასებდით დღესდღეობით საქორწილო ბაზარს საქართველოში? 

დღეს ქართული საქორწილო ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა მას ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. უცხოელი წყვილებისთვის საქართველო საკმაოდ მიმზიდველი და სასურველი ადგილია ქორწილის დასაგეგმად. ამას ამტკიცებს ის, რომ საქართველოში დღესდღეობით მთელი მსოფლიოდან უამრავი წყვილი ჩამოდის. ქართველი წყვილები კი აქტიურად იჩენენ ინტერესს იმ საქორწილო სერვისებისკენ, რომლებიც აქამდე არ იყო განვითარებული: დიდი ყურადღებით არჩევენ ფოტოგრაფებსა და ვიდეოგრაფებს, უფრო საინტერესო კონცეპტუალური გადაწყვეტილებებს იღებენ, დიდ ყურადღებას აქცევენ დეკორსაც..

საქორწილო ბაზარი არის ისეთი სფერო, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას: სასტუმროები, რესტორნები, სატრანსპორტო კომპანიები, ღვინის მწარმოებლები, ასევე მუსიკალური კოლექტივები, სუვენირების მწარმოებლები და ა.შ. საქორწილო ბაზრის განვითარება ეხმარება არა მარტო მოქმედი მონაწილეების განვითარებას, ასევე ახალი ნიშების შექმნასაც. დღეს, მაგალითად, ვითარდება საქორწილო წამყვანების ბაზარი, რომელიც ორი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა.

M: არსებობს თუ არა ჯილდოს ფორმა უკვე და როგორ აპირებთ, გამოავლინოთ გამარჯვებულები?

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჯილდოს ფორმაზე ახალგაზრდა ქართველ მხატვართან ერთად. ძალიან მალე შევძლებთ წარმოვადგინოთ იგი და ვისაუბროთ მის კონცეფციაზე. ნომინანტების შეფასების პროცესს კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. სამართლიანი და ობიექტური შეფასება არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ დავაკომპლექტეთ ჟიური სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით: რესტორნისა და სასტუმროს ბიზნესიდან, ფოტოგრაფები და ღონისძიების ორგანიზატორები (არასაქორწილო სფეროდან), კომუნიკაციების სპეციალისტები და ტურიზმის წარმომადგენლები. ჟიურის წევრები უშუალოდ არ არიან დაკავშირებული საქორწილო ბაზართან და მათ არ შეუძლიათ, წარადგინონ თავიანთი პროექტები. ჟიურის წევრებს ექსპერტთა სპეციალური გუნდი დაეხმარება ნომინანტების შესაფასებლად, რაც მათთვის სპეციალური მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების განსაზღვრას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა გუნდი დააწესებს შეფასების კრიტერიუმებს არა ნომინირებული პროექტების საფუძველზე, არამედ თავისი გამოცდილების საფუძველზე. გუნდის ამოცანაა, დაეხმაროს ჟიურის წევრებს, გაეცნონ საქორწილო მომსახურების დეტალებს.

Tramontina wedding

M: როდიდან შეეძლებათ საქორწილო ბაზარზე არსებულ კომპანიებსა თუ სხვა შემადგენელ ერთეულებს ამ ჯილდოსთვის ბრძოლა?

აპლიკაციების მიღება ჩვენს ვებ-გვერდზე უკვე დაწყებულია. გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები 25 ნომინაციაში გადაეცემათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ ის პროექტები მიიღება, რომლებიც 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდეა შექმნილი. პროექტების წარდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 1 ნოემბერი. კონკურსში მონაწილეობა ნომინაციის შესაბამისად 100 – 150 ლარს შეადგენს. ნომინაციების ჩამონათვალსა და მონაწილეობის წესებსაც ჩვენს ვებ-გვერდზე იხილავთ. საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2019 წლის 5 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო The Biltmore-ში, ჩვენი ტექნიკური პარტნიორის „Geovoice“ და ჩვენი ოფიციალური მხარდამჭერი საქორწილო სააგენტოს „Ori“ ხელშეწყობითა და თანადგომით.

 

[R]

განხილვა