ხშირად საყვარელი ადამიანებისადმი გრძნობების გამოხატვა და იმის ახსნა, თუ რამდენად გვიყვარს, ძალიან რთულია. ეს განსაკუთრებით ნაკლებად რომანტიკულ ადამიანებს ეხება. თუმცა ქორწილების ორგანიზების პლატფორმა Joy ახლა ფიქრობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია.
უფრო კონკრეტულად, სტარტაპმა OpenAI-ზე დაფუძნებული სისტემა წარმოადგინა, სახელწოდებით Wedding Writer’s Block, რათა მომხმარებლებს გრძნობების ლამაზად გამოხატვაში დაეხმაროს. თანაც, ის უშუალოდ საქორწინო ფიცზეა კონცენტრირებული. ამისათვის, წყვილი ვებგვერდზე უნდა შევიდეს და შესაბამისი ინფორმაცია შეიყვანოს: როგორია მათი ხედვა, ღირებულებები, ურთიერთობის მნიშვნელოვანი მომენტები… ასევე, უნდა მიუთითონ, ვის სტილში სურთ ფიცის დაწერა: შექსპირი, რუმი, ასტროლოგი და ა. შ.
აღსანიშნავია, რომ საქორწინო ფიცი ერთადერთი არ არის, რასაც პლატფორმა გვთავაზობს. მას სამადლობელი სიტყვის, მისალოცი ბარათების, წერილების დაწერაც შეუძლია. Futurism-ის თანახმად, სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი ვიშალ ჯოში აღნიშნავს, რომ სერვისის მომხმარებელთა 89%-ს უჭირს სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა.