13
ივლ
2018

როგორ გავაქირავოთ ბინა ტურისტებზე? Wehost – Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანია საქართველოში

13 ივლ 2018

Startauperi
Startauperi


გიფიქრიათ, რა შემოსავალი შეიძლება მოგიტანოთ თქვენს მფლობელობაში არსებულმა უძრავმა ქონებამ? შესაძლოა კი, თუმცა გაქირავების მენეჯმენტი დღეისათვის, მით უფრო, თუ საქმე ყოველდღიურ გაქირავებას ეხება, საკმაოდ ბევრ დროსა და დეტალს უკავშირდება. Wehost არის საქართველოში პირველი კომპანია, რომელიც მეპატრონეებს Airbnb მენეჯმენტში, ანუ ტურისტებზე ბინის დღიურად გაქირავებაში ეხმარება.

Wehost-ის სერვისი გულისხმობს ბინის მთლიანად მართვას, სტუმრების მისაღებად მომზადებას, დალაგებას, სტუმრებთან კომუნიკაციას, ფასების ყოველდღიურ ოპტიმიზაციას და ყველაფერ იმას, რაც კომფორტს შეუქმნის სტუმარს და ამავდროულად, უზრუნველყოფს მეპატრონისთვის მაქსიმალურ შემოსავალს ყოველგვარი ძალისხმების გარეშე. ჩვენი სერვისები არ შემოიფარგლება მხოლოდ ბინის მოკლევადიანი გაქირავებით. ახლა ვამატებთ ინტერიერის მომსახურების სერვისს, ასევე გვაქვს პროფესიონალური ფოტოგადაღების სერვისიც, რომელიც უფასოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩვენი მთავარი სერვისით ისარგებლებენ და ბინას ჩაგვაბარებენ ტურისტებზე გასაქირავებლად“, – გვიყვება ნიკა ანჯაფარიძე, Wehost-ის თანადამფუძნებელი.

ნიკა ანჯაფარიძე

M: როგორ გაჩნდა Wehost-ის შექმნის აზრი და როგორ აქციეთ ეს იდეა რეალურ კომპანიად?
გაგვიჩნდა იდეა, რომ წამოგვეწყო სტარტაპი, რომლის მიზანიც იქნებოდა თბილისის ტურისტულ ნაწილში მდებარე ბინების მოკლევადიანი გაქირავება უცხოელ ვიზიტორებზე. ჩემმა პარტნიორმა – დავითმა, ინგლისში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა, რომ მსგავსი ბიზნესი საკმაოდ პოპულარულია ევროპის არაერთ ქალაქში, ხოლო თბილისში არ არსებობდა Airbnb მენეჯმენტ კომპანია. იმ პირობებში, როცა ტურისტების ინტერესი იზრდება საქართველოს მიმართ და ძალიან ბევრ ადამიანს სურს ბინის გაქირავება, უმეტესობას ამისთვის არ აქვს საკმარისი დრო, ან გამოცდილება. სტარტაპ საქართველოს წარვუდგინეთ ჩვენი პროექტი და ავიღეთ დაფინანსება, რის შემდეგაც მუდმივად ვიზრდებით და ვაგრძელებთ განვითარებას.

M: ვისთვის არის Wehost და რა შესაძლებლობებს აძლევს მომხმარებელს?
Wehost-ის სერვისით შეიძლება დაინტერესდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ბინას თბილისის ტურისტულ ნაწილში, სურთ მისი გაქირავება და არ აქვთ ამისთვის საკმარისი დრო ან აქამდე არ უფიქრიათ იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს მათ ბინას და სურთ სცადონ მაღალი შემოსავლის მიღება ბინის გაქირავებით. ყოველთვიურად შესაძლებელია, დაახლოებით, 1500-3000$ შემოსავლის მიღება, ბინის ზომის და მდგომარეობის შესაბამისად.

M: რა სირთულეებს შეიძლება უკავშირდებოდეს Airbnb-ის მენეჯმენტი ცალკეული, უძრავი ქონების მფლობელისთვის, ანუ, რას უმარტივებს მათ თქვენი კომპანია/სერვისი?
მოკლევადიანი გაქირავება საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სამსახურის, ან სხვა საქმის პარალელურად, სტუმრების მიღება და მათთვის სასურველი სერვისის შეთავაზება არც ისე მარტივია და შეიძლება, ბევრ ადამიანს არც კი უღირდეს. საქმე არ ეხება მხოლოდ სტუმრების მიღებას და გაცილებას, ან მათთან კომუნიკაციას, უამრავი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, რისი დროც, ხშირად, არ აქვთ ბინის მეპატრონეებს. გარდა ამისა, ყოველი დეტალი ბინის ფოტოგადაღებიდან მის გაქირავებამდე და ხშირ შემთხვევაში, სტუმრების გაცილების შემდგომაც, საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს და მცირე შეცდომამაც შეიძლება დაგაკარგვინოთ პოტენციური სტუმარი, ან მცირედმა უყურადღებობამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შეფასება. ჩვენი პროფესიონალების გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ბინის გადმობარებიდან თითოეული სტუმრის გაცილებამდე და მას შემდგომაც, იდეალური სერვისი შევთავაზოთ დამსვენებლებს და გავზარდოთ ბინის რეიტინგი.

M: ხშირად იქმნება გაქირავების ოპტიმალური ფასის პრობლემა, მით უფრო, როცა გამქირავებელი გამოუცდელია. როგორ ჭრის ამ პრობლემას Wehost? 
ვიყენებთ სპეციალურ ალგორითმს, რომელიც გვეხმარება იმ პერიოდში არსებული მოთხოვნა-მიწოდების, სეზონის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დავადგინოთ საუკეთესო ფასი, რომელიც მოიტანს მაღალ შემოსავალს და, ამავდროულად, არ დაგვრჩება გაუქირავებელი დღეები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ბინები, რომლებიც ადრეც ქირავდებოდა სხვადასხვა ტურისტულ საიტზე, მას შემდეგ რაც გადმოვიბარეთ, საშუალოდ, 30%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მანამდე და მეპატრონეებს არ უწევთ ამ ყველაფერზე ზრუნვა.

M: როგორია Wehost-ის განვითარების დინამიკა დაფუძნებიდან დღემდე?
რეალურად, პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ მაშინ, როდესაც ავიღეთ სტარტაპ საქართველოს დაფინანსება. ეს ხდებოდა სექტემბერში, როცა ტურისტების რაოდენობა იკლებს და არასეზონური პერიოდი იწყება. ამიტომ, თავიდან ვცდილობდით, დიდი სიფრთხილით მოვკიდებოდით ახალი ბინების დამატებას და გვქონდა სულ 8 ბინა, რომლებზეც მივიღეთ გამოცდილება და საწყისი ცოდნა, ხოლო მარტიდან, ახალი სეზონის მოლოდინში დავიწყეთ ახალი ეტაპი და მას შემდეგ, ყოველთვიურად ვიზრდებით. ამ ეტაპზე, Wehost-ში დასაქმებულია 30-მდე ადამიანი და წარმატებით ვმართავთ 50 ბინას. 

M: რა სირთულეები გადალახეთ Wehost-ის სრულფასოვანი ფუნქციონირების მისაღწევად და რა გამოწვევები გაქვთ წინ
სტარტაპი ყოველთვის ასოცირდება უამრავ სირთულესთან და დაბრკოლებასთან. საქმის ნულიდან დაწყება და შემდეგ მის მოქმედ ბიზნესად გადაქცევა არაერთი სირთულის გადალახვას მოითხოვს. ჩვენს შემთხვევაშიც იყო ბევრი მომენტი, როდესაც ყველა პრობლემა ერთად იჩენდა თავს და რთული იყო იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. თუმცა, ამ ეტაპზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი პროექტი შედგა და ახლანდელ შედეგებზე გაჩერებას არ ვგეგმავთ. ვაპირებთ, რომ წლის ბოლომდე ავიდეთ 150 ბინამდე თბილისის მასშტაბით, გავაფართოვოთ ჩვენი მომსახურების არეალის რეგიონების მასშტაბითაც და შევქმნათ მაღალხარისხიანი Hospitality სერვისი საქართველოში.

განხილვა