კარგი იდეები ზოგჯერ ჯაჭვური რეაქციის პრინციპით მუშაობს – ერთ კარგ და სარფიან იდეას მეორე მოსდევს, მეორემ კი შეიძლება მესამეც გამოიწვიოს და ა.შ. ალბათ ამიტომაა, რომ მსოფლიოში არსებული წარმატებული ბრენდების დიდი ნაწილი რამდენიმე მიმართულებას ფლობს და ყველა მათგანში თავისებურად ძლიერია. საჭიროებები ახალ საჭიროებებს ბადებს და ასე იქმნება ჯაჭვი, რომელიც თან ურთიერთკავშირშია, თან დამოუკიდებელ საქმეს ემსახურება.
სწორედ ასეთ შემთხვევაზე უნდა გესაუბროთ დღეს, როდესაც რამდენიმე წლის წინ ერთი კომპანიის დაარსებამ და მის მიერ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებამ, ახალი იდეები გააჩინა და დღეს სამი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ერთიანდება. საუბარია Wehost-ის გუნდზე. ის 2017 წელს დაფუძნდა საქართველოში და უძრავი ქონების მეპატრონეებს ბინის ტურისტებზე გაქირავებაში ეხმარებოდა. პლატფორმამ მალე მოიპოვა ცნობადობა და არაერთი მომხმარებელი გამოუჩნდა.
დღეს Wehost უკვე შემდგარი ბრენდია, რომელიც არაერთ სერვისს სთავაზობს თავის მომხმარებელს. ბინის გაქირავებაში დახმარების გარდა, ის უზრუნველყოფს ფოტოგადაღებას, აპარტამენტის ტურისტულ პლატფორმებზე განთავსებას, პროფესიონალური დალაგების სერვისს და ბევრ სხვა ისეთ მომსახურებას, რომელიც ბინის მეპატრონეს უზოგავს დროს, დამქირავებელს კი მაქსიმალურად კმაყოფილს ტოვებს.
სექტორის კარგად შესწავლის შემდეგ, დაახლოებით 1 წლის წინ, Wehost-ის გუნდმა ახალი პროექტი Mediana consulting, ხოლო რამდენიმე თვის წინ Wepick ჩაუშვა. აქედან პირველი – წლების განმავლობაში დაგროვილ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მომხმარებელს კონსულტაციას უწევს უძრავ ქონებაში ინვესტირების მიმართულებით, ხოლო Wepick უნიკალური პლატფორმაა, რომელიც საქართველოში არსებულ საუკეთესო თავგადასავლებთან გაკავშირებთ. მაგალითად, თუ გსურთ არაორდინალური ტურის დაგეგმვა, ცხენებით გასეირნება ან საინტერესო ვორქშოპზე დასწრება, Wepick-ზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის გამოცდილებას იპოვით.
როგორია ერთდროულად სამ კომპანიაზე მუშაობა და რას ემსახურება თითოეული ეს პროექტი, დეტალურად ნიკა ანჯაფარიძე, Wehost- ის თანადამფუძნებელი მოგვიყვება:
M: ორიოდე სიტყვით ვთქვათ, რას საქმიანობს Wehost, როდის დაარსდა და რას ემსახურება?
Wehost 2017 წელს შეიქმნა. ის პირველი Airbnb მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში და მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თუ ვინმეს აქვს ბინა ტურისტულად მიმზიდველ ადგილას და უნდა, რომ გააქირაოს, მაგრამ არ აქვს ამისთვის ფიზიკური რესურსი ან უბრალოდ დრო, ჩვენ ვეხმარებით მას და ვაქირავებთ ამ ქონებას, დამატებითი სერვისების შეთავაზებით.
ამ ეტაპზე 350 ბინას ვმართავთ და მოვიცავთ შემდეგ ტერიტორიებს: თბილისი, ბათუმი, გუდაური და ბაკურიანი.
M: გადავიდეთ შემდეგ პროექტზე, Mediana-ზე, როგორ გაჩნდა ის და რას საქმიანობთ უშუალოდ მის ფარგლებში?
Wehost-ის გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, ახალი პროექტებიც წამოგვეწყო. დასაწყისშივე ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ შეგვეძლო მიღებული ცოდნისა და მონაცემების სწორი მიმართულებით გამოყენება, საბოლოოდ კი შევქმენით კომპანია, რომლის საშუალებითაც ინვესტორებს უძრავ ქონებაში მომგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარებოდით.
M: კონკრეტულად რა გამოცდილებას ეყრდნობა Mediana და რა შედეგი მოაქვს მას ინვესტორისთვის?
„მედიანა ქონსალთინგი” Wehost-ის ბოლო 6 წლის განმავლობაში დაგროვებულ რეალურ მონაცემებსა და გამოცდილებას ეყრდნობა. ამ ხნის განმავლობაში 80 000-ზე მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ და ვმართავდით 600-მდე ბინას თბილისის, ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის ცენტრალურ ადგილებში. შესაბამისად, მოვაგროვეთ დეტალური მონაცემები თითოეული ბინისა და ჯავშნის შესახებ, რომლის ანალიზსაც ვახდენთ. ბინის მოძიებიდან და მოლაპარაკებებიდან დაწყებული, პროექტის დაგეგმვამდე, რემონტამდე, დიზაინამდე და მენეჯმენტამდე – ჩვენი გამოცდილი გუნდი ამუშავებს მთელ პროცესს, სანამ ინვესტორს არ ექნება სრულყოფილი გასაქირავებელი ქონება, რომელიც შემოსავლის სტაბილურ ნაკადს გამოიმუშავებს.
M: ეს პროცესიც რომ ჩავშალოთ: რა ინფორმაციაზე საუბარი, რომელსაც ინვესტორს აწვდით?
ამას შეიძლება ბინის გზამკვლევიც ვუწოდოთ. რეპორტი მოიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა: ადგილმდებარეობისა და საკუთრების აქტივების შეფასება, ფინანსური ანალიზი, საშემოსავლო მოლოდინების განსაზღვრა, და ა.შ. ჩვენ ასევე ვაწვდით ინფორმაციას მოსალოდნელ დღიურ ტარიფებზე, თვიურ დანახარჯებსა და დატვირთულობის მაჩვენებლებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, ინვესტორებს ხელმისაწვდომი ვარიანტები მივაწოდოთ, რათა მათ შეძლონ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და დარწმუნებულნი იყვნენ იმ ინვესტიციის სისწორეში, რომელსაც ახორციელებენ.
M: პროექტი 1 წელია წამოიწყეთ, როგორ შეაფასებდით ამ განვლილ წელს?
ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული წელი იყო, რადგან 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე მოვიზიდეთ. ყოველთვიურად გვყავს დაახლოებით 3000 ვიზიტორი, ამიტომ გვინდოდა, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტი შეგვექმნა და შევქმენით ახალი პლატფორმა, Wepick, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მიღებას სთავაზობს მომხმარებელს. ასევე, მისი მეშვეობით კომპანიას თუ ფიზიკურ პირს შეუძლია განათავსოს თავისი ტური ან სხვა საინტერესო მომსახურება.
M: Wepick-ის სამიზნე აუდიტორია ვინ არის და როგორ ხვდება ესა თუ ის განცხადება თქვენს პლატფორმაზე?
ჩვენი სამიზნე აუდიტორია, Wepick-ის შემთხვევაში, არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც არიან, რომლებსაც ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, ერთი მხრივ, სერვისის გაყიდვა შეუძლიათ, მეორე მხარეს კი, ანუ მომხმარებელს, შეუძლია თავისი გატაცებები რეალობად აქციოს ან ახალი ჰობი აღმოაჩინოს.
სერვისის მომწოდებელს შეუძლია გამოიყენოს პლატფორმა სერვისის განსათავსებლად, მაგრამ ეს ხდება ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებით და არა ავტომატურად, საიტზე დადებით. Wepick-ის გუნდი უნდა დარწმუნდეს, რომ შეთავაზება რეალურია, რომ ის უსაფრთხოა, აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს და შემდეგ უზრუნველყოფს მის განთავსებას თავის არხზე დეტალური ინფორმაციის დართვით.
M: Wepick-ზე უნიკალური გამოცდილების შექმნაც შეიძლება. აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს და როგორ ახერხებთ ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილებას?
ჩვენ არ გვინდა, რომ Wepick იყოს ისეთი პლატფორმა, სადაც სტანდარტულ აქტივობებსა და ტურებს მოძებნით, რომლის ნახვა სხვაგანაც შეიძლება. ჩვენ ჩვენი ნიშის დამკვიდრება გვინდა და სახელწოდებაც ამაზე მიუთითებს – ჩვენ ვარჩევთ.
უნიკალური თავგადასავალი – ყველაზე დიდი გამოწვევაა და ვცდილობთ, რომ მართლა ყველა სურვილი შევასრულოთ, რაც ადამიანს უნდა. გვქონდა, მაგალითად, გამოცდილება, როცა ერთ-ერთ გერმანულ ჯგუფს კლიპი გადავაღებინეთ ცხენთან ერთად ბინაში. ასეთი მოთხოვნის მიღებისას დროს ვიტოვებთ უბრალოდ, რომ კარგად შევისწავლოთ მოთხოვნა და შემდეგ დავიწყოთ მასზე მუშაობა. გვყავს გამოცდილი კადრები, რომლებიც დიდი ხანია ტურიზმის სფეროში არიან და ჰყავთ კონტაქტები, ისინი გვეხმარებიან, რომ ნებისმიერი აქტივობის დაგეგმვა შესაძლებელი გახდეს. რა თქმა უნდა, სურვილსაც გააჩნია, თუმცა რაც ძალიან არარეალურს არ ჰგავს, მართლა ყველაფრის შესრულებას ვცდილობთ ისევ და ისევ ჩვენი გამოცდილებისა და კონტაქტების მეშვეობით.
M: მომავლის გეგმებზეც ვისაუბროთ…
Wehost-ით დავიწყეთ საუბარი და მისითვე დავასრულებ – როგორც გითხარით, 350 ბინას ვმართავთ, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა გვინდა, რომ წელს 500 ბინაზე ავიდეთ და ეს არის ჩვენი მიზანი. რაც შეეხება Mediana-ს, ორ ახალ ქვეყანასთან ვიწყებთ პარტნიორობას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებას გულისხმობს. ამასთან, ამ პროექტის ფარგლებში, ისეთი პროდუქტი გვინდა მომხმარებელს შევთავაზოთ, რომელსაც თავად შევქმნით და აღარ დაგვჭირდება შუამავალი კომპანიები.
Wepick-ზე იმას გეტყვით, რომ უფრო რომანტიკული მიზნები აქვს. ეს პროექტი გამორჩეულად გვიყვარს მთელ გუნდს და მართლა გულით გვსურს, რომ უფრო მეტ ადამიანს შევაყვაროთ საქართველო და მეტმა აღმოაჩინოს თავისი ინტერესები, ჰობი. ამ პლატფორმაზე საგულდაგულოდ ვარჩევთ შეთავაზებებს, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს და რაც შეიძლება მეტი ინტერესი და მეტი კატეგორია მოიცვას. ეს უნდა გახდეს პლატფორმა, რომელზეც შეიძლება ისეთი აქტივობა იპოვო, რომელიც საერთოდ არც იცოდი, თუ არსებობდა. ასეთი გეგმები გვაქვს.
[R]