20
May
2019

როგორ გავყიდოთ საკუთარი ჰობი, ტურის სახით? – ქართული პლატფორმა WeHostXP

20 May 2019

როგორ მივიღოთ შემოსავალი იქიდან, რასაც ისედაც ვაკეთებდით უფასოდ? ქართულმა ციფრულმა პლატფორმამ WeHost, Lemondo-სთან ერთად, ტურისტებისა და მასპინძლებისთვის დამატებითი სერვისი შექმნა, სახელწოდებით WeHostXP. ესაა შუამავალი სერვისი, რომელიც განსხვავებული გამოცდილების მაძიებლებსა და მასპინძლებს ერთმანეთთან აკავშირებს. სერვისი ონლაინ პლატფორმა Airbnb-ის მოდელზე შეიქმნა. პროექტის ავტორების თქმით, სტანდარტული ტურების გარდა, მასპინძლები განსხვავებული ჰობისა და ინტერესების სერვისაც გარდაქმნასაც შეძლებენ, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. დეტალებზე WeHostXP-ის თანადამფუძნებელს, ნიკა ანჯაფარიძეს, ვესაუბრეთ.

ნიკა ანჯაფარიძე WeHostXP-ის თანადამფუძნებელი: “თავდაპირველად, ჩვენ თავად გვსურდა შეგვექმნა ისეთი ფორმატის ტურები, როგორიც ტურისტულ კომპანიებს არ აქვთ. ასე მივედით იდეამდე, რომ ამის შესაძლებლობა ყველასთვის მიგვეცა. WeHost არის შუამავალი პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას თავისი ტური. პლატფორმა Airbnb-ს მოდელზეა შექმნილი.  ესაა “experience” კატეგორიის ტური, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, მასპინძელს შეუძლია ჰობიც გარდაქმნას შემოსავლის წყაროდ, მეორე მხრივ კი, მას, ვისაც განსხვავებული გამოცდილების მიღება სურს, ამ სერვისის ყიდვა შეუძლია. ესაა ისეთი ტიპის ტურები, როგორსაც ტურისტული კომპანიები, როგორც წესი, არ სთავაზობენ. თან მიმართულებები, ფასი და კალენდარი არ არის შეზღუდული.რეგისტრაცია და სერვისის დამატება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

M: რა არის ამ პლატფორმის მთავარი უპირატესობა?

ამ პროექტის მთავარი მომხიბვლელობა ისაა, რომ ეს სერვისები ჩვენი პლატფორმა WeHost-ის საშუალებით მიეწოდება მომხმარებლებს. WeHost-ის საშუალებით, ბინებს ვაქირავებთ Airbnb-ზე. რა თქმა უნდა, სხვაგანაც შეუძლიათ განათავსონ სერვისი, მაგრამ WeHostXP-ზე თუ განათავსებენ, ჩვენს მომხმარებლებთანაც ექნებათ წვდომა. ჩვენი პლატფორმით კი თვეში, დაახლოებით, 2500 ტურისტი სარგებლობს. როდესაც ტურისტები ჩვენ მიერ გაქირავებულ ბინებში ჩამოდიან, ჩვენ მათ რეკომენდაციების სახით ვუგზავნით სერვისებს და რასაკვირველია, ამ ვებგვერდსაც.

M: რამდენად სანდოა ასეთ ფორმატში დამატებული ტურები?

განცხადებები ავტომატურად არ ემატება. ყველას სათითაოდ ვამოწმებთ. ვამოწმებთ ავტორებს, პირადი ინფორმაცია გვაქვს გიდებზე. შემდეგ უკვე, უკუკავშირითა და რევიუებით ფასდება თითოეულის რეიტინგი. გვაქვს სანქციებიც, რაც ხარისხის დაცვაში გვეხმარება. თანაც, ტურის საფასური ჯერ ჩვენთან ირიცხება და მხოლოდ სერვისის მიწოდების შემდეგ ვრიცხავთ გიდთან.

M: ეს სერვისები მხოლოდ უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი?

გვინდა, ყველას შეეძლოს თავისი ინტერესი ან ჰობი აქციოს ტურად და შემოსავლად. ძირითადი სეგმენტი, ცხადია, უცხოელები არიან. თუმცა, სერვისის შეძენა ადგილობრივებისთვისაც ძალიან საინტერესოა. მაგალითად, თუ ეძებ, რა შეიძლება გააკეთო შაბათ დღეს ან, დავუშვათ, გაინტერესებს თევზაობა, მაგრამ სამეგობროში არავინ არის გატაცებული ამ საქმით, იყიდი შესაბამის ტურს, სადაც მეთევზეები თავიანთ სერვისს შემოგთავაზებენ, გაიცნობ ახალ ადამიანებს, ისწავლი მათგან…

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა