უკვე დიდი ხანია, დიდი ბრენდები მხოლოდ პროდუქციის პიარს სცდებიან და თავიანთ კამპანიებში უფრო მნიშვნელოვან თემებს ეხებიან. ასეა Head & Shoulders-ის ახალ რეკლამაშიც, რომელიც ბულინგის პრობლემაზეა აგებული — 3-დან ერთი მოზარდი მისი მსხვერპლია, ხოლო ქერტლის მქონე პირები მეტად განიცდიან თანატოლების დაცინვას.
The Diana Award Anti-Bullying Pro-სთან თანამშრომლობით შემუშავებული სარეკლამო კამპანია კი მოზარდებს შთააგონებს, რომ ბულინგის ყველა ფორმას უნდა დაუპირისპირდნენ. უშუალოდ ვიდეორგოლზე კრეატიულმა სააგენტო Valtech Radon-მა იმუშავა, რომელიც გაზრდილ დაუცველობას ჰფენს ნათელს… და ვინაიდან ბრენდის მთავარი პოზიციონირება ქერტლის გაქრობას უკავშირდება, რეკლამაშიც ეს ასპექტია გამოკვეთილი.
„სამწუხაროდ, რთული კავშირი არსებობს ქერტლსა და ბულინგს შორის, რომელიც სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი შრომით, მიზნად ვისახავთ დაცინვის წინააღმდეგ ბრძოლას — გვსურს, მოზარდების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ სოციალური და ემოციური გამოწვევების შემცირებით, რაც მშრალ სკალპთან და ქერტლთან ასოცირდება“, — ამბობს დიეგო ალირანგეს მარტინი, Head & Shoulders-ის ბრენდ მენეჯერი.
აქვე დასძენენ, რომ ამ ბუნებრივი პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება, მაგრამ ემოციური ზეწოლა მნიშვნელოვნად მოქმედებს ზოგად ემოციურ მდგომარეობაზე. ვიდეორგოლში ეს ზეწოლა მძიმე ზურგჩანთის სიმბოლიკითაა წარმოდგენილი. ერთი მხრივ, ბრენდი ირიბად თავის შამპუნსაც აპიარებს, მაგრამ თან იმასაც უსვამს ხაზს, რომ ქერტლის ქონა ბულინგის მიზეზი არ უნდა იყოს.