31
May
2017

საბროკერო კომპანია Weiss-მა სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

31 May 2017

ქართული სტარტაპების ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორი ბუღალტრული აღრიცხვაა. მას შემდეგ, რაც, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოს საგადასახადო სისტემა ესტონურ მოდელზე გადავიდა, მოთხოვნა პროფესიონალურ ფინანსურ მომსახურებაზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართულმა კომპანია Weiss-მა, რომელიც სადაზღვევო ბროკერული საქმიანობით არის დაკავებული, სტარტაპების მხარდამჭერი პროექტი დაიწყო, რაც, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებასთან ერთად, ბიზნესის დაზღვევასაც ითვალისწინებს. დეტალებზე კომპანიის გენერალურ დირექტორს ლაშა ბაკურაძეს ვესაუბრეთ.

M: რას მოიცავს ახალი პროექტი და როგორია პირობები?

ახალი პროექტი გულისხმობს სტარტაპების და არა მარტო სტარტაპების მხარდაჭერას ფინანსური მიმართულების ნაწილში. როგორც იცით, საქართელო 2017 წლიდან გადავიდა საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად, ორგანიზაცია ვალდებულია დეკლარაცია გადააბაროს ყოველთვიურად, აქამდე ეს წელიწადში ერთხელ ხდებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანაში გაჩნდა მოთხოვნა პროფესიონალ ბუღალტრებსა და აუდიტორებზე. დი ემ ალიანსთან ერთად, რომელსაც საგადასახადო ექსპერტი მზია ხუციანიძე ხელმძღვანელობს, დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა ამ პროექტზე. შეთავაზების თანახმად, შეგიძლია გადმოიტანო ბუღალტრული მომსახურება (ზუსტად იმავე ფასად, რა ფასსაც აქამდე იხდიდი) ვაისში და საჩუქრად მიიღო ჯიპიაი ჰოლდინგის ბიზნესის დაზღვევა. აქამდე, შტატში მყოფი ბუღალტრის შეცდომაზე კონკრეტული შპს იყო პასუხისმგებელი და შესაბამის ჯარიმასაც შპს იხდიდა, ხოლო ამ შემთხვევაში, მთელ პასუხისმგებლობას ვაისი იღებს საკუთარ თავზე.

M: მაქსიმუმ რამდენ სტარტაპს შეუძლია თქვენს პროექტში ჩართვა, როდის და რა სახით?

პროექტი გაეშვა 1 მაისიდან და უკვე 18 კომპანია ჩაერთო. ნებისმიერ მსურველს შუძლია დარეკოს ვაისში, ჩვენი აგენტები უზრუნველყოფენ ადგილზე მისვლას, მათთვის პროდუქტის ადგილზე შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ თანამშრომლობისათვის ნებისმიერ სტარტაპ და არა მხოლოდ სტარტაპ ორგანიზაციასთან.

M: რა ხარჯებთან არის დაკავშირებული პროექტში ჩართულობა. სხვადასხვა პაკეტებია, თუ როგორ ხდება?

ღირებულება განპირობებულია იმით, თუ რა საქმიანობას ეწევა ბიზნესი და რა საშუალო ბრუნვა შეიძლება ჰქონდეს მომავალში, ფასი ნებისმიერ შემთხვევავაში იგივე, ან იმაზე ნაკლებია, რაც მას უნდა გადაეხადა შტატიან ბუღალტერში, ამასთან, ბიზნესს ვაზღვევთ რისკებისგან უფასოდ, რაც მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახლა იქმნებიან და ბუღალტერიასთან ჯერ შეხება არ ჰქონიათ.

M: თქვენი კომპანია სადაზღვევო ბროკერული მიმართულებით მუშაობს, ხომ არ სცდებით ამ პროექტით საქმიანობის ძირითად გეზს?

სადაზღვევო საბროკერო მიმართულების გარდა, ჩვენს მომსახურებაში შედის მარკეტინგული მომსახურება, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ ბევრ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიასთან და როგორც ზევით მოგახსენეთ, ფინანსური მიმართულებითაც დავიწყეთ აქტივობა. ვაისი უნდა იყოს ჰოლდინგი რომელშიც იქნება ბევრი სხვადასხვა მიმართულება გაერთიანებული. დიახ ვცდებით დაზღვევის მიმართულებას თუმცა დაზღვევა რჩება პრიორიტეტად რადგან ჩვენს გუნდში არსებული ადამიანების 80%-ს სადაზღვევო მიმართულებით აქვთ უდიდესი გამოცდილება.

განხილვა

1 Response