18
Oct
2017

საპრეზენტაციო სპექტაკლი, რომელიც უცხოელებს საქართველოს გააცნობს – Welcome To Georgia – The Musical

18 Oct 2017

2018 წლის იანვარში საქართველოს საპრეზენტაციო სპექტაკლის Welcome To Georgia – The Musical-ის დახურული პრემიერა გაიმართება. ეს არის წარმოდგენა ისტორიაზე, ტრადიციებზე, ადათ-წესებზე, ღვინისა და სუფრის კულტურაზე. პროექტის თანაავტორისა და მენეჯერის ნათია ამირიძის თქმით, ორგანიზატორების მიზანია, ტურისტებმა და ვიზიტორებმა ნახონ ის, რაც საქართველოს, მსოფლიოს მასშტაბით, უნიკალურს ხდის. ამბობს, რომ ამ ტიპის წარმოდგენები, კონკრეტულ ქვეყნებს, თავის წილ პოპულარიზაციას ნამდვილად უწევს.

 

ნათია ამირიძე:  Welcome To Georgia – The Musical არის მუსიკალური სპექტაკლი, რომელიც უმეტესად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატშია ანუ არის სიმღერები და ცეკვები. უცხოელ სტუმრებს მოუთხრობს საქართველოსა და ქართველების შესახებ. 3 დახურული პრემიერა დაგეგმილია 2018 წლის იანვარში. წარმოდგენები, მომავალი წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზე გაიმართება, მეორე სეზონი კი სექტემბრიდან გაიხსნება.

M: როგორ გაჩნდა ასეთი სპექტაკლის შექმნის იდეა?

ხშირად ვაწყდებოდი პრობლემას, სად წამეყვანა უცხოელი სტუმრები, რომ ენახათ ქართული ცეკვა და სიმღერა ცოცხალი შესრულებით, რაზეც ამდენი სმენოდათ. პასუხი სულ იყო – პატარა თუ დიდი მასშტაბის რესტორანი, რადგან სტუმრების ვიზიტები, თითქმის, არასდროს ემთხვეოდა სუხიშვილების, ერისიონის, ქართული ხმების და სხვა ცნობილი ქართული ანსამბლების კონცერტებს. რესტორნის სცენა მე პირადად არ მიზიდავს, ამიტომ დამყავდა სხვადასხვა ანსამბლების რეპეტიციებზე. ასე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა შეკრული წარმოდგენა, სადაც ქართული ცეკვით და სიმღერით გავაცნობდით საქართველოს უცხოელ სტუმრებს. შემდეგ იდეა დაიხვეწა და წარმოდგენაში დაემატა ყველა ის კულტურული თუ ემოციური ჰაილაითი, რითიც ასე ვამაყობთ: ღვინისა და სუფრის კულტურა, იუმორი, ტრადიციები, საინტერესო ფაქტები და ასე შემდეგ. ამისათვის მადლობა სცენარისტებს ირაკლი კაკაბაძეს, რატი წეროძეს და დამდგმელ რეჟისორს არჩილ სოლოღაშვილს.

M: რაზეა სპექტაკლი?

ტრადიციებზე, ადათ-წესებზე, ღვინისა და სუფრის კულტურაზე, ისტორიაზე. სპექტაკლში არის პოლიფონია, ქართული ცეკვები, ნაციონალური სამოსი. შევეცადეთ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო და ქართველებისათვის საამაყო ფაქტი ჩაგვექსოვა – სიმღერების ტექსტებში, დიალოგებში თუ ვიზუალურ პროექციებში. მოქმედება ხდება კახეთში. წარმოდგენის მთავარი ხაზი კი ქართველი ბიჭისა და ფრანგი გოგოს სიყვარულის ისტორიაა.

M: რაც შეეხება შემოქმედებით ჯგუფს . . .

პროექტის ავტორები და მენეჯერები ვართ ვართ მე და მიხეილ მაისურაძე, სცენარისტები – ირაკლი კაკაბაძე, რატი წეროძე და მე. დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი. კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – რუსუდან მორჩილაძე. სიმღერების ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე. კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე. რეჟისორის ასისტენტი – გურანდა იაშვილი. სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი. სპექტაკლში  ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის 18 მსახიობი თამაშობს.

M: ვისთვის არის Welcome To Georgia – The Musical?

ეს პროექტი განკუთვნილია უცხოელებისთვის. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის, ასევე, ექსპატებისთვის და ყველა ქართველისთვის, ვისაც ხშირად უწევს უცხოელი სტუმრების მასპინძლობა საქართველოში. ასევე, უცხოენოვანი სტუდენტებისთვის. გვინდა, სპექტაკლი მათთვის must see იყოს.

M: რა არის ამ სპექტაკლის მიზანი?

ეს უნდა იყოს საქართველოს საპრეზენტაციო წარმოდგენა. გვინდა, უცხოელებმა გაიგონ ჩვენი ქვეყნის შესახებ უფრო მეტი. გვსურს, გაეცნონ ქართული ცეკვასა და სიმღერას. ყველაფერ იმას, რაც  ასე ღირებულია და ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს მასშტაბით, უნიკალურს ხდის.

M: რა მოლოდინი გაქვთ ამ წარმოდგენასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ეს პროექტი?

მოლოდინი არის ის, რომ როგორც უცხოელს, ისე ქართველ მაყურებელს მოეწონება წარმოდგენა, შეიყვარებს და რეკომენდაციას გაუწევს მას თავის სანაცნობო წრეში. იმედი გვაქვს, რომ Welcome To Georgia – The Musical ძალიან მალე გახდება ტურისტული კომპანიებისა და ინდივიდუალური ტურისტების პროგრამის განუყოფელი ნაწილი. მიუზიკლის ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წარმოდგენას მაყურებელი არ მოაკლდება, შესაბამისად იქნება ფინანსურად გამართლებული და ბევრ სეზონს გასტანს. თუ ასე მოხდა, რამდენიმე სეზონის მერე აუცილებლად დავამატებთ მეორე წარმოდგენას ახალი სცენარით. ასევე დიდი სურვილი გვაქვს, რომ სპექტაკლმა წარადგინოს საქართველო სხვა ქვეყნებშიც.

M: თუ არსებობს ანალოგიური პროექტები უცხოეთში და რამდენად უწყობს ხელს  იმ ქვეყნის პოპულარიზაციას? 

მსგავსი ტიპის შოუები არსებობს. მაგალითად, პორტუგალიაში არის ფადოს წარმოდგენები, სორენტოში ნეაპოლიტანური კულტურისადმი მიძღვნილი მუსიკალური სპექტაკლები. დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის წარმოდგენები თავის წილ პოპულარიზაციას უწევენ კონკრეტულ ქვეყნებს.

განხილვა