13
Apr
2019

შენობის დისტანციური მონიტორინგი, მართვა და კონტროლი – Wely.me-ს გონიერი მრიცხველი

13 Apr 2019

Startauperi
Startauperi


ველი“ გონიერი მრიცხველია – ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების ერთიანი სისტემა, რომლითაც შენობის დისტანციური მონიტორინგი, მართვა და კონტროლია შესაძლებელი. Wely.me-ს მინიმოწყობილობით, მის ავტორებს სურთ, რომ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე, შენობის მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით, ახალი სიტყვა თქვან. ანუ ე.წ. HVAC, გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, კონდიცირება, ლიფტებისა და ესკალატორების მართვა, დაშვების სისტემები სხვადასხვა ზონაში, სიგნალიზაციის მართვა და ზოგადად, უსაფრთხოება – ეს პროცესები, მაქსიმალურად, მარტივად მოაგვაროს მომხმარებელმა. დეტალებზე ჩვენს შეკითხვებს Wely.me-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა კვარაცხელიამ უპასუხა:

M: შოთა, გვითხარით, რა მისიით შეიქმნა Wely.me? რა პრობლემა უნდა გადაჭრას თქვენმა პროდუქტმა ბაზარზე?
კომერციულ შენობებში საკმაოდ დიდია კომუნალური ხარჯი და ასევე, საკმაოდ ბევრი სხვადასხვა კლიმატური აგრეგატი დგას; საჭიროა შენობის დაშვებისა და უსაფრთხოების სისტემებით უზრუნველყოფა – ამ ყველაფერს კომპლექსური მართვა სჭირდება, შესაბამისად, ადამიანისთვის შრომატევადია. ჩვენ ყველა ამ პროცესის ავტომატიზაციას უზრუნველვყოფთ, ასევე, ვამარტივებთ ამ პროცესს, მისი ერთი ინტერფეისიდან მართვის საშუალებით.

M: მოგვიყევით იდეის ევოლუციის ეტაპებზე… როგორ მიხვედით „ველის“ საბოლოო პროდუქტამდე?
თავიდან იდეა გვქონდა, ელექტროენერგიის ჭკვიანი მრიცხველი შეგვექმნა, რომელიც ვთქვათ, კერძო სახლში, ზონების – ოთახების მიხედვით გაზომავდა ხარჯებს, მაგალითად: რამდენი მოიხმარა ცალკე სამზარეულომ და ეს მონაცემები, ანალიტიკის სახით, ჩვენს ვებსაიტზე აისახებოდა.

და დღეს, ჩვენი მოწყობილობის ერთ-ერთი ფუნქციონალით, ენერგო მოხმარების მონიტორინგი, ავტომატიზაცია და ჭკვიანი სენსორები საშუალებას მოგცემთ, შეამციროთ კომუნალური ხარჯები.

მალევე, იდეამ ევოლუცია განიცადა და ჭკვიანი სენსორების ნაწილი დავამატეთ, რამაც ჩვენი მოწყობილობა უფრო კომპლექსური გახადა.

არსებული მოწყობილობების სპექტრი მოიცავს ისეთი მონაცემების მოპოვებას, როგორიცაა: ჰაერში მტვრის ნაწილაკების პროცენტულობა, განათებულობის დონე, ბუნებრივი გაზის გაჟონვის დაფიქსირება, ტემპერატურა, ტენიანობა და მრავალი სხვა.

M: რა ტიპის შეთავაზებები გაქვთ ბიზნესებისთვის?
რამდენიმე ტიპის პროდუქცია გვაქვს. პირველი და მთავარი, ეს არის ჰაბი – ყველაფრის მმართველი. დიდი შენობების პირველ სართულზე ვაყენებთ და ის ყველა დანარჩენ სენსორსა და მართვის ელემენტებს უკავშირდება. დანარჩენი მოწყობილობები ჭკვიანი მრიცხველებია, რომლებიც ელექტროენერგიის, გაზის, წყლის… ინფორმაციას ჰაბში აგზავნიან, ჩვენს ქლაუდსერვერზე. ქლაუდსერვერიდან კი, მომხმარებლებს, თავიანთი ანგარიშების საშუალებით, სტატისტიკასა და მართვის პანელზე აქვთ წვდომა.

M: ჰაბის ინსტალაციას რა დრო სჭირდება და ამ მხრივ, რა არის თქვენი უპირატესობა?
ჩვენი უცხოელი კონკურენტების შემთხვევაში, არის სერვერული ინფრასტრუქტურა, რომლის ინსტალაციასა და პროგრამების გაშვებას პროფესიული იმპლემენტატორები სჭირდება. ეს ხალხი სპეციალურად გერმანიიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან ჩამოჰყავთ, რომ ასეთი სერვისები განახორციელონ. შემდეგ კი, უკვე ყოველ განახლებებზე (UPDATE) დისტანციურად უწევთ სისტემაში შემოსვლა და რაღაცების შეცვლა.

რაც შეგვეხება ჩვენ, „ველის“ ჰაბი მარტივად მონტაჟდება. ყველაფერი ვებინტერფეისით იმართება: გამართვა, იგივე Setuping ბრაუზერიდან – მომხმარებლის ანგარიშიდან შეიძლება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა ყველა დონის მომხმარებლისთვის მარტივია:
1. დაარეგისტრირეთ ანგარიში www.wely.me -ზე;
2. შეიყვანეთ ჰაბის უნიკალური ID wely.me ანგარიშზე;
3. ჩართეთ ჰაბი დენის წყაროში;
4. დააკავშირეთ სენსორები.

M: რა გამოწვევების წინაშე დგახართ და როგორ წარმოგიდგენიათ Wely.me-ს მომავალი?
დღევანდელი მოცემულობით, მთავარი გამოწვევა ტექნიკური კუთხით გვაქვს. საკმაოდ შრომატევადია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც მარტივი და უსაფრთხო, ასევე, ნებისმიერი ბიზნესისთვის სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო გადაწყვეტა იქნება.

ჩვენი მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ძირითადად, საჭირო ინფორმაცია ქლაუდზეა გატანილი, რამაც თავის მხრივ, საშუალება მოგვცა, რომ შეგვემცირებინა ამ სისტემის იმპლემენტაციის ღირებულება, სირთულე და დროც.

ამჟამად, ორიენტირებულები ვართ მხოლოდ ბიზნესსა და დიდი ზომის შენობებზე. სამომავლოდ, სამომხმარებლო ხაზის პროდუქციის გამოშვებასაც ვაპირებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან დიდი, გლობალური წარმატება ელოდება ამ პროდუქტს. ვფიქრობთ, წლის ბოლოდან, აქტიურად დავიწყებთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

განხილვა