in

Wempler: „ყოველ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც უნარი, რომლითაც ფულის შოვნა შეიძლება“

wempler

დაფიქრდით, ყოველდღე რამდენი პატარა საქმე გაქვთ გასაკეთებელი? რამდენად დიდი დრო სჭირდება მათ და რამდენად არასასურველია მათი შესრულება თქვენთვის? ასევე, დაფიქრდით, ყოველ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც უნარი, რაღაც ცოდნა, რისი საშუალებითაც შეიძლება ფულის შოვნა. ერთი მხრივ, პრობლემა არის ყოველდღიური საქმეების შესრულებისთვის დროის, მოტივაციის ან უნარის უქონლობა, მეორე მხრივ, ყველას გვაქვს სურვილი და უნარი გვქონდეს დამატებითი შემოსავალი, მაგრამ არ არსებობს პლატფორმა, სადაც ჩვენს სერვისს სხვას შევთავაზებთ.

Wempler-ის იდეა მაშინ მომივიდა, როდესაც უნივერსიტეტის დავალებას ვაკეთებდი. უცბათ, დედამ დამირეკა – სარემონტო მასალები ელიავადან სახლში მიიტანეო. მივხვდი, ვიღაც მჭირდებოდა, ვინც ამას გააკეთებდა და მზად ვიყავი ამ სერვისში კონკრეტულ მომენტში, ფული გადამეხადა. როდესაც დამხმარის ძიება დავიწყე, ვერავინ ვიპოვე. გავაანალიზე, რომ მსგავსი პლატფორმა არ არსებობს. ამიტომაც მისი შექმნა გადავწყვიტე. როდესაც მოვიკვლიე, აღმოჩნდა, თურმე ხალხი სერვისის მიმწოდებელსა და მისი მიღების მსურველს ფეისბუქ ჯგუფებში ეძებდა. აჰა, თურმე არსებობს მოთხოვნა, რომელიც 10-მდე ჯგუფში გაერთიანებულ 300.000-მდე ადამიანს უკვე აქვს.

მარტივად რომ ავხსნა, Wempler არის P2P პლატფორმა, სადაც რაიმე სერვისის მაძიებელი ადამიანები უკავშირდებიან მათ, ვისაც ამ სერვისების მიწოდება შეუძლია. კლიენტები, რომლებსაც სერვისის მიღება ესაჭიროებათ, შეძლებენ იპოვონ სასურველი დამხმარე სერვისის სასურველ კატეგორიაში, შესთავაზონ მათ ფასი და შეთანხმდნენ. ხოლო სერვისის მიმწოდებლებს ანუ ვემპლოიერებს, როგორც ჩვენ მა ვეძახით, შეეძლებათ მიიღონ შეკვეთები მათთვის სასურველ სფეროში და იშოვონ ფული თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე. ჩვენი უპირატესობა უნივერსალურობაა. ჩვენ არ გვაქვს კატეგორიის შეზღუდვა ანუ ისეთი სერვისი შეგიძლია მიიღო ვემპლერზე, როგორიცაა ძაღლის გასეირნება, მებაღეობა, ბებიის მოვლა, მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა. მეორე მხრივ, ნებისმიერი უნარი, რომელიც გაგაჩნია, Wempler-ზე ფასობს და ნებისმიერი ცოდნით შეძლებ დამატებითი შემოსავლის ქონას.

ორიოდე სიტყვით ჩემზეც გეტყვით – მე ვარ ალექსანდრე თავხელიძე, 21 წლის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტი. ჩემი სფერო მონაცემთა მეცნიერებაა, უკვე ერთი წელია რაც ამ სფეროს აქტიურად ვსწავლობ და ვეუფლები ახალ პროფესიას – მონაცემთა ინჟინერიას. ვემპლერამდე, 12 წლის მანძილზე, მორაგბე გახლდით. ვემპლერის დაწყების დროს, სრულიად გამოუცდელი ვიყავი სტარტაპ სფეროში. ამ საქმეს მე, გიორგი ჯავახიძე და დათუნა ბერძენიშვილი ვუძღვებით. იდეასთან ერთად, ჩვენც განვითარდით, გავიარეთ აქსელერაციის არაერთი პროგრამა გუნდთან ერთად, ვიყავით არაერთ ვორკშოპზე, ბევრი ვიკითხეთ და ახლა აქ ვართ.

შარქ თენქში მონაწილეობა თავად შარქების ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა. მინდოდა, გუნდს უფრო კვალიფიციური წევრები შემატებოდა, მჭირდებოდა დაფინანსება და ამავდროულად, გამოცდილი ხალხი გუნდში, რასაც შარქ თენქი მპირდებოდა.

შარქ თენქის დახმარებით, Wempler-მა მიიღო 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია კომპანიის 40%-ის სანაცვლოდ. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენი იდეის ვალიდურობას ნიშნავს. აქამდეც გვჯეროდა მისი უნიკალურობის, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვირწმუნეთ. ახლა ჩვენ გვყავს 4 გამოცდილი ინვესტორი და მრჩეველი, რომელიც ჩვენი პროექტის წარმატების პირდაპირპროპორციულია.

ამ დროისთვის, ჩვენ MVP-ზე ვმუშაობთ. ზაფხულის ბოლოს, პროექტის პირველი ვერსია უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის. ეს დაფინანსება და ჩვენი ინვესტორების რესურსი სწორედ ამაში დაიხარჯება.

ალექსანდრე თავხელიძე – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

როგორ გავხდეთ ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი?

კრეატიული სააგენტო “მავერიკი” ამერიკულ HypeAuditor-თან ერთად, Influencer Marketing-ის თემაზე, ვებინარს მართავს