3
Sep
2018

Wendy’s-ის შექმნის ისტორია – როგორ გახდა 8 წლის ბიჭის ოცნება მსოფლიოს გიგანტური ბრენდი

3 Sep 2018

დღეს, Wendy’s -ი მსოფლიოს სწრაფი კვების გიგანტებს შორისაა. ჯერ კიდევ შარშან, მსოფლიოს მასშტაბით, ბრენდს 6,537 ობიექტი ჰქონდა. აქედან, 6,207 რესტორანი – ფრანჩაიზის უფლებით გაცემული. თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა. რეალურად კი, Wendy’s-ი  8 წლის ბიჭის ახდენილი ოცნებაა, რომელსაც მხოლოდ ერთი რესტორნის გახსნა და მომხმარებლების გულში შეღწევა სურდა.

High Street, Columbus, Ohio.

„ვოცნებობდი, შემექმნა მსოფლიოში საუკეთესო რესტორანი, რომლის საკვებიც თითოეული მომხმარებლის გულში დაიმკვიდრებდა ადგილს“ – ასეთი, მარტივი და  ერთპუნქტიანი ამოცანისგან შედგებოდა დეივ თომასის ოცნება. თუმცა,  თომასისათვის ეს მხოლოდ ოცნება არ იყო, რესტორნის გახსნა მისი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა და ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა.

დეივისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა  მისი გამზრდელის მიმი სინკლერის სიტყვები აღმოჩნდა: „თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მიაღწევ საწადელს“. მან ასწავლა თომასს, არასოდეს აერჩია მარტივი გზა – „Never cut corners”.  სწორედ ეს შთაგონება იქცა ოთხკუთხედი ბურგერის შექმნის მიზეზი.

მოგზაურობის დასაწყისი

დეივ თომასის სწრაფი კვების ბიზნესში მოგზაურობა 12 წლიდან იწყება. 15 წლისამ, როცა ფორტ ვეინში ცხოვრობდა და Hobby house-ში მუშაობდა, სკოლაში სიარულს თავი დაანება და მთლიანად სამსახურს მიუძღვნა თავი.

„კვირაში, მინიმუმ, 50 საათს ვმუშაობდი. ეს მანამ ხდებოდა, სანამ სკოლას თავს დავანებებდი. მაგრამ დღეს ამას არცერთ ბავშვს არ ვურჩევ“.

Hobby house-ში მუშაობისას თომასი აღფრთოვანებული იყო საკუთარი უფროსით, რომელიც პიჯაკში გამოწყობილი,  მაგიდებს წმენდდა და იატაკს ასუფთავებდა. „თუ ჩემ უფროსს შეუძლია ყველაფრის კეთება, მაშინ მეც შევძლებ“, – ამბობდა თომასი.

Wendy’s-ის პირველი კაპიტალი

თომასი ფორტ ვეინში ცხოვრებისას, KFC-ის დამფუძნებელს კოლონელ სანდერსს შეხვდა, რომელმაც Hobby House-თან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა. ამით, დეივს მიეცა შესაძლებლობა, კოლონელის გვერდით ემუშავა, უფრო კონკრეტულად კი, მისი თანამშრომელი გამხდარიყო.

სანდერსმა დეივს ოჰაიოში გადასვლა და KFC-ის რამდენიმე ფრანჩაიზერის გაყიდვების გაზრდაზე მუშაობა შესთავაზა. ეს იყო ჩაძირული ობიექტები, რომელთა გამოცოცხლების შემთხვევაში, თომასს მათზე საკუთრების უფლების 45%-ს მიიღებდა.

დეივი პირდაპირ საქმეზე გადავიდა – შეამცირა უზარმაზარი მენიუ და შექმნა ყველასთვის ცნობილი ლოგო – ქათმის წითელი კალათი, თეთრი ზოლებით. მისი დამსახურებით, რესტორნები მართლა გამოცოცხლდა და შეთანხმებისამებრ, თომასი 45%-ის მფლობელი გახდა. თუმცა, ამ ბიზნესში არ დარჩენილა – კოლონელს მიღებული საკუთრების უფლება $1.5 მილიონად მიჰყიდა. ასე მიიღო საწყისი კაპიტალი Wendy’s-ის შესაქმნელად.

Wendy’s-ის თანამედროვე ლოგო

Wendy’s-ის პირველი რესტორანი, ანუ დეივის ახდენილი ოცნება

პირველი რესტორანი დეივმა 1969 წელს გახსნა. მისი ლოზუნგი დღემდე უცვლელია:  „ხარისხი ჩვენი რეცეპტია!“

თომასს ერთადერთი რამ სურდა – მომხმარებლისათვის სწრაფი, მთელი გულით მომზადებული კერძები ოჯახურ გარემოში შეეთავაზებინა. მისი პოლიტიკა მთლიანად მომხმარებელზე იყო კონცენტრირებული. რესტორანში შემოსულ თითოეულ ადამიანს ისე ემსახურებოდა, თითქოს, თითოეული დოლარი მასზე იყო დამოკიდებული.

Wendy’s-მა გახსნის პირველივე დღიდან მოიპოვა პოპულარობა. ეს თომასის ინოვაციური მიდგომის დამსახურება იყო. მის სამიზნე ჯგუფს ზრდასრული ადამიანები წარმოადგენდნენ, ვისაც ახალ ხორცსა და სალათებით სავსე ბარს სთავაზობდა. ეს კი სწრაფი კვების ობიექტებისათვის უცხო, თანაც რადიკალური მიდგომა იყო.  Wendy’s-მა პირველმა მიიღო გადაწყვეტილება და პირდაპირი გაგებით, ფანჯარა  გაუღო მომხმარებლებს – მათ Drive – Through სერვისი შესთავაზა.

1982 წელს დეივმა გადაწყვიტა, ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში აღარ ჩარეულიყო და საკუთარ მენტორს, კოლონელსაც უთხრა, დიდი შეცდომა დავუშვი, ასე დიდხანს რომ ვერეოდი მისი ფუნქციონირების საქმეებშიო.

თუმცა, შესაძლოა, ეს საერთოდ არ იყო სწორი და მით უმეტეს დროული ნაბიჯი. თომასის წასვლიდან მალევე, რესტორანი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, რის გამოც, ბუნებრივია, გაყიდვების რაოდენობა შემცირდა. შედეგად, 1980-იანების ბოლოს, დეივი დაუბრუნდა და Wendy’s ზრდისკენ წაიყვანა.

1989 წლიდან თომასი „ვენდისის“ რეკლამებში გამოჩნდა: ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა კარგი საკვები და სურდა, ის სხვებსაც გაესინჯათ.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=jiK_9rnSBno[/embedyt]

 

ამ სარეკლამო კამპანიის წყალობით არა მხოლოდ Wendy’s-მა დაიწყო აღმასვლა, არამედ დეივ თომასი მისაბაძ ადამიანად იქცა. შედეგად, ამერიკელი მოსახლეობის 90%-მა იცოდა და იცის,  ვინ არის  დეივ თომასი.  Wendy’s  კი დღეს, მსოფლიო  ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=eANcbFSPHyA[/embedyt]

 

საბოლოოდ, დეივ თომასის სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგიძლია გააკეთოთ ის, რის კეთებაც გსურს. შეგიძლიათ, გახდე ის, ვინც გინდა. ამაში ხელს ვერავინ შეგიშლის, საკუთარი თავის გარდა“.

განხილვა