25
Jul
2018

„wePark-ს ყოველთვის ეცოდინება, სად თავისუფლდება პარკინგი“ – ქართული აპლიკაცია ავტომობილის მძღოლებისთვის

25 Jul 2018

Startauperi
Startauperi


პარკირებასთან დაკავშირებული სირთულეები ავტომობილების მძღოლების ყოველდღიურობაა და ეს პრობლემა აქტუალურია არამხოლოდ საქართველოში. დღეიდან, შესაძლებელი იქნება ახალი ქართული აპლიკაცია wePark-ის გამოყენება, რომლის საშუალებითაც, მძღოლები შეძლებენ შეატყობინონ ერთმანეთს ადგილის გათავისუფლების შესახებ და პარკინგიდან გასვლისას, 2 ლარის სანაცვლოდ, დაუთმონ სხვა მძღოლს ადგილი. აპლიკაციის ავტორები არიან: გიორგი ხოშტარია, გიორგი მოსეშვილი, ნინო დარახველიძე და ლევან კილაძე (Lemondo). wePark ჯერ მხოლოდ „ანდროიდის“ მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, წლის ბოლომდე კი იგეგმება სხვა სისტემებზე მორგებაც. 


wePark-ის გუნდში ამბობენ, რომ აქვთ პასუხი კითხვაზე – როგორი იქნება პარკირების პროცესი მომავალში. უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა დავიგულოთ პარკინგის ადგილი, როგორია აპლიკაციის ფუნქციონალი, თუ მოხმარების პირობები – ამ საკითხებზე wePark-ის თანადამფუძნებელ – ლევან კილაძესთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით: 

 

M: როგორი იყო აპლიკაცია wePark-ის არსებობის საჭიროება? რისი გათვალისწინებით შეიმუშავეთ მისი კონცეფცია?
ხშირად ყოფილა, სახლთან რამდენიმე წრე გამიკეთებია თავისუფალი ადგილის ძიებაში. თუ გამიმართლა და სადმე გათავისუფლდა, მერე დასწრებაზეა ვინ დააყენებს. ახალი საპარკინგე სივრცეების გაჩენის პარალელურად, გადავწყვიტეთ ოპტიმალურად გამოგვეყენებინა არსებული პარკინგები. როდესაც მძღოლი გადის მანქანით, ის ათავისუფლებს პარკინგის ადგილს. ამ დროს, ახლომახლო არაერთი მსურველია ამ ადგილის დასაკავებლად. ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომლითაც მომხმარებლები ერთმანეთს უცვლიან პარკინგის ადგილს. wePark-ს ყოველთვის ეცოდინება, სად თავისუფლდება პარკინგი.

M: როგორ მუშაობს wePark და რაში ეხმარება ის ავტომობილების მძღოლებს?
როდესაც პარკინგის ძებნაში კიდევ ერთ წრეს აკეთებ და შენს უკან, ამ დროს თავისუფლდება ადგილი, ფიქრობ: „ნეტა მცოდნოდა რომ გადიოდა.. დაველოდებოდიო“.. ჰოდა, როცა გავეშვებით, wePark-ის საშუალებით, ყოველთვის გეცოდინებათ ვინ და სად ათავისუფლებს პარკინგს.
wePark შემდეგნაირად მუშაობს: წასვლამდე  რამდენიმე წუთით ადრე, მძღოლი უთითებს wePark-ის აპლიკაციაში, რომ გასვლას აპირებს. ამ დროს, ახლომახლო პარკინგის მაძიებლები აკეთებენ მოთხოვნას, რომ მძღოლი დაელოდოს და გასვლისას დაუთმოს გამოთავისუფლებული ადგილი კონკრეტულ მანქანას. ამის სანაცვლოდ, მძღოლი მომხმარებლისგან ღებულობს მინიმუმ 2 ლარს. მომხმარებელი, რომელმაც გადაიხადა 2 ლარი, გასვლისას თვითონაც ჩართავს wePark-ს და უკან დაიბრუნებს გადახდილ თანხას სხვა მომხმარებლისგან და ა.შ.. მადლი ქენი, ქვაზე დადეს პრინციპით.. 

M: რა ეტაპები ელოდება აპლიკაციას დატესტვის პროცესში და როგორია wePark-ის გამოყენების პირობები?
დღეს გავუშვით და ველოდებით მომხმარებლების მოგროვებას. აგვისტოდან დავიწყებთ კონკრეტულ ლოკაციებზე ტესტირებას. სექტემბერში ჩავუშვებთ რამდენიმე უბანში, ეტაპობრივად. გამოყენების პირობები შემდეგია: გადახდილი 2 ლარიდან, ჩვენ ვიტოვებთ საკომისიოს, 40 თეთრის ოდენობით.

M: რა სამომავლო ხედვის არსებობის საშუალებას იძლევა აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტა? როგორ უნდა განვითარდეს wePark?
პარკინგი ზოგადად პრობლემაა, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში, მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ გვჯერა, რომ თუ თბილისში წარმატებული ტესტი გაიარა wePark-მა, ძალიან სწრაფად გავიზრდებით სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალური სტარტაპი გავხდებით. ამ ეტაპზე, მთლიანად საკუთარი სახსრებით დავაფინანსეთ პროექტი, ძალიან გვჭირდებოდა GITA-ს გრანტი, მაგრამ ვერ ავიღეთ.. ვფიქრობ, კარგად ვერ ავხსენით ჩვენი პროდუქტი. დიდი ინტერესით გვიყურებს რამდენიმე საზღვარგარეთული ინკუბატორი. ან გავფრინდებით, ან წინ ვივლით.. უფრო გავფრინდებით.

განხილვა