in

#წერექართულად – ახალი გამოწვევა თიბისი ბანკისგან

image015#წერექართულად – თიბისი ბანკის ახალი წამოწყებაა, რომელიც მიზნად ქართული წერის და ანბანის, სხვადასხვა ხელსაწყოებზე, სოციალურ ქსელსა და უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

პროექტის შინაარსზე მარკეტერს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი, ნინო ეგაძე ესაუბრა.

M: „თიბისი ბანკმა“ ახალი პროექტი #წერექართულად წამოიწყო. რა გახდა ამ იდეის მიზეზი?

ყველაფერი კომპანიის შიდა საჭიროებიდან და სურვილიდან დაიწყო. ბევრი ტერმინია, რომელიც ძალიან გვჭირდება ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებაში და მათ ქართულ შესატყვისებს არ/ვერ ვიყენებთ, ისინი ხშირად მოძიებულიც კი არაა.

#წერექართულად კომპანიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იდეაა, მან შემოგვთავაზა გადაგვეხედა ჩვენი შიდა, კორპორაციული მიმოწერისთვის და დაგვეწყო სრულად ქართულად წერა. ეს ეხება როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას – წერილებს, შეტყობინებებს, ისე ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული უცხო სიტყვების ქართულით ჩანაცვლებას. (საკმაოდ რთული გამოწვევაა, დამეთანხმებით…)

იდეა ყველამ ერთად აიტაცა. პირველი, ვინც ამ წამოწყებას გამოეხმაურა თიბისის ოჯახის ხუთიათასამდე წევრი იყო. ყველამ გავაქართულეთ ხელმოწერები, გადმოვიწერეთ ქართული შრიფტები მობილურ ტელეფონებში… დავიწყეთ ჩვენი სარეკლამო მასალების გადახედვა და ისეთი ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომელიც ამ წამოწყების განხორციელებაში დაგვეხმარება. უკვე ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ვფიქრობთ, წარმატება წინაა.

M: ვისთან ერთად ახორცილებეთ პროექტს ამ ეტაპისთვის?

ამ იდეის მხარდამჭერია ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, ტელევიზია და სივრცე – „არტარეა“, ასევე ის კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ: „ლემონდო“, ლივინგსტოუნი“, ელექტრონული ლექსიკონები და ბევრი სხვა. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ქართულად წერას გულშემატკივრობს. აღმოჩნდა, რომ ყველას გვაერთიანებს ტკივილი, რომ ერთ დღესაც შესაძლოა აღარ გამოვიყენოთ უნიკალური ქართულ ანბანი და ამის დაშვება არ შეიძლება.

ჩვენი პარტნიორები ტექნოლოგიების კუთხით მხარს გვიჭერენ და ცდილობენ, სხვადასხვა მოწყობილობებზე შესაძლებელი გახდეს ქართული ანბანის გამოყენება. დავუკავშირდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც ძირითად ლექსიკონებში ან ჩამონათვალში ქართული შრიფტი არ აქვთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ ამგვარ ლექსიკონებს დაემატოს ქართული სიტყვები, ითარგმნოს ტერმინები.

DSC_1377 (Medium)

M: პროექტის მეტი პოპულარიზაციისთვის კიდევ რა აქტივობებს გეგმავთ?

კომპანიის შიგნით უკვე გარკვეული წინსვლაა – სულ რაღაც 1 კვირაა, რაც პროექტი თანამშრომლებს გავაცანით და ნათლად ვხედავთ, როგორი მონდომებით ცდილობენ ჩვენი კოლეგები ქართული შესატყვისების გამოყენებას: დილას ვიწყებთ განახლებით (Update), შემდგომ უკუკავშირის დროა (Feedback) აი, სიტყვა Brainstorming-ს ჯერ შესატყვისი ვერ მოვუძებნეთJ

#წერექართულად მხარდაჭერა გაგრძელდება. გვსურს, ეს წამოწყება სოციალურ პასუხისმგებლობად იქცეს, ამისთვის ჩვენს შიდა და გარე რესურსებს გამოვიყენებთ, ასევე დამატებითი პასუხისმგებლობის სახით ყოველ ამ პროექტში ჩართულ ადამიანს მივცემთ საშუალებას, სოციალურად დაუცველ ბავშვებს წიგნები და უფრო მეტიც, ბიბლიოთეკაც კი აჩუქოს, ამისთვის მხოლოდ ქართულად წერა და პროექტში მონაწილეობა იქნება საკმარისი , დანარჩენს ჩვენ უზრუნველვყოფთ. ვფიქრობთ, სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან ამ წამოწყებაში.

M: გრძელვადიანი პროექტია, თუმცა, მაინც, რა დროის განმავლობაში ელით შედეგს?

ძალებს არ დავიშურებთ და ამ პროექტის პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს – მას არც საზღვარი აქვს და არც ბოლო, თუ ჩვენ გამართულად დავწერთ ქართულად, შემდეგ ვისაუბრებთ ქართულად, წავიკითხავთ ქართულად, ვიფიქრებთ ბარბარიზმებისა და ტერმინების თარგმნა-ამოძირკვასა და ფონტების გაუმჯობესებაზე, ჩავთვლით, რომ ძალიან სასარგებლო პროექტი დაგვიწყია – ყველაფერი შესაძლებელია  – მთავარია მონდომება!

ავტორი: მანანა ნოდია

ლაბორატორია “Pantone”-ი ფერად და უჩვეულო კაფეს ხსნის

“ბაკურიანის” ახალი ბოთლი დალევის ახალ წესს ამკვიდრებს !