in

უკრაინული კომპანიის წერილი მარკეტერს, პირდაპირ თავდაცვითი ბუნკერიდან

*მარკეტერის რედაქციას უკრაინული კომპანია Choice31 დაუკავშირდა, წერილი პირდაპირ თავდაცვითი ბუნკერიდან არის გამოგზავნილი. 

სულ რაღაც ორი კვირის წინ უკრაინული კომპანია Choice31 ახალ ონლაინ კურსებს ავითარებდა. დაიგეგმა სამომავლო გაკვეთილების ჩაწერა ახალ ლექტორთან და ორი მასშტაბური ღონისძიება პროფესიის შეცვლის მსურველთათვის. ახლა კი ნებისმიერი ახალი პროდუქტის გამოშვება შეჩერებულია და კომპანია ცდილობს, გადაარჩინოს უკრაინა, ქვეყნის ეკონომიკა და ხალხის სიცოცხლე.

უკრაინის ომის პირველ დღეებში არავინ იცოდა რა გაეკეთებინა. ყველა ქაოტურად ცდილობდა ორგანიზებას, ჯარისა და დაზარალებულების დახმარებას. ბევრი იმაზე ფიქრობდა, სად წაეყვანა ოჯახი. იგივე მოხდა კომპანია Choice31-ში — ყველა წავიდა საბრძოლველად ან ტერიტორიის დასაცავად, როგორც მოხალისე. სამუშაოები კი შეჩერდა.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ შეამჩნია, რომ ზოგიერთი სტუდენტი მაინც აგრძელებს სწავლას ონლაინ პლატფორმაზე, აკეთებს ტესტებს და შემდგომი კურსებისთვის ფასდაკლებებს იღებს. “ამან ნამდვილად გაგვაოცა. შესაძლოა, ბევრისთვის სწავლა დამშვიდებისა და ახალი ამბებისგან განტვირთვის საშუალება იყოს”, — ამბობს Choice31-ის აღმასრულებელი დირექტორი ევგენია გლიზერი.

ამ აღმოჩენამ კომპანია აიძულა, გაეცნობიერებინა, რომ ახლა იმაზე ფიქრია საჭირო, თუ რა დაემართება უკრაინას და ქვეყნის ეკონომიკას ომის დასრულების შემდეგ. მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და Choice31-ის მისიაა, ამის გამოსასწორებლად შესაბამისი პირობები შექმნას. უკრაინელებს იმაზე მეტად დასჭირდებათ ახალი სამსახური, ვიდრე ოდესმე. ამისათვის კი აუცილებელია კომპანიის და მისი თანამშრომლების გადარჩენა…

Choice31-ის ბევრმა თანამშრომელმა დაიწყო მუშაობა უშუალოდ თავშესაფრებიდან. გუნდის თითოეული წევრი აკეთებს იმას, რაც შეუძლია — მოვალეობები აღარ არის სპეციალობების მიხედვით გადანაწილებული.

ამასთან, კომპანიამ სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლა გადაწყვიტა. Choice31-მა აირჩია რამდენიმე პროდუქტი, რომელიც აქტუალურია სხვა ქვეყნებისთვის და რუსული ენის მცოდნე ადამიანებისთვის. თანამშრომლებმა კურსები სხვადასხვა სასწავლო ფორმატს მოარგეს და საგრძნობლად შეამცირეს ღირებულება.

უკრაინულ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ქვეყნისა და კომპანიის გადარჩენას.

Choice31 ამჟამად გთავაზობთ Google Sheets კურსს და ASO პროფესიას. კომპანია მიღებული თანხის 50%-ს უგზავნის უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გახსნილ რუსული აგრესიის მსხვერპლთა ჰუმანიტარული დახმარების ფონდს.

როგორ გამოიყურება უკრაინის ყოველდღიურობა ომის კრიზისში?