in ,

– წეროები მიფრინავენ. – სად ? – შორს. – რამდენი ?.. – National Geographic საქართველო

„მთელი დილა სამალავში გავატარე, ვიზირს ჩაშტერებული არ ვინძრეოდი, მინდოდა წერო გადამეღო; ბოლოს ვიფიქრე, რომ არ მიმართლებდა და გვერდზე გავიხედე. წარმოგიდგენია? წერო პირდაპირ სამალავის სარკმელში იყურებოდა,“ – ყვება ნიკა წიკლაური, ფოტოგრაფი, რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა ჯავახეთში, იქ მობინადრე ფრინველები ობიექტივში რომ მოექცია.

2018 წელი National Geographic-მა ფრინველის წლად გამოაცხადა.

 

ქართული გამოცემაც აქტიურად ჩაერთო ფრთოსნების კვლევისა და მათი შესწავლის საქმეში. თებერვლის ნომერში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა  ჯავახეთში მობუდარი და გადამფრენი ფრინველების შესახებ, რადგან საქართველოს ეს მხარე ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უმნიშვენელოვანეს დერეფანს წარმოადგენს.  ამ 12 თვის განმავლობაში National Geographic-ი შეეცდება გამოიკვლიოს, თუ რატომ იწვევს გარემოს ცვლილება ფრინველების სახეობების გაქრობას და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის წინააღმდებ.  

აღმოჩნდა, რომ საქართველოს რუკა, რომელზედაც ფრინველთა მიგრაციის მარშრუტები იქნებოდა დატანილი, აქამდე არ არსებობდა. მისი საჭიოება კი ცალსახა იყო როგორც მეცნიერებისთვის, ისე მათთვის, ვისაც ფრინველებზე დაკვირვება  (ე.წ. Birdwatching-ი) უყვარს. ამიტომაც National Geographic საქართველომ ფრინველების შესასწავლად პირველ და უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად საქართველოს ფრინველთა მიგრაციის რუკის შექმნა მიიჩნია.

მიგრაცია ნებისმიერი სახეობის ფრინველისთვის საკმაოდ სტრესული – ფიზიკურად და ემოციურად დამღლელი – პროცესია. გზის ხანგრძლივობის თანმდევი ამინდის გაუარესება და საკვების მოპოვების სირთულეები მათ სიცოცხლეს ხშირად საფრთხეს უქმნის.

მსოფლიოში მიგრაციის დროს ფრინველთა დასასვენებელი და საკვები რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი არსებობს, სადაც ყოველ სეზონზე გადამფრენი ფრინველების დიდი რაოდენობა იყრის თავს. ასეთ ადგილებს ფრინველები უსაფრთხოების, გეოგრაფიულად კომფორტული გარემოსა და საკვების არსებობის გამო ირჩევენ. საქართველო ამ მხრივ, საერთაშორისო თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული არეალია. აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი („ბათუმის ძაბრი”), სტეფანწმინდა, ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები, მდინარე ალაზნისა და ივრის ქვემო წელი და ჯავახეთის ზეგანი – ფრინველების დასვენებისთვის და კვებისთვის “მდიდარი” ტერიტორიებია. ჯავახეთის დაცული ტერიტორია (16200 ჰა) წყალმუცურავებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ამ ფრინველებიდან ბევრი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და საქართველოსა და საერთაშორისო (IUCN) “წითელ ნუსხაშია” შეტანილი.

ჯავახეთში 2000-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 279 სახეობაა რეგისტრირებული, რაც საქართველს ორნითოფაუნის 75 %-ია. მათგან 76 სახეობა ამ ტერიტორიის მუდმივი ბინადარია, დანარჩენი 184 სახეობა კი გადამფრენია.

ჯავახეთში არსებული ტბების უმეტესი ნაწილი დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის და მათ განსაკუთრებულობას ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ზეგნები, სუბალპური მდელოები, მთის სტეპები, მტკნარი ტბები და ჭაობები ქმნის. გადამფრენი ფრინველები ჯავახეთის ტბებს სწორედ ამ კომპლექსური გეოგრაფიული თვალსაზრისით ირჩევენ. შავმიწა ვულკანური ნიადაგი და თხელი, მტკნარი ტბები სწორედ ისაა, რაც წყალმცურავებს ენერგიის აღდგენასა და შენარჩუნებაში ეხმარება. კოლხეთის დაბლობისგან განსხვავებით, ჯავახეთის ტბები, ზღვის დონიდან საშუალოდ 2000 მეტრზე მდებარეობის გამო, ზაფხულში შედარებით გრილია, მიწა კი მდიდარია ორგანული წარმონაქმნებით; საკვები აქ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოგზაური წყალმცურავებისთვის ყოველთვის მოიძებნება.

უფრო მეტს და საინტერესოს ჯავახეთის  ფრინველების შესახებ სოფო აფციაურის სტატიიდან შეიტყობთ, რომელიც  National Geographic საქართველოს თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. ეს ჟურნალი წელს არაერთ მნიშვნელოვან მასალას შემოგთავაზებთ ფრთოსანების შესახებ.

სტატიის წაკითხვამდე კი გთავაზობთ მოკლე ვიდეორგოლს, რათა შეგექმნათ წარმოდგენა, სად და როგორ ცხოვრობენ ვარხვები, ყარყატები, იხვები, წეროები, თოლიები, ბატები, მელოტები და ყვინთიები.

Beauty and the Box – სილამაზის ყოველთვიური ამანათი თეონა თავართქილაძისგან

უცხოპლანეტელი სწავლობს, რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამაკაცი – Harry’s-ის ვიდეორგოლი