ყველასათვის ცნობილი რეჟისორი, რომლის ფილმების სახასიათო ნიშანსაც საოცარი ესთეტიკა წარმოადგენს, უარს ამბობს TikTok-ის გამოყენებაზე. საუბარია უეს ანდერსონსე, ვისთვისაც აღნიშნული სოციალური მედია და აქ განთავსებული კონტენტი შემაწუხებელია — კერძოდ, არ სიამოვნებს მისი ფილმების ესთეტიკით შთაგონებული ვიდეოების ხილვა.
თუ ტიკტოკის აქტიური მომხმარებელი ხართ, გეცოდინებათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პლატფორმა რეჟისორის შემოქმედებით მოხიბლული გულშემატკივრების ვიდეოებით გადაივსო. ისინი ცდილობენ, ანდერსონის ინსპირაციით, მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღონ და საკუთარი ცხოვრება მის ესთეტიკას მოარგონ. ამისათვის რამდენიმე მარტივი „ფორმულაც“ კი შეიმუშავეს: მაგალითად, პასტელური და მკვეთრი ფერების სინთეზი, რაც 1955 წელს მოგვაგონებს; ადრეული რენესანსისთვის დამახასიათებელი სიმეტრიულობა კომპოზიციაში; დევიდ ბოუის სიმღერებით გაფორმებული კადრები და ა. შ.
#WesAnderson ჰეშტეგის მქონე ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში და ტრენდმა აპლიკაციის ყოველდღიურ დამთვალიერებელთა რიცხვი 1.4 მილიარდით გაზარდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვეს ანდერსონს არცერთი მათგანი უნახავს. „გულწრფელად გითხრათ, არასდროს მინახავს ჩემთან დაკავშირებული ვიდეოები და ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული კონტენტი“. ამ შემთხვევაში, რეჟისორი ისეთი ტიპის ვიზუალებს გულისხმობს, სადაც სხვადასხვა ფილმს ანდერსონისეული სტილის მიხედვით გარდაქმნიან.
როგორც ჩანს, საზოგადოებას ძალიან უყვარს, მაგრამ თავად ანდერსონი უარყოფს მსგავს კონტენტს. არა იმიტომ, რომ უარყოფითადაა განწყობილი ადამიანების სურვილის მიმართ, მას მიბაძონ და ყოველდღიურ „ნაცრისფერ კადრებს“ განსხვავებული განწყობა შესძინონ… „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ტიპის ვიდეოები არ მინახავს, ის არის, რომ მეტისმეტად განმეორებით ხასიათი აქვს — თითქოს, რასაც ვაკეთებ, დაუსრულებლად მეორდება სხვების ნამუშევრებში. ყველაფერი ერთნაირია და არაფერი ვითარდება“. ამავდროულად, დასძენს, რომ იმ პოტენციური ეფექტის ეშინია, რომელიც შეიძლება ამ კონტენტმა მის კრეატიულობასა და გონებაზე იქონიოს.