in

რა მოგწონთ თქვენს სამსახურში?

უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიამ ბევრ ადამიანს უბიძგა, დაფიქრებულიყვნენ, თუ რატომ მუშაობენ. შედეგად, მილიონობით დასაქმებული წამოვიდა სამსახურიდან, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მსგავსად, მათი კმაყოფილებისა და ბედნიერების მაჩვენებელი შეიცვალა თუ არა… 

pasha-statiebi
pasha-statiebi

სამსახურიდან წამოსვლა უკმაყოფილების გამო საკმაოდ ლოგიკურ მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ მანამდე განსაზღვრული უნდა გქონდეთ, რა გაბედნიერებთ რეალურად, თორემ საბოლოოდ კვლავ უკმაყოფილო დარჩებით. ამიტომ, ჯობს, დრო იმის განსაზღვრაში დახარჯოთ, რა მოგწონთ კონკრეტულ სამსახურში მანამ, სანამ ქმედებებზე გადახვალთ. 

უპირველესად, ამისთვის ერთმანეთისგან ბედნიერება და კმაყოფილება უნდა განასხვაოთ და დააკვირდეთ, თქვენი სამსახურის რომელი ასპექტებია დაკავშირებული ამ ემოციებთან. იპოვეთ პასუხი კითხვაზე, რა გაბედნიერებთ? ამგვარად, როცა მომავალზე დაფიქრდებით, მარტივად მიხვდებით, რა პოზიციებზე გსურთ მუშაობა. ამაში კი ქვემოთ მოცემული სამი კითხვის დასმაც დაგეხმარებათ:

1. რა მანიჭებს ყველაზე დიდ კმაყოფილებას? ეს ჩემი სამუშაოს კეთების პროცესში ხდება თუ საბოლოო შედეგის მიღებისას?

ხშირად სიტყვებს, როგორებიცაა ბედნიერება და კმაყოფილება, ისე ვიყენებთ, რომ მათ შორის არსებულ განსხვავებას არ ვაკვირდებით. ბედნიერება უფრო მეტად მომენტალური გამოცდილებაა, რომელიც ასახავს დადებით გრძნობებს, როცა სასურველი შედეგები მიიღება. კმაყოფილება კი პოზიტიური გრძნობაა, რომელიც უფრო შორ ჰორიზონტს ეხება, სადაც თქვენ სიამოვნებას განიჭებთ ის, რასაც დროთა განმავლობაში მიაღწიეთ.

ეს ემოციები სამსახურის ორ კომპონენტთან არის დაკავშირებული: არსებობს ყოველდღიური საქმეები, რომლებსაც აკეთებთ და რასაც სამუშაო პროცესი შეგვიძლია ვუწოდოთ და შემდეგ მოდის რაღაც საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც თქვენი ძალისხმევის ხარჯზე წარმატებით ართმევთ თავს, ამას კი უკვე შედეგი შეგვიძლია ვუწოდოთ. სამუშაო პროცესს გავლენა აქვს თქვენს ყოველდღიურ ბედნიერებაზე, შედეგი კი უფრო მეტად კმაყოფილების გრძნობას უკავშირდება. 

რადგანაც სამუშაო პროცესი ბედნიერების საფუძველია, ეს ზემოქმედებს თქვენს ყოველდღიურ ინტერესებზე. როცა მოგწონთ კონკრეტული ამოცანები, რომლებიც თქვენი სამსახურის ნაწილია, უფრო მეტად მოტივირებული ხართ, რომ მისთვის საჭირო უნარები გაიუმჯობესოთ. ხოლო, როცა დავალება თქვენთვის უსიამოვნოა, საპირისპირო სიტუაციასაც ვიღებთ. 

საინტერესოა ისიც, რომ შედეგები სამსახურში დაკავშირებულია იმ ორგანიზაციის მისიასთან, რომელშიც მუშაობთ. გჯერათ ამ მისიის? გწამთ, რომ თქვენი ძალისხმევა მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს? როცა მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად მუშაობთ და პროგრესირებთ, კმაყოფილების გრძნობაც ჩნდება. პარადოქსია, მაგრამ კვლევის თანახმად, როცა სამსახური კონკრეტული პირისთვის მრავალ უსიამოვნო სავარჯიშოს მოიცავს, მაგრამ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, იგი მაინც ძალიან კმაყოფილია სამსახურით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ამას ბედნიერება არ მოაქვს…

2. რამდენად შეესაბამება თქვენი ღირებულებები თქვენს სამსახურს?

მას შემდეგ, რაც დაადგენთ თქვენი სამსახურის რომელი ასპექტები მოგწონთ, დროა, გაიაზროთ, რატომ არის სწორედ ისინი თქვენთვის მიმზიდველი — ეს შეფასება თქვენს ღირებულებებშია ფესვგადგმული. ღირებულებები კი იმ ძირითად ასპექტებს ასახავს, რომლებზეც ადამიანები თვლიან, რომ მათ სამსახურსა და ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.

დიახ, თქვენი სამსახური თქვენივე ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. თუ სხვების დახმარებას პირველ ადგილზე აყენებთ, სამსახურებრივი მისია, შესაძლოა, კრიტიკული კომპონენტი იყოს იმისა, რასაც თქვენს სამსახურში აფასებთ. ხოლო, თუ სიამოვნება თქვენი ცხოვრების მთავარი ღირებულებაა, თქვენი ყოველდღიური ბედნიერება სამსახურში იქნება ცენტრალური საკითხი, რათა იგი ამ ღირებულებით ცხოვრებაში დაგეხმაროთ. მაშინ კი, როცა თქვენს ღირებულებას რაღაცის მიღწევა ან ძალა წარმოადგენს, თქვენი პირადი წარმატება სამსახურში თქვენივე კმაყოფილებას შთააგონებს. 

შალომ შვარცმა 10 ძირითადი ადამიანური ღირებულებაც კი გამოავლინა: დამოუკიდებლობა, სტიმულირება, ჰედონიზმი, მიღწევა, ძალაუფლება, უსაფრთხოება, კონფორმულობა, ტრადიციები, სიკეთე და უნივერსალურობა. ის, თუ რომელს აირჩევს ადამიანი და როგორ იმოქმედებს სწორედ იმ კულტურაზეა დამოკიდებული, რომელშიც გაიზარდა და ასევე, იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებს. თუმცა დროთა განმავლობაში ღირებულებებიც იცვლება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მას მუდმივად დააკვირდეთ.

3. რაზე გსურთ, რომ შეგეძლოთ თქვათ მე მივაღწიე?

თქვენი სამსახურის თქვენივე ღირებულებებთან შესაბამისობა გულისხმობს არა მარტო კონკრეტულ დავალებებს, რომლებსაც ყოველდღიურად აკეთებთ, არამედ იმ დაგროვილ ძალისხმევას, რომელსაც ეს დავალებები დროთა განმავლობაში ითხოვს. აქ, ადამიანის შესანიშნავი უნარით უნდა ისარგებლოთ და თქვენივე გონებაში წარმოიდგინოთ, რას გინდათ, რომ თქვენი სამსახური ეხებოდეს? ის გზა, რომელზეც ახლა დგახართ, ამაში დაგეხმარებათ? შეესაბამება თუ არა ეს გავლენა თქვენს ღირებულებებს?

გამოდის, თუ ახლა გრძნობთ, რომ თქვენი სამსახური და არჩეული ტრაექტორია საშუალებას გაძლევთ, სამსახური და თქვენივე ღირებულებები ერთმანეთს შეუსაბამოთ, კვლავ ამ გზაზე ფოკუსირება უნდა გააგრძელოთ. მაგრამ თუ ამ ორს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, ეს კარგი ინდიკატორია იმისა, რომ დროა, ალტერნატივებზე დაფიქრდეთ. 

 

წყარო: HBR



ახალი AI გენერატორი საჭმლის მხატვრულ კადრებს ქმნის

თუ კევინ ბეკონს შეუძლია ელექტრო მანქანის მართვა, თქვენც მოახერხებთ