in

როგორია ეფექტიანი მენტორშიპი?

ზოგჯერ, ვერც ვამჩნევთ, როგორ ემსგავსება ჩვენი სამუშაო ერთ დაუსრულებელ ჯაჭვს: დედლაინები, შეხვედრები, პროექტები, სატრენინგო მოდელები… ამოსუნთქვის დროს ვერ პოულობთ და ენერგიის აღდგენასაც შემდგომი, გაურკვეველი მომავლისთვის გადადებთ ხოლმე. როგორ დავზოგოთ ენერგია? პრიორიტეტებიდან ერთ-ერთია მენტორინგის გაძლიერება. მას მოაქვს მიზანსწრაფულობა და კმაყოფილება, თუმცა, ზოგჯერ, მას შეუძლია მთლიანად გამოგწუროთ. მენტორინგის ლიტერატურა, ძირითადად, ამ რამდენიმე საკითხზე კონცენტრირდება: ვინ? რა? რატომ? სად? როდის? – თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დროისა და ენერგიის ოპტიმალური განაწილების საკითხი.

პანდემიის პირობებში, რომელსაც ამ დროისთვის, დასასრული არ გააჩნია, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ რესურსები, სხვების მენტორობის პროცესში. როგორც მენტორს, გიწევთ თქვენი მოსწავლეების თავდაჯერებულობის, მოტივაციასა და საკონტაქტო წრის გაფართოებაში ხელშეწყობაც და საკუთარი ენერგიის აღდგენაზე მუშაობაც. ამ მიდგომას ენერგო-ეფექტურ მენტორინგს ვუწოდებთ. ამ ტიპის მენტორინგის მიზანი მკაფიოა – გახდეთ უფრო ადაპტირებული მენტორი, უფრო დიდ ჯგუფზე შეძლოთ მუშაობა და ამავდროულად, დაგრჩეთ დროც და ენერგიაც. მკაფიო საზღვრებისა და მოლოდინების დაწესებით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაც და უკეთეს შედეგებზე გასვლაც.

დასაწყისისთვის, მკაფიოდ განსაზღვრეთ მოლოდინები თქვენი სტუდენტების მიმართ, ურთიერთობა განსაზღვრეთ წერილობით და ეს სტანდარტები მომდევნო სამუშაოებისთვისაც გამოგადგებათ. სტანდარტების შესაქმნელად კი, პროცესზე დაკვირვება გამოგადგებათ – როგორი განრიგი შექმნათ, როგორ გაანაწილოთ შეხვედრების კალენდარი, მოქმედებების ციკლი რა თარიღებში განსაზღვროთ. თავდაპირველად, შაბლონური სია გააკეთეთ – შეგირდებთან მეგობრული, თუმცა პირდაპირი დავალებები გქონდეთ. განმარტეთ ურთიერთობის წესები და სტანდარტები – ამგვარად, მიდგომას ყველა თავიდანვე შეეჩვევა.

მოლოდინების შექმნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბიუჯეტის განსაზღვრა, ერთ სტუდენტზე. თანაც, ყოველ შეგირდს შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით დასჭირდეს თქვენთან შეხვედრა – ბიუჯეტი ამ სიტუაციასაც უნდა მოარგოთ, შემდეგ კი, თავად სტუდენტს გაუზიაროთ. ეს ქმნის მკაფიო განცდას, რომ თქვენი დრო ფულია და უფრო აკურატულად მოეკიდება თქვენს რესურსს. მაგალითად, ზოგიერთ საკითხზე, შესაძლოა, 1-საათიანი შეხვედრის ნაცვლად, მიმოწერით შემოიფარგლოთ ან 10-20 წუთიანი საუბრით.

მოიფიქრეთ, როგორ იქნება სტრუქტურირებული ყოველი შეხვედრა. ტრადიციულად, შეხვედრა ასეთია: ორი ადამიანი ხვდება და განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროფესიული ზრდა, ინტერპერსონალური კონფლიქტი, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი… ხშირად, მენტორებს მსგავსი შინაარსის რამდენიმე შეხვედრა აქვთ, რამდენიმეწუთიანი შუალედით და პასუხები, რასაც იძლევიან, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ცალცალკე რამდენჯერმე საუბარს, შეგიძლიათ ერთობლივი შეხვედრები ჩანიშნოთ და ყოველივე ეს მხოლოდ ერთხელ ისაუბროთ. რასაკვირველია, ბიუჯეტის კორექტირებაც მოგიწევთ. სანაცვლოდ, ეს მიდგომა შეამცირებს თქვენს დროით დანახარჯს, ხოლო სტუდენტები, ჯგუფური შეკრებისას, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, მოსაზრებას და თანაუგრძნობენ უფრო მეტად. ასეთი თანაბარი მენტორინგი უზრუნველყოფს მხარდაჭერასა და აღიარებას – შეგირდები ისმენენ იმას, რომ სხვაც აწყდება მსგავს სირთულეებს. ამგვარად, სტუდენტები იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და უფრო ღიად ჩაერთვებიან დისკუსიაში. გამოდის, რომ ჯგუფური მენტორინგით უფრო მეტ ადამიანს ჩართავთ და უფრო გამოათავისუფლებთ კალენდარს.

არაა აუცილებელი, რომ ჯგუფური მენტორინგის სესიები აუცილებლად პირისპირ ჩატარდეს. Covid-19-ის ეპოქამ ეს მკაფიოდ გვასწავლა და შეხვედრების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასაც მიგვაჩვია. ონლაინ შეხვედრა გეოგრაფიული სიშორის დროს, მოსახერხებელი ალტერნატივაა.

მას შემდეგ, რაც მოლოდინებს განსაზღვრავთ, გადახედეთ სხვა პასუხისმგებლობებს, რაც მენტორინგში კიდევ ერთ შესაძლებლობად შეიძლება გამოიყენოთ. შეგიძლიათ ჩაატაროთ პროფესიული განვითარების ონლაინ ღონისძიებები – ვებინარები და მათზე სასაუბროთ თქვენი სტუდენტები მიიწვიოთ. ეს საკმაოდ აქტუალურ პრაქტიკად იქცა და რამდენიმე საინტერესო პლუსი აქვს – თქვენი შეგირდი სრულიად ახალ გამოცდილებას იძენს, სხვა კუთხით ხედავს თქვენს შრომას და ნეთვორქთან ურთიერთობაც უადვილდება.

მენტორინგმა არ უნდა გადაგწვათ და არ შეჭამოს თქვენი ენერგია. ის შეიძლება იყოს ენერგო-ეფექტური თქვენთვის და საერთოდ არ უკავშირდებოდეს დაღლას. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ მოლოდინების სწორად გაცვლას, ეფექტიან დაგეგმვასა და სტუდენტების კონსოლიდაციას. ეს სტრატეგიები მენტორშიპის შორს მიმავალ გზაზე აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

წყარო: HBR



„ბორჯომი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდამჭერი გახდა!

თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა