20
Nov
2019

რა მოხდება, თუ სიზმრების ჩაწერასა და გაციფრულებას შევძლებთ

20 Nov 2019

თუ ვინმეს სიზმარში შეღწევას შეძლებთ, რას დაინახავთ? შეძლებთ, თუ არა სრულად გაიაზროთ სცენები, ადამიანები ან გარემო, რომელშიც სიზმარი მიმდინარეობს? თუ ეს ყველაფერი ხმებისა და ფერებისგან შემდგარი ერთი დიდი ქაოსი იქნება, რადგან სიზმარი სხვის ტვინში ხდება?

სხვების სიზმრის ნახვის იდეა შეიძლება შეუძლებლად ჟღერდეს, თუმცა, მეცნიერები ახლოს არიან ამის რეალობად ქცევასთან. როგორ დააფიქსირებენ ისინი ჩვენს გაუცნობიერებელ ფიქრებს? დაგვეხმარება ეს იმაში, რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი სიზმრები? თუ ჩავთვლით, რომ სიზმარი ეს არაცნობიერის კონტაქტია ცნობიერთან, დაგვეხმარება, თუ არა სიზმრის „ჩაწერა“ იმ „გაფრთხილებების“ მიღებასა და გაგებაში, რაც სიზმრებში შეიძლება გვხვდებოდეს?

2017 წელს, მეცნიერმა დანიელ ოლდისმა აღმოაჩინა მეთოდი, რომლის დახმარებითაც სიზმრის ციფრულ ინფორმაციად კონვერტირებაა შესაძლებელი. მაშინ, როცა დანიელის გუნდი აღელვებული ცდილობდა სიზმრების ბუნების შესწავლას, საზოგადოების ნაწილი სიზმრის გაციფრულების შედეგებზე დარდობდა. მაგალითად, შეძლებს თუ არა ვინმე სხვის სიზმრებში შეჭრას და მათი შინაარსის გაგებას.

ადამიანები, საშუალოდ, ნორმალური ძილის პირობებში, ერთ ღამეში 2 საათის განმავლობაში, 5-6 სიზმარს ვხედავთ. მათი 95% გაღვიძებისთანავე გვავიწყდება. შედეგად, თუ დილით სიზმარი გვახსოვს, ის რაც „გვახსოვს“ სიზმრის ნატეხების შეერთების და აქედან რაღაც აზრის გამოტანის მცდელობაა.

ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ სიზმარი ეს ჩვენი შეზღუდული სექსუალური და აგრესიული ინსტინქტების გამოძახილია. ინსტინქტების, რომელიც ყველას გვამოძრავებს. კარლ იუნგი კი მათ ერთგვარ ტვინის კომუნიკაციად აღიქვამდა, სხვადასხვა პერიოდში, კონკრეტული ადამიანის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის მარტივი გზების რუკად. ჰარვარდის ფსიქიატრები – ალან ჰობსონი და რობერტ მაკარლი ნაკლებპოეტურ ხედვას გვთავაზობენ – სიზმარი არაფერია, თუ არა ტვინის მცდელობა, გაიგოს ნეირონული აქტივობა, რომელიც ძილის პროცესში ხდება. თუმცა, ეს ყველაფერი თეორიაა… თუ ჩვენ გვინდა ჩვენი სიზმრების სიღრმეებში ჩავიდეთ, საჭიროა გვქონდეს მექანიზმი, რომლითაც მათზე დაკვირვებას შევძლებთ. ამიტომ, ისევ დანიელ ოლდისს უნდა დავუბრუნდეთ.

ოლდისმა თქვა, რომ საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ჩავიწეროთ და დავაკვირდეთ სიზმარს არის მივამაგროთ ელექტროდები მძინარე ადამიანის კიდურებსა და ნიკაპს. ღრმა ძილში შესვლა ადვილადშესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც, ამ დროს, ადამიანი გუგების მოძრაობას იწყებს, თუმცა, თვალები დახუჭული აქვს. ამ დროს, ჩვენი ტვინი ნეირონულ იმპულსებს აგზავნის სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ეს ძილისას ჩვენი სხეულის მოძრაობაში აისახება. ზემოთ აღნიშნული ელექტროდები შეძლებენ ამ იმპულსების გაზომვას და შესაბამისად, ინფორმაციის მოგროვებას. ინფორმაციის, რომლის გაციფრულება და ინტერპრეტირება უკვე სხვა სისტემის საქმეა.

ოლდისის გუნდმა უკვე გამოიყენა 6 ელექტროდი, რომლებიც ადამიანის პირსა და ყელზე მიამაგრეს, იმისათვის, რომ კუნთების მოძრაობაზე დაყრდნობით, საუბრის გაშიფვრა შეძლებოდათ. ახლა მეცნიერი „სიზმრის გუნდთან“ ერთად მუშაობს, იმისათვის, რომ ჩაწეროს საუბარი, სხეულის მოძრაობა და ვიზუალები სიზმრიდან, ტვინის ვიზუალურ სისტემაში შეღწევით. მათ სჯერათ, რომ თუნდაც 20 წლის შემდეგ, ადამიანები შეძლებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას. ანუ, ადამიანები შეძლებენ ღამის განმავლობაში ჩაწერონ მათი სიზმრები სმარტფონებსა თუ კომპიუტერებში, დილით კი ახლიდან ნახონ ის. თუმცა, რა აზრი ექნება ამ ყველაფერს?

ჩვენ შევძლებთ ფხიზლებმა დავინახოთ, თუ რა ხდება ჩვენს სიზმრებში, თუმცა, ეს საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტ და სანდო ინფორმაციას მოგვცემს? ჩვენ ისევ გავაგრძელებთ იმის ინტერპრეტირებას, რასაც ვხედავთ და ალბათ, გამოვიყენებთ სიზმრებს რეალური ცხოვრების დამხმარეებად. თუმცა, ჩვენი სიზმრების გაციფრულება შესაძლოა სახიფათოც იყოს. რა მოხდება, თუ ვინმე ჩვენს სიზმრებში შემოღწევას შეძლებს? ეს აღარ იქნება სხვისთვის გაუგებარი ენა, ეს იქნება კომპიუტერულ სისტემასა და ვიზუალებში მოქცეული სიზმარი, რომლის გასაგებადაც სხვას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება. მეტიც, კარგი თავდაცვის სისტემის ქონის გარეშე, ჰაკერები შეძლებენ შეცვალონ ჩვენი სიზმრების შინაარსი, შესაბამისად კი, შესაძლოა, ჩვენი გადაწყვეტილებებიც… ან შეიძლება ჩვენი სიზმრები შანტაჟის საშუალებად იქცეს კიბერდამნაშავეებისთვის.

ჯერჯერობით, ჩვენი სიზმრებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ჩვენი ტვინია. რა მოხდება, თუ სიზმრების გაციფრულებას შევძლებთ? შესაძლოა, ეს იყოს გზა საკუთარი თავის შესახებ მეტის გასაგებად. შესაძლოა, ამან მეტად ჰარმონიული ცხოვრების წინაპირობა შეგვიქმნას, თუმცა, ჩვენ ზუსტად მაინც ვერ ვიტყვით, რა მოხდება, თუ…

განხილვა