in

რა იქნებოდა, ბავშვებს საშინაო დავალების დახატვა რომ შესძლებოდათ?

ბასიანზე Cio D’or უკრავდა, კარგა ხანს ველოდებოდი მაგ ივენთს, მაგრამ ისე მოხდა, რომ პარასკევიც მოდგა კარს და მე ფული არ მქონდა. უკვე ის დრო იყო, ცხოვრების სხვადასხვა პასუხისმგებლობებთან ერთად, იმაზეც დამეწყო ფიქრი, როგორ მქონოდა ჩემი შემოსავალი, რადგან მშობლებს ფულს ვეღარ და აღარ გამოვართმევდი. ამბიცია კი ღირდა ამბიციად, მაგრამ ეგრე უცბად სად ან რად უნდა მემუშავა, წარმოდგენაც არ მქონდა. gancxadebebi.ge-ზე შევედი, მეთქი, რაც შემიძლია, რაც არ დამეზარება და თან, რაც გაასწორებს, რამე ეგეთს ვიპოვითქო. კაი რა, ჩემო თამარა, 18-ის კი იყავი, მაგრამ მგონი, ძალიან გულუბრყვილო. ვაკანსიების ძიებაც რომ უშედეგო აღმოჩნდა, ავდექი და ჩემი განცხადება შევაგდე, რაც იქნება, იქნებათქო. გამიმართლა. მეორე დღესვე დამირეკეს. მეშვიდე კლასელი გიო უნდა მომემზადებინა ყველა საგანში და დავალებებიც წინსწრებით უნდა გაგვეკეთებინა.

გიო მართლა ძალიან ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი იყო. ეს ჩემთვის, მაგრამ გიოსთვის მე ცოტა არაორდინალური მასწავლებელი აღმოვჩნდი. გრძელი წითელი თმით, ჩემზე დიდი ბათინკებით, ტყავის ოვერსაიზი ქურთუკით და ზედ 5-6 ჯაჭვით.

შენ უნდა იყო ჩემი მასწავლებელიო? – გამარჯობის მაგივრად, პირველი ეგ მკითხა.

მეთქი არა, მე უფრო შენი მეგობარი უნდა ვიყო ვიდრე მასწავლებელითქო. შენ შენი ამბები მომიყევი, მე ჩემსას მოგიყვები და რავი, მერე მოვიფიქროთ როგორ მოგეხმარო მეცადინეობაშითქო.

გიო თურმე ძალიან ბევრს მეცადინეობდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ექვსიანებს იღებდა იმიტომ, რომ ვერაფერს იზეპირებდა. მომიყვა როგორ ტანჯავდა მეცადინეობა და როგორ უნდოდა თამაში. გიჟდებოდა თამაშზე. ცოტა მორიდებით, მაგრამ ბოლოს მაინც შემომკადრა, დღეს რომ ვითამაშოთ თუ შეიძლებაო, ჩემს სათამაშოებს დაგათვალიერებინებო. რა თქმა უნდა დავთანხმდი. თამაშ-თამაშში სკოლის ამბებიც მომიყვა; ხატვა უყვარდა ყველაზე მეტად, მაგრამ თურმე ხატვის პირველ გაკვეთილზე  რაღაც ვერ გადაუხატავს დაფიდან და ამის გამო მასწავლებელმა ფეხზე დააყენა, ხოლო კლასელებმა დასცინეს.

მაგის მერე გადაწყვიტა, რომ ხატვა არ გამოსდის და აღარ ხატავს.

გიომ თავისი სათამაშო ჯარისკაცები დამათვალიერებინა, ჩემი სამეფო მაქვსო, მაგრამ ამდენი დავალებების გამო სამი დღეა არ მომინახულებიაო. ერთად დავათვალიერეთ მის მიერ ლეგოებით აშენებული კოშკი და პატარა ჯარისკაცუნებიც მშვიდად შევასახლეთ შიგნით.

მაინც მოწყენილი იყო, იქნებ დედას უთხრა რომ ხვალ სკოლაში არ გამიშვასო. მიზეზი რომ ვკითხე, აღმოჩნდა რომ სკოლას კი არა,  ქართულის გაკვეთილს არიდებდა თავს. მაგ საგანში შვიდიანიც არასდროს მიმიღიაო, თან ხვალისთვის “ჰელადოსი” მაქვს სასწავლი და ალბათ ისევ ექვსიანს მივიღებ და დედა მეჩხუბებაო. “ჰელადოსი” ტექსტთან ახლოს თხრობით, ანუ ზეპირად უნდა გვესწავლა. გიოს მაშინვე ის ვკითხე, ასეთ დროს რას შვები, როგორ იზეპირებ მეთქი. ვერ ვიზეპირებო. ახლა რვეულში უნდა გადავწერო მთელი თავი, მერე წიგნს რომ დაგვახურინებს მასწავლებელი, რვეული გადაშლილი მექნება და იქიდან ჩუმად წავიკითხავო.

მეთქი გიო, აბა ახლა სტოპ, რამეს მოვიფიქრებთ, ოღონდ ეგ არ ვქნათთქო. ერთად წავიკითხეთ პირველი ორი თავი. დროდადრო ვჩერდებოდით და რაღაცებს ვეკითხებოდი, მპასუხობდა, მაგრამ როდესაც თხრობაზე მივიდა საქმე, გამომიცხადა, ვერ მოვყვები, არ შემიძლიაო. არადა მოსწონდა მოთხრობა, არც თავები გამოირჩეოდა სიდიდით, უბრალოდ ეპიზოდებს ვერ აკავშირებდა ერთმანეთს.

ცოტა ხანი ვითამაშეთ, ბაბილონის სამფლობელოს როგორ მართავდა ეგეც მომიყვა, მერე კი ძირს დავსხედით და ვთხოვე რომ ხვალისთვის პირველი ორი თავიდან სწორედ ის ეპიზოდი დაეხატა ჩემთვის, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა.

გაუკვირდა, მარტო ეს არის ჩემი საშინაო დავალებაო?

ჰო, ოღონდ ერთხელ კიდე წაიკითხე და თან იფიქრე, რომელიმე ეპიზოდს ხომ არ შეცვლიდი მეთქი.

მაგ დღეს ეგრე დავიშალეთ.

მეორე დღეს გიოს დედა იმაზე გახარებული შემხვდა, ვიდრე ველოდი – პირველი რვიანი მიიღოო, ოთახში კი გიო დამხვდა ძირს მოფენილი ნახატებით. მთელი ორი თავის ეპიზოდები ნახატებში გადმოეტანა, გამორჩეულად კი ერთი ნახატი მოსწონდა, სადაც ჯემალი ვიოლონოთი ხელში აჭმევს თევზებს, ოღონდ ისინი არ კვდებიან და ცურვას აგრძელებენ.

გიო მომიყვა, როგორ მოაყოლა მასწავლებელმა გაკვეთილი, მოყოლის დროს კი ის თურმე თავის ნახატებს იხსენებდა, მაგ თანმიმდევრობით ყვებოდა ეპიზოდებს, საბოლოოდ კი გაკვეთილიც კარგად მოყვა, უბრალოდ პერსონაჟები სხვა ზედსართავი სახელებით დაახასიათა, იმათგან განსხვავებულით, რაც მასწავლებელმა წინა დღეს რვეულში ჩააწერინა, ამიტომ მიიღო რვიანი და არა უფრო მაღალი ქულა. გიო გახარებული იყო, მოდი ყველა მოთხრობა ეგრე დავხატოთო, შენ კი რომელი ნახატიც მოგეწონება ყველაზე მეტად, იმას გაჩუქებო. გიოს რამდენიმე თვე ვამზადებდი, მერე დედამისმა შემომჩივლა, თანხის გადახდის საშუალება აღარ მაქვსო, გიომაც სწავლას მოუმატა ყველა საგანში, უკვე ათიანებსაც კი იღებს, იქნებ დამოუკიდებლად შეძლოს გაგრძელებაო.

ბოლოჯერ მივედი გიოსთან. მასალა გადავიმეორეთ და ცოტა ვითამაშეთ. ვატყობდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა.

– თამარა, გახსოვს რომ გითხარი ჩემი ნახატებიდან მინდა ყველაზე კარგი გაჩუქოთქო? გახსოვს, “ჰელადოსი” ბოლომდე რომ წავიკითხეთ, დამთავრებისას როგორი მოწყენილი იყავი? მივხვდი, რომ ტირილი გინდოდა და ჩემ წინ არ იტირე. შენ გგონია ვერ მივხვდი? იცი, სკოლაში რომ წავიკითხეთ მეც მინდოდა ტირილი, მაგრამ ვერ ვიტირე. მასწავლებელი ჩხუბს დამიწყებდა, ბიჭები არ ტირიანო, ჩემი კლასელები კიდე დამცინებდნენ, ამიტომ იცი რა ვქენი?

აქ უკვე საკმაოდ გაფითრებული და ენაჩავარდნილი ვუყურებდი; რა-თქო – ძლივს ვკითხე.

– დავხატე.

და ნახატი მაჩვენა.

– თამარა, ესენი იანგული და ჯემალი არიან, ისინი დიდხანს იცოცხლებენ და სულ იმეგობრებენ, ამიტომ, აღარ იტირო შენ. ხომ შეინახავ? ისე, მე მგონია, რომ ბიჭებსაც შეუძლიათ ტირილი. ჯემალიც ხომ ტიროდა, იანგულიც! ამ ნახატში ისინი იცინიან და აღარ იჩხუბებენ, გპირდები!

მაგ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ მე და გიომ, ვითამაშეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ეს ნახატი კი დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და ემოციურ საჩუქრად რჩება. დიახ, მას მე დღემდე ვინახავ და ამ ამბავმა ჩემში საკმაოდ დიდი ცვლილებებიც მოახდინა.

მაგ დროიდან დღემდე, ალბათ ძალიან ბევრი მიფიქრია ჩვენს განათლების სისტემაზე, ზოგადად დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე და მოძველებულ მიდგომებზე, უღიმღამო, უემოციო შრომაზე და იმ ფაქტზე, თუ რიგ შემთხვევებში, რამდენად ამოსატრიალებელი გვაქვს ძალიან საბაზისო საკითხები. ასევე იმაზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ თვალების დახუჭვას და ახალი, კრეატიული ან თუნდაც უკვე კარგად მოძველებული გზის გამოძებნას, ოღონდ რაც მთავარია გამოძებნას და არა პირდაპირ იმ სვლას, რაც წინაპრებისგან, ლეგენდებისგან თუ ტუტორიალებისგან ვიცით, რომ ჭრის. ახლა ნამდვილად არ ვიცი რას შვება გიო, ხატავს თუ არა ისევ და საერთოდ, როგორი ტიპია, მაგრამ ძალიან მინდა ახლაც ისევ ისე უყვარდეს ფიქრი, როგორც მაშინ და ისევ ისე იყენებდეს თავის წარმოსახვის უნარს ყოველდღიურობაში.

მე კი მჯერა, რომ რა სფეროშიც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ეს ნახატი ყოველთვის მომცემს ძალას ვიბრძოლო იმისთვის, რომ ბავშვებს შეეძლოთ საშინაო დავალებების დახატვა, ნაწარმოებების ბედნიერი დასასრულის წარმოდგენა და ტირილი, განურჩევლად სქესისა.

 

თამარა კაჭახიძე – Forbes Woman Georgia-ს ჟურნალისტი და ციფრული კამპანიების სტრატეგი

„ყველაფერი ექსტერიერის სრულყოფისათვის“ – „ლეგის“ ახალი ვიდეორგოლი

როგორ გამოვიყენოთ LinkedIn-ის პროფილი სწორად