in

რა არის დივიდენდი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

იმ თემების შემდეგ, რომლებზეც წინა სტატიებში ვისაუბრეთ, დროა, დივიდენდის საკითხსაც შევეხოთ. საფონდო ბირჟაზე, ინვესტორი, როგორც წესი, მოგებას ორი ძირითადი გზით იღებს. ესენია: მის მიერ შეძენილ აქციებზე ფასის ზრდა და დივიდენდის დარიცხვა.

galt & taggart
galt & taggart

დივიდენდი ეს არის კომპანიის მიერ, აქციონერისთვის გადახდილი მოგება, რომელიც, ძირითადად, კვარტალურად გაიცემა, ფულადი სახსრების სახით.

კომპანიას დივიდენდის გადახდის ვალდებულება არ აქვს და მას ამ მოგების რეინვესტირებაც შეუძლია – მაგალითად, მეტი თანამშრომელი აიყვანოს, ახალი პროდუქტი გამოუშვას ან წარმოება გაზარდოს.

დივიდენდებს, როგორც წესი, დიდი და კარგად განვითარებული კომპანიები იხდიან და არა, ისეთები, ოპერირების საწყის ეტაპზე რომ არიან.

დიდი, უკვე განვითარებული ბიზნესის მოგება სტაბილურია. შესაბამისად, აქვს საშუალება, თავის აქციონერებს დივიდენდები რეგულარულად უხადოს. დამწყები კომპანიები კი  ზრდაზე არიან ორიენტირებულები. ამიტომ, ურჩევნიათ, ნებისმიერი მოგება, ისევ ბიზნესში დააბრუნონ. მაგალითად, ენერგოკომპანია NextEra Energy-მ, რომელიც თითქმის, 100 წელის წინ შეიქმნა, 2020 წლის მესამე კვარტალში, თითო აქციაში $1.40 გადაუხადა აქციონერებს, კამერების მწარმოებელ, 2002 წელს დაარსებულ GoPro-ს კი, ამავე პერიოდში, საერთოდ არ გაუცია დივიდენდები.

დივიდენდი ქოქოსის ხიდან ჩამოვარდნილ მწიფე ნაყოფს ჰგავს.

წარმოიდგინეთ, ქოქოსის ხე კომპანიაა, რომელიც საკუთარ ნაყოფს გაძლევთ. როგორც ინვესტორს, ორი არჩევანი გაქვთ: დაიტოვოთ ქოქოსი და მისგან კერძი მოამზადოთ, ან გვერდზევე დარგოთ, რომ კიდევ ახალი ხე ამოვიდეს და რაღაც დროის შემდეგ, მეტი მოსავალი მიიღოთ.

ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა არის დივიდენდი? 

დივიდენდით კომპანია, ასე ვთქვათ, აჯილდოებს საკუთარ აქციონერებს. ეს არის ინვესტიციიდან ერთ-ერთი ტიპის სარგებლის მიღება, ფულის სახით. აქციონერი, როგორც კომპანიის თანამშრომელი, მისი მოგების პროპორციულად იღებს წილს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიებს დივიდენდების გაცემის ვალდებულება არ აქვთ და მათსავე გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული გადახდა – არ გადახდის საკითხი. ასევე, თავად განსაზღვრავენ თანხის ოდენობას და გაცემის სიხშირეს.

კომპანიების მიერ, აქციონერებისთვის, დივიდენდების გადახდის საკითხი დირექტორთა საბჭოს დონეზე მტკიცდება. საბჭო, კომპანიის მრჩევლებით, აქციონერების ინტერესების შესაბამისად არის დაკომპლექტებული. უფრო დეტალურად კი ფუნქციები ასეა გადანაწილებული: აქციონერებისთვის მოგების განაწილების ვადას კომპანიის ხელმძღვანელი წყვეტს, დივიდენდების გაცემა-არ გაცემის საკითხს კი დირექტორთა საბჭო ამტკიცებს.

როგორ იღებს ინვესტორი დივიდენდს?

კომპანიის მიერ, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, თითოეულ დარეგისტრირებულ აქციონერს აქვს უფლება, მიიღოს დივიდენდი. როგორც წესი, აქციები, რომლებსაც აქციონერი ფლობს, ფაქტობრივად, საბროკერო კომპანიას ეკუთვნის. ამიტომ, მისი სახელით საბროკერო კომპანია იღებს დივიდენდს და ინვესტორის ანგარიშზე ათავსებს.

დივიდენდის გადამხდელი კომპანიები 

დივიდენდის გადახდა ბიზნესის პოლიტიკის მიხედვით ისაზღვრება. კი აღვნიშნეთ, რომ მოგების ამ წილს მხოლოდ დიდი და უკვე შემდგარი კომპანიები იხდიან, თუმცა, თუ ახლადშექმნილ და მცირე ზომის ფირმას სურვილი აქვს, უპრობლემოდ შეუძლია დივიდენდის გაცემა. ეს მხოლოდ მის მიზნებზე, ზრდის ტემპსა და სამომავლო სტრატეგიაზეა დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მდგომარეობაშია კომპანიის  აქციები:

მზარდი აქციები – თუ კომპანიის აქციები მზარდია, მისთვის შემოსავლების რეინვესტირება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აქციონერებისთვის მოგების განაწილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინვესტორს მოგება კომპანიის აქციებზე ფასების ზრდამაც შეიძლება მოუტანოს.

სტაბილური აქციები – თუ კომპანიის აქციების ღირებულებამ ზრდის სერიოზული ტემპები წარსულში მოიტოვა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, შეუძლია, მომავალზე ორიენტირებული რეინვესტირების ნაცვლად, აქციონერები დივიდენდების გაცემით დააჯილდოოს.

დივიდენდის გაცემის ვადები და პროცედურები 

დივიდენდის დამტკიცება და გაცემა განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი პროცედურებით ხდება.

განცხადების თარიღი – კომპანიის მმართველი საბჭო დივიდენდის გაცემის შესახებ აცხადებს. განცხადება დივიდენდის ოდენობის თუ ჩანაწერისა და გადახდის თარიღზე ინფორმაციასაც მოიცავს.

წინა დივიდენდის თარიღი – თუ ინვესტორი აქციას ვადის გასვლის დღეს ან მომდევნო პერიოდში შეიძენს, დივიდენდს ვერ მიიღებს. კომპანიის მოგება იმ აქციონერებზე გადანაწილდება, ვისაც აქციები ვადის გასვლამდე, მინიმუმ, ერთი სამუშაო დღით ადრე ჰქონდა.

ჩანაწერის თარიღი – ინვესტორის სახელი კომპანიის აქციონერებს შორის ოფიციალურად უნდა ფიქსირდებოდეს. აქციების შეძენისას, ოფიციალურ გაფორმებას დრო სჭირდება. ამიტომ, ინვესტორი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩანაწერების შემოწმების დროს, კომპანიის ოფიციალურ აქციონერებს შორის არის.

გადახდის თარიღი – იგივე დივიდენდის გაცემის თარიღი. ამ დღეს კომპანია აქციონერებს დივიდენდს ურიცხავს.

დივიდენდის გავლენა კომპანიის აქციების ფასზე 

დივიდენდი კომპანიის აქციების ფასზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს. ამის მიხედვით, მათი ღირებულება იზრდება, ან პირიქით – მცირდება.

როდესაც კომპანია დივიდენდის შემცირებაზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ სამომავლოდ, ნაკლებ მოგებას ელის. ბუნებრივია, ეს აქციების ფასზე უარყოფითად აისახება და აქციების ფასი იკლებს. ამიტომ, კომპანიები დივიდენდის გაცემას მხოლოდ მაშინ აანონსებენ, როდესაც გარკვეულ ფინანსურ სტაბილურობას აღწევენ.

როდესაც კომპანია ახალი, ან გაზრდილი დივიდენდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მისი აქციების ფასი იზრდება.

როგორ იხდის კომპანია დივიდენდს? 

კომპანიის მენეჯმენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გაანაწილოს მოგება. დივიდენდი კარგი ვარიანტია კომპანიისთვის, თუ თვლის, რომ ეს აქციონერების ინტერესებში შედის. ფულადი გადახდები აქციონერების გარკვეული სეგმენტისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტია, თუმცა, არა ერთადერთი და ყველაზე მოგებიანი ვარიანტი.

თუ კომპანიას დიდი კრედიტი ან ვალი აქვს, დივიდენდის გადახდამ, შესაძლოა, საოპერაციო პრობლემები შეუქმნას, რაც საბოლოო ჯამში, ბიზნესს დააზარალებს. ამიტომ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ხელმძღვანელობა თავს იკავებს ხოლმე დივიდენდის გადახდისგან.

დივიდენდის მომტანი ინვესტიციები

დივიდენდის შემოსავალი – ეს არის აქციის ღირებულების პროცენტი, რომელსაც კომპანია, დივიდენდის სახით, ყოველწლიურად იხდის. ამ მაჩვენებელს, ხშირად, ობლიგაციის კუპონის განაკვეთს ადარებენ – ორივე ფულადი შემოსავალია, რასაც ინვესტორი, მისივე ინვესტიციის ფასთან შეფარდებით იღებს.

როგორც წესი, მაღალი სადივიდენდო შემოსავლების მქონე კომპანიები უფრო კონსერვატორული ტიპის ინვესტორებისთვისაა საინტერესო. შედარებით დაბალი ან ნულოვანი სადივიდენდო შემოსავლის მქონე აქციები ან წამგებიანია, ან მათში ინვესტირება სამომავლოდ იქნება მიმზიდველი. ისინი კლასიფიცირდება როგორც მზარდი აქციები და შესაძლოა, განსხვავებული საინვესტიციო ღირებულება ჰქონდეს, იმ აქციებთან შედარებით, რომლებსაც დივიდენდები მოაქვს.

 


 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ფრი 200 დოლარად იყიდება

Google-ის ახალი აპლიკაცია მონაცემების iPhone-დან ანდროიდზე გადატანაში დაგეხმარებათ