in

რა არის ფინანსური პორტფელი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ჩვენი რუბრიკის წინა სტატიებში უკვე ვისაუბრეთ საფონდო ბირჟაზე, ინვესტიციებზე – მის ტიპებსა და კლასიფიკაციაზე. ახლა კი, ვფიქრობთ, დროა, ფინანსურ პორტფელზე გიამბოთ. ის აქტივების ნაკრებია, რომელშიც შედის: აქციები, ობლიგაციები, ნაღდი ფული, უძრავი ქონება და ალტერნატიული ინვესტიციები. ამიტომ, ცოდნა იმისა, თუ რა არის და როგორ იქმნება ფინანსური პორტფელი, რა რისკები ახლავს თან და როგორ უნდა მართოთ ის ეფექტურად, ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, თუ კი, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობითა და ინვესტირებით ხართ დაინტერესებული.

galt & taggart
galt & taggart

ფინანსური პორტფელი საშუალებას გაძლევთ, საკუთარი შეხედულებებისამებრ გაანაწილოთ საინვესტიციო რესურსი. ბევრი ამ ნაკრებში მხოლოდ აქციებს, ობლიგაციებსა და ნაღდ ფულს მოიაზრებს. თუმცა, დღეს, მისი გაცილებით ფართო გაგება არსებობს – ფინანსური პორტფელი შეიძლება, მოიცავდეს სხვა აქტივებსაც. მაგალითად: უცხოურ ვალუტას, ოქროს, ხელოვნების ნიმუშებს, უძრავ ქონებასა და კერძო კომპანიებში ჩადებულ ინვესტიციებს. დამოუკიდებლად ან პროფესიონალის დახმარებით, შეგიძლიათ, ისეთი პორტფელი შექმნათ, როგორიც თავად გსურთ – მეტად ან ნაკლებად გარისკოთ და შეარჩიოთ თქვენთვის უფრო მისაღები აქტივები. ამ დროს, როგორც წესი, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის: რისკისადმი თქვენი ტოლერანტულობა, ინვესტიციის ხანგრძლივობა და ა.შ.

მაგალითი: გადაწყვიტეთ, $1000-ის ინვესტირება, სხვადასხვა ტიპის აქტივში. შესაბამისად, შეიძინეთ $250 ღირებულების აქციები Apple-ში და $150 ღირებულების აქციები – Nike-ში. თქვენი კაპიტალი მხოლოდ ორი კომპანიის საქმიანობაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, მნიშვნელოვანია პორტფელის დივერსიფიცირება. ამიტომ, შეგიძლიათ, შეიძინოთ, მაგალითად, $330 ღირებულების მუნიციპალური ობლიგაციები, $270 დოლარი კი რომელიმე ინდექს ფონდში ჩადოთ. ასეთ შემთხვევაში, თქვენი პორტფელის 67% აქციები ($670), 33% კი ობლიგაციები ($330) იქნება.

რის საშუალებას გაძლევთ ფინანსური პორტფელი?

ფინანსური პორტფელის საშუალებით, მთელი თქვენი აქციების, ობლიგაციებისა და სხვა აქტივების საერთო შეფასებას აკეთებთ. ასე ხედავთ მთლიან სურათს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პორტფელი ფინანსური აქტივების კრებულია. უმჯობესია, ის თქვენივე ფინანსური მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტოთ. ხშირად, ინვესტორები  ერთი კლასის აქტივებს, მაგალითად, მხოლოდ აქციებსა და ობლიგაციებს ირჩევენ. თუმცა, არსებობს რეკომენდაციები და პრაქტიკა, რომ სხვადასხვა კლასის გაერთიანებაც შეგიძლიათ – მაგალითად, ამ ფასიან ქაღალდებს დაუმატოთ ხელოვნების ნიმუშები ან ოქრო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ და გაითვალისწინოთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტულობა და ცხოვრების წესი – როდის აპირებთ პენსიაზე გასვლას, რამდენი წლის განმავლობაში გინდათ, ამა თუ იმ აქტივში ინვესტიცია ჩადოთ და ა.შ.

რაში დაგეხმარებათ ფინანსური პორტფელი? 

ის დაგეხმარებათ ერთი ჩარჩოს ქვეშ, ერთ სივრცეში მოაქციოთ თქვენი ფინანსები. ასევე – მარტივად მოახერხოთ ინვესტიციების მონიტორინგი და მართვა.

თუ სურვილი გექნებათ, ფინანსური პორტფელის დახმარებით, შეძლებთ აქტივების დივერსიფიცირებას – დაყოფთ მათ აქციების, ობლიგაციების და სხვა მიმართულებების მიხედვით.

ფინანსური პორტფელის საშუალებით მონიტორინგი დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, მუშაობს თუ არა წინასწარ გათვლილი ფინანსური სტრატეგია, რომელი აქტივები უფრო მეტად მისაღებია თქვენთვის და რომელი – ნაკლებად. შესაბამისად, გადაწყვეტთ, რა ტიპის ინვესტიცია გირჩევნიათ.

როგორ უნდა შექმნათ ფინანსური პორტფელი? 

ინვესტორთა უმრავლესობა ფინანსური პორტფელის შექმნას რამდენიმე აქციის შეძენით იწყებს – ეს საბაზისო, მარტივი ფორმაა. კვლევები ადასტურებს, რომ საერთაშორისო პორტფელი უმჯობესია, სხვადასხვა კლასის აქტივების კრებული იყოს. ეს დაგეხმარებათ, უკეთ მართოთ რისკები და მოახდინოთ შემოსავლების ოპტიმიზაცია.

არსებობს პორტფელის შექმნის სამი ძირითადი გზა:

  1. დამოუკიდებლად შეარჩიოთ აქტივები
  2. ჩადოთ ინვესტიცია ორმხრივ/საინვესტიციო ფონდში, რომელიც სხვადასხვა ტიპის აქტივებს აერთიანებს
  3. აიყვანოთ ფინანსური მრჩეველი, რომელიც დაგეხმარებათ ინვესტიციების შერჩევაში

მოდით, ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი:

აქტივების დამოუკიდებლად შერჩევა ნიშნავს, რომ თავად აკეთებთ აქციების ნაკრებს, ან ქმნით აქციების, ობლიგაციებისა და სხვა აქტივების მიქსს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი შეხედულებებისამებრ იღებთ.

ამის ალტერნატივაა ინვესტიციის ჩადება საინვესტიციო ფონდში, რომელსაც პროფესიონალი მართავს. ის აქციების, ობლიგაციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების თუ აქტივების მიქსში ინვესტირების საშუალებას გაძლევთ.

რაც შეეხება კერძო ფინანსურ მრჩეველს, ის საინვესტიციო შესაძლებლობებს თქვენთან ერთად განიხილავს, გთავაზობთ სხვადასხვა ვარიანტს და მისი შერჩევის შემდეგ, მართავს თქვენს ფულად რესურსს. ბუნებრივია, თქვენთან შეთანხმებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ ფინანსური პორტფელის შექმნისას?

ფინანსური პორტფელის შექმნისას, ორი ძირითადი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

რისკების მართვა – გაიაზროთ და შეაფასოთ რისკისადმი საკუთარი დამოკიდებულება და ისე მიიღოთ თქვენთვის ყველაზე მართებული გადაწყვეტილება

დროითი ჰორიზონტის განსაზღვრა – მნიშვნელოვანია, გათვალოთ, რამდენი წლის განმავლობაში აპირებთ აქტიურ ფინანსურ საქმიანობას, როდის გადიხართ პენსიაზე და ა.შ.

ეს პარამეტრები დაგეხმარებათ, გაიაზროთ, რა ტიპის პორტფელის შექმნა გსურთ და რა სახის ინვესტიციებია თქვენთვის ხელსაყრელი. როგორც წესი, მაღალი რისკი იმ ინვესტორებს ახასიათებთ, ვისაც გრძელვადიანი გათვლები აქვთ ინვესტირებასთან დაკავშირებით.

მაღალი რისკი და გრძელვადიანი პოლიტიკა ახასიათებთ აგრესიულ ინვესტორებს, ანუ მათ, ვინც სხვადასხვა ტიპის აქციებსა და უძრავ ქონებას ყიდულობს. ამ მიზნების განხორციელება გარკვეულ დროს მოითხოვს, რის გამოც პორტფელის ეფექტიანობა შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს.

დაბალი რისკი და მოკლევადიანი პოლიტიკა კი კონსერვატიულ ინვესტორებს ახასიათებთ, ანუ მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს ფინანსურ სტაბილურობას და მეტად პროგნოზირებად შემოსავალს. ხშირად, კონსერვატიული ინვესტორები საკუთარი ფულის დიდ ნაწილს შემოსავლებზე ორიენტირებულ ინვესტიციებში დებენ და თანახმა არიან, ნაკლები რისკის ფასად, გარანტირებული შემოსავლები მიიღონ.

რა რისკი ახლავს თან ფინანსური პორტფელის შექმნასა და მართვას? 

მოკლედ და მარტივად გეტყვით – ეს არის ფულის დაკარგვის ალბათობა. იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ მის დაკარგვაზე, შეგიძლიათ გაზომოთ რისკის მიმართ საკუთარი ტოლერანტულობა.

ამიტომ, ფინანსური პორტფელის შექმნამდე და შემდეგ უკვე მისი მონიტორინგისა თუ მართვისას, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ:

ფულის დაბანდებამდე მნიშვნელოვანია, გაერკვეთ რომელი ტიპის ინვესტორი ხართ: აგრესიული, კონსერვატიული თუ ზომიერი? საკუთარი რისკისადმი ტოლერანტულობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, აირჩიოთ აქტივების მართვის სტრატეგია.

არსებობს ასეთი ცნება „სპეციფიკური რისკები“, რომელიც ინდივიდუალური აქციებისთვისაა დამახასიათებელი. არის შანსი, რომ სპეციფიკურმა ფაქტორმა გავლენა მოახდინოს კონკრეტული კომპანიის საქმიანობაზე, მაგალითად, გაკოტრდეს მისი მსხვილი მიმწოდებელი, ან კომპანიამ დაკარგოს ძველი მენეჯერი. როდესაც საფრთხე ექმნება იმ სეგმენტს, რომელშიც თქვენი პორტფელის ძირითადი ნაწილია თავმოყრილი, ინვესტორი „პორტფელის რისკის“ წინაშე დგება.

შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ ერთ, რომელიმე სეგმენტში კონცენტრირებული პორტფელი შეიძლება, ნაკლებად მდგრადი იყოს, ვიდრე დივერსიფიცირებული. მაგალითად, თუ ინვესტიციას, ძირითადად, უძრავი ქონების სფეროში ჩადებთ და ეს სეგმენტი ბაზარზე მკვეთრად შემცირდება, თქვენი პორტფელი მნიშვნელოვანი დანაკარგების წინაშე აღმოჩნდება.

თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ ტიპის პორტფელის სპეციფიკური რისკი დივერსიფიკაციის გზით შემცირდეს.

რა არის დივერსიფიცირებული პორტფელი?  

დივერსიფიცირებული პორტფელი აქციების, ობლიგაციებისა და ნაღდი ფულადი რესურსის მიქსს მოიცავს. უძრავი ქონების, ოქროსა და სხვა აქტივების დამატებამ, შესაძლებელია, კიდევ უფრო გააძლიეროს დივერსიფიცირებული პორტფელი.

მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ დივერსიფიცირებული პორტფელი რისკებისგან ბოლომდე დაზღვეული არ არის, თუმცა ფინანსების ასეთი მართვა შესაძლო დანაკარგებს ნამდვილად ამცირებს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მთელი ფულადი რესურსის აქტივების ერთ კლასში დაბანდება მაღალი რისკის შემცველია. მაგალითად, თუ თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების ფასი დაეცემა, თქვენი პორტფელის ეფექტიანობა საფრთხის ქვეშ დადგება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აქციების პარალელურად, შეიძინოთ ობლიგაციებიც, რაც უფრო მეტად სტაბილური შემოსავლის მიღების საშუალებას მოგცემთ.

რა ნიშნავს ფინანსური პორტფელის დაბალანსება?

ეს ნიშნავს, შეცვალოთ საკუთარი პორტფელი, მიზნობრივი შეზღუდვების მიხედვით, გააჩნია თქვენს სტრატეგიას –  შეგიძლიათ, გაყიდოთ აქტივები, რომლებზეც თვლით, რომ ამ ეტაპზე თქვენთვის ზედმეტია, ან პირიქით – იყიდოთ ის აქტივები, რომლებიც თქვენს პორტფელს აკლია. ბალანსი დაგეხმარებათ, შექმნათ, მართოთ და შეინარჩუნოთ თქვენთვის მისაღები ფინანსური პორტფელი.

————————————————————————————————————————————-

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

ნახეთ: Pack-Man-ის დიზაინის მქონე საათი

WHERE NEXT – გიორგი ისაკაძე შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანიაში