თუ ჩვენს რუბრიკას თვალს ადევნებთ, ნახავდით, რომ წინა ეპიზოდებში, ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე თემას შევეხეთ. ბუნებრივია, ვისაუბრეთ აქციების ტიპებზე და ინვესტირების სხვადასხვა შესაძლებლობებზე. რამდენჯერმე ვახსენეთ IPO-ც, თუმცა, დეტალურად არ განგვიხილავს მისი შესაძლებლობები. დღეს კი გადავწყვიტეთ, სწორედ ამ თემაზე გიამბოთ.
IPO (Initial Public Offering) ბიზნესის მხრიდან, ინვესტორებისთვის, ფასიანი ქაღალდების პირველადი საჯარო შეთავაზებაა.
ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება – ჯერ ხდება კომპანიის აქციების ფასის განსაზღვრა და შემდეგ იწყება საინვესტიციოდ გამოტანილი წილებით ვაჭრობა.
როდესაც კომპანია IPO-ზე გადის, მისი აქციები პირველად ხვდება საჯარო ფასიანი ქაღალდების მენიუში. შესაბამისად, მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს კი, ინვესტორთა ნაწილს, აქციების ყიდვის მაცდუნებელ სურვილს უჩენს. IPO-ს მიღება და მასში ინვესტიციის ჩადება, გაბედული ნაბიჯია და ვისაც სტაბილურობა ურჩევნია, შესაძლოა, მათთვის საერთოდ არ იყოს მიმზიდველი.
რატომ გამოაქვთ კომპანიებს ფასიანი ქაღალდები საჯაროდ ვაჭრობისთვის, ანუ რა სარგებლობა მოაქვს IPO-ს?
ბევრი კომპანიისთვის, IPO არის შესაძლებლობა, ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, ახალი რესურსები მოიზიდოს. გარდა ამისა, საჯარო შეთავაზების შემდეგ, მათი აქციები უფრო ლიკვიდური ხდება. ანუ დამფუძნებლებს და ინვესტორებს, ვინც თავიდან ფული ჩადო ამ ბიზნესში, საშუალება ეძლევათ, აქციები ფულად რესურსად გარდაქმნან. IPO-ზე გასვლისას, კომპანიებმა აუცილებლად უნდა წარადგინონ ფინანსური ანგარიში, რაც მათთვის მენეჯმენტის უფრო ეფექტური მეთოდების სტიმულატორია. ამას კი, ბუნებრივია, სარგებელი მოაქვს აქციონერებისთვის.
აქციების ლისტინგი (საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების გაშვება) და ფასის განსაზღვრა
IPO-ს საწყის ეტაპზევე, ბიზნესი, ქირაობს ერთ ან რამდენიმე საინვესტიციო ბანკს, რომლებიც აქციების ფასის განსაზღვრაში ეხმარებიან. შემდეგ, გამოსცემს ოფიციალურ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო განცხადებას (ან S-1), სადაც დეტალურადაა აღწერილი მისი ბიზნესმოდელი და განვითარების გეგმა.
მომდევნო ეტაპზე, კომპანია და მისი პარტნიორი საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები, ბიზნესმოდელს ინვესტორებთან, ანალიტიკოსებთან და ფონდების მენეჯერებთან ერთად განიხილავენ. ეს დისკუსია კომპანიასა და მის პარტნიორებს აქციების საწყისი ფასის უკეთ განსაზღვრას და დადგენაში ეხმარება.
აქციების საწყისი ფასის განსაზღვრისთანავე, კომპანია უშვებს ახალ აქციებს საფონდო ბირჟაზე წარსადგენად. საკუთარი აქციების სანაცვლოდ კი იღებს ფულად რესურსს, ანუ თანხას, რასაც ინვესტორები მათ აქციებში დებენ.
IPO-ს შემდეგ, კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება. ეს უკვე მეორად ბაზარზე ვაჭრობაა, ადგილი, სადაც ინვესტორები ფასიან ქაღალდებს ყიდიან და ყიდულობენ.
რა ხდება IPO-ს დღეს?
ნებისმიერი ტიპის აქციებში ინვესტირებას თან ახლავს რისკი შემცირდეს ან გაიზარდოს ამ ფასიანი ქაღალდების ფასი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ლისტინგის დღეს. აქციები ივაჭრება ღია ბირჟებზე, ჯერ IPO-ს საბოლოო ფასით, შემდეგ კი მისი ღირებულება თავისუფლად, ინვესტორების მხრიდან არსებული მოთხოვნების მიხედვით განისაზღვრება.
მაგალითად, აშშ-ში, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა 9:30 საათზე იწყება. როგორც კი ვაჭრობა დაიწყება, ინვესტორებს, საბროკერო ფირმის გავლით, ახალი კომპანიის აქციების ყიდვა – ყიდვა შეუძლიათ.
რა რისკები ახლავს IPO-ს?
გარკვეული რისკები, ნებისმიერი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას ახლავს და ბუნებრივია, გამონაკლისი არც IPO არის.
- IPO-ს მიმართ დიდმა ინტერესმა, შესაძლოა, არასტაბილურობა გაზარდოს – როგორც კი კომპანია აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO) აკეთებს, მაშინვე მედიისა და სხვა დაინტერესებული პირების ყურადღების ცენტრში ექცევა. ვაჭრობის პირველ დღეებში, კომპანიის მენეჯერებმა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებმა, თავიანთი განცხადებებით, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტური, ან პირიქით – მეტისმეტად პესიმისტური მოლოდინები შექმნან. ეს კი კომპანიის აქციების არასტაბილურობას უწყობს ხელს. ზუსტად ამის გამო, შესაძლებელია, რომ მოკლე დროში, აქციების ფასები ყოველდღიურად, რადიკალურად შეიცვალოს – შემცირდეს ან პირიქით – გაიზარდოს.
- საინვესტიციო ბანკებს შეუძლიათ აქციების კურსის დაცვა – IPO-ს მომდევნო დღეებში, საინვესტიციო ბანკებს საშუალება აქვთ, დაიცვან აქციების ფასი ძალიან დიდი ვარდნისგან. მათ შეუძლიათ, იყიდონ ახლად დარეგისტრირებული კომპანიის ფასიანი ქაღალდები. როგორც კი ეს მხარდაჭერა შეჩერდება, არ არის გამორიცხული, აქციების ფასი შეთავაზებისას მის ღირებულებაზე დაბლა დაეცეს.
- IPO შეიძლება სპეკულაციის საგანი გახდეს. ინვესტორი აუცილებლად გულდასმით უნდა გაეცნოს ემისიის პროსპექტს – პროსპექტი, რომელიც როგორც წესი, IPO-მდე რამდენიმე კვირით ადრე ქვეყნდება და IPO-ს ინიციატორი კომპანიის მხრიდან დოკუმენტების გაფორმებას მოითხოვს. ეს ინვესტორს ეხმარება სწორად განსაზღვროს, რამდენად ხელსაყრელია, წარმოდგენილი წინადადება. ასე მაგალითად, ამ დოკუმენტებში, არის ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობაზე. აქვე დეტალურადაა განხილული მისი ბიზნესმოდელი და შესაძლო რისკები
Direct Listing — აქციების გამოშვების ალტერნატიული გზა
ორივე, IPO-ცა და Direct Listing-იც ინდივიდუალურ ინვესტორებს კომპანიის პირველად გამოშვებული აქციებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, მაგრამ მათ შორის არის სხვაობაც:
IPO-სგან განსხვავებით, Direct Listing არ გულისხმობს ახალი აქციების გამოშვებას ან ახალი კაპიტალის ზრდას.
Direct Listing როგორც წესი ისეთ კომპანიებს იზიდავს, რომლებსაც ძლიერი ბრენდი აქვთ და ახალი კაპიტალის მოზიდვისკენ არ ისწრაფვიან. მათ, უბრალოდ, სურთ, საჯაროდ განათავსონ აქციები, რომ პირველმა ინვესტორებმა და აქციონერებმა საკუთარი წილის გაყიდვა შეძლონ. როგორც წესი, ეს პროცედურა პირდაპირი ლისტინგის დროს ყველაზე მეტად ეფექტურია.
ცოტა რამ IPO-ს ისტორიიდან
ტერმინი Initial Public Offering, ათწლეულების განმავლობაში, ძალიან ტრენდული იყო „უოლ სტრიტსა“ და იქაურ ინვესტორებს შორის. პირველი, თანამედროვე IPO ჰოლანდიელებს უკავშირდება, როცა მათ ჰოლანდიურ-ინდური კომპანიის აქციები წარადგინეს პირველად საჯარო ვაჭრობისთვის. მას შემდეგ, კომპანიები IPO-ს, სახელმწიფო თუ კერძო ინვესტორებისგან, კაპიტალის მოსაზიდად იყენებდნენ და წლების განმავლობაში, იყო როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი ტრენდები მისი ემისიის (ფასიანი ქაღალდების გამოშვება) კუთხით.
dot-com-ის ბუმის პიკში, ტექნოლოგიური IPO-ების რაოდენობა გაიზარდა, რადგან სტარტაპებმა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, წარადგინეს საფონდო ბირჟაზე საკუთარი აქციები სავაჭროდ.
2008 წელის ფინანსური კრიზისი შემდეგ, ყველაზე მცირერიცხოვანი IPO დაფიქსირდა. რეცესიის შემდეგ კი, რომელიც ამ კრიზისს მოჰყვა, პროცესი, ფაქტობრივად, შეწყდა და რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალი ლისტინგები იშვიათობას წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში კი, IPO ე.წ. Unicorn (სტარტაპი, კერძო კომპანია, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდზე მეტია) კომპანიების ყურადღების ცენტრში მოექცა.
————————————————————————————————————————————-
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.