in

რა არის ობლიგაცია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?!

საფონდო ბირჟის, ინვესტიციებისა და მისი ერთ-ერთ სახეობის, აქციების მიმოხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ობლიგაციებზე მოგიყვეთ. დღეს გიამბობთ, რა შესაძლებლობებს გაძლევთ, თქვენ, როგორც პოტენციურ ინვესტორებებს, ეს ფასიანი ქაღალდები. ასევე – რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ მათში ფულის დაბანდებას  გადაწყვეტთ. თუმცა, მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ.

galt & taggart
galt & taggart

რა არის ობლიგაცია? – ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამომშვები იურიდიული პირის, ანუ ემიტენტის სასესხო ვალდებულებაა. ობლიგაციის მფლობელი, იგივე ინვესტორი იღებს მასზე მითითებულ ნომინალურ ღირებულებას, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. ასევე – სარგებელს, დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომელსაც, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ობლიგაციის დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ფარავს.

მაგალითი – კომპანიას, ფინანსური რესურსის მოსაზიდად, ორი ვარიანტი აქვს – გაყიდოს საკუთარი აქციები ან ისესხოს ფული. ამ ფულის სესხებაში იგულისხმება ობლიგაციების გამოშვება. ემიტენტი ობლიგაციების გამოშვებით იღებს ფინანსურ რესურსს და სანაცვლოდ, ინვესტორებს უხდის კუპონს (საპროცენტო განაკვეთი) წელიწადში ერთხელ ან რამდენჯერმე, პერიოდის ბოლოს აბრუნებს მთლიან ნასესხებ თანხასაც. ინვესტორს შეუძლია, თავისი ობლიგაციები სხვას მიჰყიდოს. ემიტენტს ფინანსური ვალდებულებები – ობლიგაციის დაფარვა და საპროცენტო განაკვეთის გადახდა – ფასიანი ქაღალდების ფაქტობრივ მფლობელთან აქვს.თქვენ უკვე იცით, რა არის ობლიგაცია.

ახლა მის სახეობებზე გიამბობთ. არსებობს რამდენიმე ტიპის ობლიგაცია. ესენია: 

  • კორპორაციული ობლიგაციები (Corporate Bonds) – ამ ტიპის ობლიგაციებს კერძო კომპანიები უშვებენ და როგორც წესი, სხვასთან შედარებით, მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ ინვესტორებს. მაგრამ, არსებობს ამ ემიტენტების დეფოლტის, შესაბამისად, თქვენი ინვესტიციის დაკარგვის რისკი. დეფოლტის საკითხი არ ეხება სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე უშვებენ ობლიგაციებს.
  • მუნიციპალური ობლიგაციები (Municipal Bonds ) – ამ ობლიგაციებს უშვებს ქალაქის თუ სხვა თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელობა. მათი მიზანი სამთავრობო პროექტების დაფინანსებაა. პირობითად, თბილისის მთავრობას შეუძლია, გამოუშვას ობლიგაციები და მათ სანაცვლოდ, კერძო ინვესტორისგან მოზიდული თანხით, ააშენოს ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტაროს გზებს, პარკებს და ა.შ.
  • სახაზინო ობლიგაცია (Treasury bonds) – ეს ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციებს უშვებენ 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.

ახლა როცა, იცით, რა ვარიანტებს შორის გაქვთ არჩევანი, ვისაუბროთ, იმაზე, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ობლიგაციები.

აქციებისგან განსხვავებით, ობლიგაციების უმეტესობა საჯაროდ არ ივაჭრება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ ბროკერი.

ობლიგაციის შესყიდვა შესაძლებელია პირდაპირ, საბროკერო კომპანიის მეშვეობით, მისი საჯაროდ გამოშვების შემდეგ, პირველად ბაზარზე. მათზე ინფორმაციას ემისიის პროსპექტის მეშვეობით გაეცნობით, შემდეგ კი მიიღებთ გადაწყვეტილებას, შეიძინოთ და გადაიხადოთ მათი ნომინალური ღირებულება, ანუ ძირი თანხა, თუ – არა.

ობლიგაციის ყიდვა შეგიძლიათ მეორად ბაზარზეც (OTC). ამ შემთხვევაში, მისი ფასი დამოკიდებული იქნება საბაზრო ფასზე, რასაც, დაემატება ტრანზაქციისა და საბროკერო მომსახურების ხარჯებიც.

რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციებს, მისი გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, წინასწარ გამოცხადებულ აუქციონის თარიღებში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდეს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური, რეზიდენტი და არარეზიდენტი პირი.

ნებისმიერი ინვესტიციის დროს, თქვენ როგორც პოტენციურმა ინვესტორმა კარგად უნდა შეაფასოთ მისი პირობები. აწონ – დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. ახლა სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ.

ობლიგაციებში ინვესტირების ბენეფიტები

უსაფრთხოება – ობლიგაციების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შედარებით, უსაფრთხო ინვესტიციაა. ბაზარზე მათი ღირებულება, აქციების ფასივით ხშირად ცვალებადი არ არის.

შემოსავალი – ობლიგაციების შესყიდვის შემდეგ, პირობითად, თქვენ, პოტენციური ინვესტორი წინასწარ განსაზღვრულ თანხას (კუპონს), როგორც საპროცენტო სარგებელს, წელიწადში ერთხელ, ორჯერ ან კვარტალურად მიიღებთ.

საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე – თუ თქვენ, როგორც ინვესტორი მუნიციპალურ ობლიგაციებს იყიდით, გექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები განახორციელოთ და რეალურად შეცვალოთ მოქალაქეების ცხოვრება. მაგალითად, ააშენოთ საავადმყოფო, რეაბილიტაცია ჩაუტაროთ სკოლას, მოაწყოთ საზოგადოებრივი პარკი და ა.შ.

დივერსიფიკაცია – ეს, შესაძლოა, ობლიგაციებში ინვესტირების ჩადების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა იყოს. ამით თქვენი პორტფელის დივერსიფიკაციას, ანუ გაფართოებას და გამრავალფეროვნებას მოახერხებთ. მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში, აქციებმა ზრდის უფრო მაღალი დინამიკა აჩვენეს, მაგრამ თუ ორივე მათგანს შეიძენთ [აქციებსაც და ობლიგაციებსაც], შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროთ თქვენი ფინანსური რისკები, სამომავლოდ.

ობლიგაციებში ინვესტირების უარყოფითი მხარეები

ნაკლები ნაღდი ფული – ობლიგაციების შეძენის შემთხვევაში, თქვენი ფული – ანგარიშები, დროის გარკვეულ მონაკვეთში, დაბლოკილი უნდა იყოს. თუმცა, თუ თანხის დაბრუნება ობლიგაციის დაფარვის ვადაზე ადრე დაგჭირდათ, შესაძლებელია, მათი მეორად ბირჟაზე გაყიდვაც.

საპროცენტო განაკვეთის ცვლილების რისკი – იქიდან გამომდინარე, რომ ობლიგაციები გრძელვადიანი ინვესტიციაა, არსებობს რისკი, მისი საპროცენტო განაკვეთი შეიცვალოს. მაგალითად, თუ თქვენ 10-წლიან ობლიგაციებს ყიდულობთ 3%-იანი წლიური შემოსავლით, ერთი თვის შემდეგ კი იგივე ემიტენტი გთავაზობთ 4%-იან საპროცენტო განაკვეთს, თქვენი ობლიგაციების ღირებულება იკლებს. თუ ახალ შემოთავაზებაზე უარს იტყვით, ნაკლებ საპროცენტო სარგებელს მიიღებთ და პოტენციურ შემოსავალს დაკარგავთ.

ემიტენტის დეფოლტი – ეს იშვიათ შემთხვევაში ხდება, მაგრამ თუ ემიტენტი ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, არსებობს რისკი, დაკარგოთ საპროცენტო სარგებელი, ძირი თანხა, ან ორივე ერთად.

გამჭვირვალობა – ობლიგაციების ბირჟაზე ბევრად ნაკლები გამჭვირვალობაა, ვიდრე აქციების ბირჟაზე. ამიტომ, თეორიულად არსებობს რისკი, ბროკერმა მისი ღირებულება გაზარდოს, თქვენ კი ვერ განსაზღვროთ რეალური და სამართლიანია, თუ – არა, შემოთავაზებული ფასი.

ობლიგაციების შეძენა კარგი ინვესტიციაა? 

ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. მოდით, რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ.

თუ გარისკვა არ გიყვართ და არ შეგიძლიათ, იმ აზრთან შეგუებაც კი, რომ შესაძლოა, ფული დაკარგოთ,  იქნებ, ობლიგაცია უფრო შესაფერისი ინვესტიცია იყოს თქვენთვის?!

თუ დიდ ინვესტიციას დებთ აქციებში, შეგიძლიათ, მათთან ერთად, ობლიგაციებიც შეიძინოთ. ასე საკუთარი პორტფელის დივერსიფიკაციას მოახდენთ და საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ფინანსური რყევებისგან დააზღვევთ თქვენს ინვესტიციას.

თუ პენსიაზე გადიხართ, ან უკვე პენსიონერი ხართ და საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ცვლილებების ალბათობა არ გხიბლავთ, შესაძლოა, ობლიგაციების შეძენა, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. მანამდე კი კარგად შეისწავლოთ ყველა დეტალი, გააანალიზოთ დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, მოსალოდნელი შედეგები და ისე დააბანდოთ ფული ობლიგაციებში, ან პირიქით – სხვა ფასიან ქაღალდებს მიანიჭოთ უპირატესობა.

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს

 

Barbie-მ თოჯინების კოლექცია გადამუშავებული პლასტმასასგან შექმნა

KiwiPost-ით, ამანათებს უკვე ამერიკაშიც გააგზავნით