in

რა არის ცირკულარული ეკონომიკა და რატომ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ბუნებას საკმაოდ ბევრი ცირკულარული კანონი აქვს. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ წყლის წრებრუნვა – რომ ყინული და თოვლი გარდაიქმნება წყლად, წყალი შემდეგ კონდენსირდება და ატმოსფეროში ორთქლდება, რომელიც შემდეგ კვლავაც ნალექად გვევლინება. ეს წყლის ციკლის ძალიან პრიმიტიული ახსნაა და ის, რეალურად, უფრო მეტ ეტაპს მოიცავს.. თუმცა, ალბათ, ეს მაგალითიც საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ მივხვდეთ – ბუნებაში არაფერი იკარგება. ნებისმიერ რესურსს ის სათავისოდ მოიხმარს და გარდაქმნის, განსხვავებით ჩვენგან – ადამიანებისგან.

მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე – სწორედ ამგვარია დღეს არსებული ხაზოვანი ეკონომოკის მოდელი, რომლის შედეგადაც რესურსების 95% იკარგება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ საგნებთან მიმართებით ამგვარი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა, რომ მათ მოხმარებას ვწყვეტთ მაშინ, როცა გვბეზრდება ან რაიმე უფუჭდება. შემდეგ ამ ნივთს ფიქრის გარეშე ვისვრით ნაგავსაყრელზე. შედეგად, ოკეანეებში ნარჩენებისგან იქმნება სხვადასხვა შტატისა თუ ქვეყნისხელა კუნძულები.

რესურსები უსასრულო რაოდენობის არ არის და ერთ დღესაც ის გამოილევა. რაც უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, უფრო ნაკლები რჩება მომდევნო თაობებს. ასევე, როგორც მაღლა აღვნიშნე, ჩვენ მიერ გადაყრილი ნარჩენი ბუნებაში გარკვეულ ადგილს იკავებს და რატომღაც ჩვენ ამ ნარჩენების მართვისგან თავს შორს ვიჭერთ. სწორედ ამიტომ გვხვდება ისინი იქ, სადაც არ უნდა გვხვდებოდეს – ოკეანეებში, ზღვის ცხოველებისა და ფრინველების მუცლის ღრრუებში, საბოლოოდ კი, ჩვენს ორგანიზმში.

ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის ფონზე ისმის კითხვა: რაშია გამოსავალი?

დასავლეთ ევროპის ქვეყნები აქტიურად არიან გადასული ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე. ცირკულარული ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს. ცირკულარული სისტემის მთავარი “იარაღებია” : ხელახალი მოხმარება, გადამუშავება, შეკეთება, რეაბილიტაცია და სხვა ისეთი ხერხები, რითიც კონკრეტული ნივთი და მასალა ვარგისი იქნება გამოსაყენებლად. ცირკულარული ეკონომიკა აქტიურად ცდილობს, დანერგოს საზოგადოებაში, რომ “ნარჩენი არ არის ნაგავი” და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას აქვს.

ცირკულარული ეკონომიკის 5 ძირითად სარგებელს წარმოადგენს:

  • ახალი, “მწვანე ინდუსტრიებისა” და სამუშაო ადგილების შექმნა
  • სხვადასხვა ნედლეულის იმპორტის შემცირება
  • რესურსების გამოყენების შემცირების შედეგად გარემოს ნაკლები დაბინძურება
  • ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პერსპექტივა
  • ენერგიის, რესურსებისა და ნარჩენების შემცირებით შემცირდება ხარჯებიც

ცირკულარული ეკონომიკის მომხრეები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მოდელით ცხოვრება საზოგადოების ცხოვრების დონეს არც ერთ შემთხვევაში არ შეამცირებს. პირიქით, ის უფრო ეკონომიური იქნება როგორც ხარჯის, ისე რესურსების კუთხითაც. ცირკულარული ბიზნეს მოდელები იმგვარადვე სარგებლიანები შეიძლება, იყვნენ, როგორებიც ხაზოვანი ბიზნეს მოდელებია – მათ შეუძლიათ, შექმნან იმგვარი პროდუქტები და სერვისები, როგორებსაც ზოგადად ვართ მიჩვეულნი.

აუცილებელია, სამყარო ცირკულარულ ეკონომიკის მოდელზე გადაეწყოს. ეს სწორედ ის სისტემაა, რომელსაც შეუძლია, მომავალი შეგვინარჩუნოს. რასაკვირველია, ამგვარ ეკონომიკურ მოდელზე მუშაობას ძალიან დიდი დრო და ბევრი სხვადასხვაგვარი ბარიერის გადალახვა სჭირდება, რადგანაც გადაწყობა ნამდვილად არ არის მარტივი. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს პროცესი საზოგადოების გონებაში უნდა დაიწყოს. აუცილებელია, შეიცვალოს თვითშეგნება და ხალხმა გაიაზროს, რომ ნარჩენი ნაგავი არ არის, დედამიწა კი – ნარჩენების ბუდე. ასე რომ, თუ გვსურს, პლანეტა, საკუთარი და მომავალი თაობების სიცოცხლე შევინარჩუნოთ, ალბათ უკვე უნდა დავიწყოთ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვაზე ფიქრი.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

კურსები, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო აკადემიებში

როგორი წელი იყო ქართული ელკომერციისთვის 2024?