in

რას ნიშნავს და რაში დაგეხმარებათ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია?

istoriebi
istoriebi

თუ ჩვენს რუბრიკას თვალს ადევნებთ, ე.ი. უკვე იცით, როგორ შექმნათ, ან რა ტიპის აქტივებით შეგიძლიათ საინვესტიციო პორტფელის დაკომპლექტება. ახლა კი გიამბობთ, როგორ დააზღვიოთ თქვენი ინვესტიცია – დივერსიფიკაცია რისკების მართვის სტრატეგიაა, რომელიც საინვესტიციო პორტფელის სხვადასხვა ტიპის აქტივებად დაყოფას გულისხმობს. ეს დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სტაბილურობა, რადგან განსხვავებულ აქციებს, საფონდო ბირჟაზე, ერთმანეთისგან განსხვავებული ქცევა ახასიათებთ. შესაბამისად, თუ რომელიმე მათგანი წამგებიანი აღმოჩნდება, სხვა სექტორში შეძენილი აქტივები დაგიბალანსებთ პორტფელს.

ფინანსების დივერსიფიკაცია ეს არის საინვესტიციო პორტფელის დაცვის საშუალება, თანმხლები რისკების შემცირების ხარჯზე. უკვე დივერსიფიცირებული პორტფელი აერთიანებს განსხვავებული ტიპის ინვესტიციებს, რომლებიც როგორც წესი, ბაზარზე განსხვავებულად რეაგირებს. ერთი ტიპის აქტივების დადებითი შედეგები სხვა უარყოფითი შედეგების კომპენსირებას ახდენს. დივერსიფიცირებულ პორტფელში, შეიძლება, შედიოდეს აბსოლუტურად განსხვავებულ ინდუსტრიასა და რეგიონში მოღვაწე კომპანიების აქციები. ასევე, აერთიანებს სხვადასხვა კლასის ინვესტიციას, მაგალითად, აქციებს, ობლიგაციებს, ნაღდ ფულად სახსრებსა და უძრავ ქონებას. როგორ მოახდენთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებას, ეს თქვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ, ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ რისკის ხარისხი და ბუნებრივია, საკუთარი ფინანსური მიზნები თუ ინვესტირების გრაფიკი.

მაგალითი: დაბალანსებული, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი შეიძლება აერთიანებდეს: 35% აქციებს, 40% ობლიგაციებს, 10% მოკლევადიან ინვესტიციასა და 15% უცხოური კომპანიის აქციებს. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც მცირე, ისე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციები. საინვესტიციო პორტფელი ასევე კომპლექტდება ერთმანეთისაგან განსხვავებული სექტორის აქციებით – შესაძლოა, მასში შედიოდეს ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების ფასიანი ქაღალდები.

დივერსიფიკაცია სხვადასხვა კალათში შენახულ კვერცხებს ჰგავს. ასე ხომ უფრო დიდი შანსია, ერთი, ან ორი თუ გატყდა, დანარჩენი უვნებლად გადაარჩინოთ?!

ფინანსურ სექტორში, არსებობს საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირების 6 ძირითადი გზა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ერთდროულად გამოიყენოთ. პირიქით, სიტუაცია რაც შეიძლება პრაქტიკულად უნდა შეაფასოთ და თქვენი საჭიროებებისა თუ მოთხოვნების შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება.

სრული სურათის შესაქმნელად, მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. საინვესტიციო კომპანიების დივერსიფიკაცია

კომპანიების დივერსიფიკაცია ნიშნავს საინვესტიციო კაპიტალის კონკრეტულ კომპანიებში ჩადებას. როგორც წესი, ინვესტორთა უმეტესობას, სურს, ძირითადად, ისეთ ბიზნესში დააბანდოს ფული, რომელიც ძალიან დიდ მოგებას მოუტანს. თუმცა, ამ მიდგომამ, შესაძლოა, პირიქით, ზარალი გამოიწვიოს, რადგან ის კომპანია მოგების ნაცვლად წაგებაზე გავიდეს, თქვენ კი, ინვესტიცია დაზღვეული არ გქონდეთ. ამიტომ, ალტერნატიული საშუალება იქნება, ინვესტიცია რამდენიმე კომპანიაში გადაანაწილოთ.

2. საინვესტიციო ინდუსტრიის დივერსიფიკაცია 

ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო რესურსები ინდუსტრიების მიხედვით გაანაწილოთ და ფული სხვადასხვა მიმართულების ბიზნესში დააბანდოთ. ადრე, ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ და ახლაც შეგახსენებთ, რომ საფონდო ბირჟაზე, არსებობს 11 სექტორი, სადაც ინვესტიციის ჩადება შეგიძლიათ.

3. საინვესტიციო აქტივების კლასთა დივერსიფიკაცია 

არსებობს სხვადასხვა სახის აქტივები, სადაც ინვესტიციის განხორციელება შეგიძლიათ. ესენია:

  • აქციები, ან წილები – იმ კომპანიების აქციები, რომლებიც ბირჟაზე თავისუფლად ვაჭრობენ
  • ობლიგაციები, ან ფიქსირებული შემოსავლის აქტივები – სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც აქვთ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი
  • ნაღდი სახის ფულადი სახსრები, ან მათი ეკვივალენტები – ფულის ბაზრის ფონდები, სახაზინო ვალდებულებები და სადეპოზიტო სერტიფიკატები
  • უძრავი ქონება, ან ნებისმიერ სხვა მატერიალური აქტივი – სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობა, ხელოვნების ნიმუშები და ბუნებრივია, უძრავი ქონება
  • ე.წ. ფიუჩერსები, იგივე ვადიანი გარიგებები, ან რაიმე სახის ფინანსური შეთანხმებები – გარიგებები, სადაც მხარეები თანხმდებიან აქტივებისა თუ ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვის სამომავლო თარიღზე (ფასი კონტრაქტის გაფორმების დროს ისაზღვრება)

4. საინვესტიციო დივერსიფიკაცია სტრატეგიის მიხედვით 

ფინანსური პორტფელის მართვისას, შეგიძლიათ, გადაწყვეტილებები შეცვალოთ. ყველაფერი დამოკიდებულია რისკის მიმართ თქვენს ტოლერანტობაზე, ასევე ფინანსურ საჭიროებებზე და განწყობებზე. სწორედ ეს არის სტრატეგიული დივერსიფიკაცია, ანუ თქვენ კონკრეტული მოცემულობის მიხედვით, გადახედოთ და შეცვალოთ საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

5. საინვესტიციო დივერსიფიკაცია გეოგრაფიის მიხედვით 

როგორც წესი, ინვესტორთა უმეტესობა, ამჯობინებს ფული საკუთარ ქვეყანაში ჩადოს. გეოგრაფიული დივერსიფიკაცია კი გაძლევთ საშუალებას, საინვესტიციო წინადადებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განიხილოთ და თქვენს პორტფელში ისეთი კომპანიებიც შეიყვანოთ, რომლებიც მაგალითად, მეზობელ ქვეყნებში ოპერირებენ.

6. საინვესტიციო დივერსიფიკაცია დროის მიხედვით

ეს ნიშნავს, რომ თქვენ როგორც ინვესტორს, გაქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა სახის აქტივში თანხა ეტაპობრივად დააბანდოთ. საინვესტიციო რესურსის ხანგრძლივ პერიოდზე განაწილება, როგორც წესი, პორტფელს მოკლევადიანი რყევებით მიღებული დანაკარგებისაგან აზღვევს და იცავს.

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები

უკვე აღვნიშნეთ, რომ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება მისი დაზღვევის ერთ-ერთი გზაა. თუმცა, როგორც ყველაფერს ფინანსურ სექტორში, მასაც ახლავს გარკვეული რისკები და დადებითთან ერთად, თან სდევს უარყოფითი მხარეებიც.

დადებითი მხარეები – ინვესტიციას მუდმივად თან ახლავს რისკი. კომპანიის მოგებაზე, შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე კონკურენტის გამოჩენამ, ან ახალი მარეგულირებელი კანონ-პროექტის მიღებამ. ბიზნესის შემოსავლების შემცირებასთან ერთად, შესაძლოა, შემცირდეს თქვენი, როგორც ინვესტორის მოგებაც. პორტფელის დივერსიფიკაციის შემთხვევაში კი, როცა განსხვავებული სექტორისა და კლასის კომპანიაში გაქვთ ფული ჩადებული, ამ უარყოფით შედეგებს, სხვა ინვესტიციის დადებითი შედეგები დააბალანსებს.

მეორე ბენეფიტი კი, დაბალანსება კი არა, შესაძლოა, მოგების ზრდაც იყოს. ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც თქვენს საინვესტიციო პორტფელში შემავალი რომელიმე კომპანია წარმატებულ ოპერირებას გააგრძელებს. რაც უფრო დივერსიფიცირებული გექნებათ ინვესტიციები, ამის შესაძლებლობაც, ბუნებრივია, მეტია.

უარყოფითი მხარეები – საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციამ, შესაძლოა თქვენი, როგორც ინვესტორის პოტენციური მოგება შეამციროს. მაგალითად, თუ რომელიმე ინდუსტრია მნიშვნელოვნად განვითარდება და ამ სექტორის კომპანიები დიდ მოგებაზე გავლენ, დიდი ალბათობით,  დილემის წინაშე აღმოჩნდებით – ისევ განაგრძოთ დივერსიფიცირება, თუ თქვენი რესურსები მხოლოდ იმ ერთ, მოგებიან სექტორში ჩადოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება თქვენგან მეტ დანახარჯებს, დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ასე რომ, სანამ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას, ან პირით – ერთ სექტორში და ერთი კლასის ინვესტიციაში ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, კარგად აწონ-დაწონეთ რისკები, სწორად შეაფასეთ დივერსიფიკაციის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.


 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

მეცნიერებმა კვანტური პროგრამული უზრუნველყოფა კლასიკურ კომპიუტერზე გამოიყენეს

Bolt Food უკვე ბათუმშია!