in

რა არის ინვესტიცია? – ამბავი კაპიტალის დაბანდებისა და მისი ზრდის შესაძლებლობებზე

„ინვესტიცია არის ის აქტივი (ქონება), რომელსაც ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია იმ მოლოდინით ყიდულობს, რომ მომავალში, შემოსავალს ან მოგებას მოუტანს. მაგალითად, უძრავი ქონება და აქციები, ფასიანი ქაღალდები“ – ასეთია ინვესტიციის განმარტება. თუმცა, ამ დეფინიციის მიღმა ბევრი ისეთი დეტალია, რომლის ცოდნაც, ყველასთვის სასარგებლოა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მარტივად, მაგალითებით გიამბოთ ამ თემაზე.

galt & taggart
galt & taggart

მოდით, ჯერ თავად პროცესი განვიხილოთ. ინვესტირება არის როცა თქვენ, საკუთარი რესურსებით (ნაღდი ფული, კრედიტი), ყიდულობთ ნებისმიერ ქონებას (უძრავი ქონება ან აქციები, ფასიანი ქაღალდები) და ცდილობთ აქედან, სამომავლოდ, მიიღოთ მოგება. მაგალითად, როცა ინვესტორი შეიძენს აქციებს, ელის, რომ ან მისი ფასი გაიზრდება, ან გარკვეულ დივიდენდებს მიიღებს. სტუდენტისთვის ინვესტიცია არის განათლება, რომლის  მოგებაც წარმატებული კარიერაა. როგორც წესი, ინვესტიციაში ფინანსები მოიაზრება ხოლმე, არა და, რეალურად, სხვა რესურსების ინვესტირებაც შეიძლება. მაგალითად, თქვენსავე ბიზნესში „ჩადოთ“ დიდი შრომა და დრო. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის წარმატებით არ სრულდება – ინვესტიცია შეიძლება, აღმოჩნდეს წამგებიანი, თუ, მაგალითად, შეძენილი ქონების ღირებულება, მომატების ნაცვლად, შემცირდება, ან მიღებული სხვა სარგებელი (იჯარის გადასახადი უძრავი ქონებისთვის) იმაზე დაბალი აღმოჩნდება, ვიდრე ელოდით. გახსოვდეთ, სადაც არის მოგებისა და წარმატების პოტენციალი, იქ ყოველთვის არსებობს რისკიც.

ინვესტიციის წარმატებული და წარუმატებელი მაგალითები: წარმოიდგინეთ, 2014 წელს, წინასაახალწლო დღეებში, აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეგობრებისა და ნათესავების უმეტესობა, საჩუქრებს, ინტერნეტით ყიდულობდა. ამან დაგარწმუნათ, რომ ელექტრონულ კომერციას დიდი მომავალი აქვს. ამიტომ, 2015 წლის 6 იანვარს, Amazon-ის 10 აქცია შეიძინეთ, თითო 300 დოლარად. უცბად, 2020 წლის 11 თებერვალზე „გადავახვიოთ“ – Amazon-ის აქციებს გაცილებით მაღალი ფასი აქვს, შესაბამისად, მათი გაყიდვა გადაწყვიტეთ. 10 აქცია, თქვენ რომ 5 წლის წინ, $3 000 გადაიხადეთ, ახლა $21 150 ღირს. ეს არის $18 500-იანი წმინდა მოგება, გადასახადებსა და სხვა მოსაკრებლებამდე. მაგრამ ყველა ინვესტიციას ასეთი მოგება არ მოაქვს. 2015 წლის 6 იანვარს, J.C. Penny აქციები რომ გეყიდათ, თითო 7,90 დოლარად, 2020 წლის 11 თებერვლისთვის, თითო 73 ცენტი ეღირებოდა.

ინვესტიცია და მისი ორი ვარიანტი

ინვესტიცია თესლის გაღვივებას და ნარგავების მოვლას ჰგავს

თუ ნებისმიერ კულტურას სწორ დროს, სწორედ ადგილზე დათესავთ და ნარგავს სწორ პირობებს შეუქმნით, ერთ დღესაც ნაყოფს გამოისხამს და პატარა ნარგავი ლიმონის ხე, მარწყვის ხვიარა ან რაიმე არომატული ყვავილი გახდება. ზუსტად ასევეა ინვესტიცია, მომავალში, მისი ღირებულება, თავიდან გადახდილ თანხაზე, ბევრად მეტი იქნება, თუ ყველაფერს გათვლით და სწორად იმოქმედებთ. მაგრამ როგორც მცენარე შეიძლება გახმეს, ისეთივე რისკი არსებობს იმისა, რომ მოგების ნაცვლად, ინვესტირებული თანხა დაკარგოთ. გამომწვევ ფაქტორებზე კი, გავლენა ვერ მოახდინოთ და მოცემულობა ვერ შეცვალოთ – ასეთი შეიძლება იყოს, მცენარის შემთხვევაში გვალვა, სეტყვა, ინვესტიციის შემთხვევაში ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კრიზისი.

საჭირო დროს საჭირო ადგილზე – ინვესტიციის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი

ნებისმიერ საქმეში ინვესტიციით ცდილობთ, იმ მომენტში, თქვენს ხელთ არსებული რესურსები (დრო, ფული) ისეთ აქტივებად გარდაქმნათ, რომელიც, მომავალში, მოგებას მოგიტანთ. იდეალური შემთხვევაა, თუ მოახერხებთ, რომ სწორ დროს, სწორი მიმართულებით გაუშვათ ინვესტიცია. მხოლოდ ეს გაზრდის, პოტენციურად, თქვენს, უკვე შეძენილი ქონების ღირებულებას. მაგალითად, როცა ინვესტიციას საფონდო ბირჟაზე ახორციელებთ, ნიშნავს, რომ ფულს ცვლით აქციებში. საერთოდ, აქტივის ბევრი ტიპი არსებობს, სადაც ინვესტიციის ჩადება შეგიძლიათ – აქციები, ობლიგაციები, საინვესტიციო ფონდები, უძრავი ქონება და ა.შ. საბოლოო ჯამში, ინვესტიციის მთავარი იდეაა, ინვესტორს დროთა განმავლობაში, პერმანენტულად მოუტანოს სარგებელი.

წარმოიდგინეთ, ყიდულობთ სახლს, საკმაოდ კარგი ვარიანტი გაქვთ შერჩეული, შესაბამის რესურსსაც დებთ, სამომავლოდ კი იმედი გაქვთ, რომ უფრო ძვირად გაყიდით. ვიღაცისთვის, ინვესტიცია, საერთო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიღაცისთვის კი  – პერმანენტული შემოსავლის წყაროა. ოღონდ, ერთი რამ ყველასთვის უცვლელია, ნებისმიერი მომენტში, მას თან ახლავს გარკვეული რისკი. მაგალითად, უძრავი ქონების ან აქციების ფასის დაცემა.

საერთოდ, ინვესტიციის მნიშვნელობა შეიძლება, მისი კონტექსტის მიხედვით შეიცვალოს. მაკროეკონომიკაში ინვესტიცია ასოცირებულია შენაძენთან, რომელიც მომავალში გარკვეულ ფინანსურ ფასეულობას შექმნის. ერთი კონკრეტული ქვეყნიდან კერძო პირს ან კომპანიას შეუძლია სხვა ქვეყანაში, საკუთარი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ჩადოს ინვესტიცია. მაგალითად, ააშენოს ქარხანა. ეს პირდაპირი, უცხოური ინვესტიციაა.

ინვესტიციის კლასიფიკაცია 

ისევ მებაღეობას რომ შევადაროთ, როგორც ნარგავები, ინვესტიციაც სხვადასხვა ტიპისაა. შესაბამისად, შეგიძლიათ, თქვენი ფინანსური თუ სხვა აქტივები ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებებით დააბანდოთ. შესაბამისად, განსხვავებული იქნება მათგან მიღებული პოტენციური შემოსავლებიც, რისკებიც და სხვა მახასიათებლებიც, მაგალითად, გადასახადები.

მოდით, ახლა უფრო კონკრეტულად, ფინანსურ სამყაროში ყველაზე მეტად ცნობილ და აქტუალურ ინვესტიციებზე ვისაუბროთ.

აქციები

აქციებში ჩადებული ინვესტიცია, იგივეა, რაც კომპანიის ძალიან მცირე, მაგრამ მაინც წილის ყიდვა. საინვესტიციო ინსტრუმენტებს შორის, ისინი კინო ვარსკვლავებს ჰგავს – ყოველთვის ყველა მათზე საუბრობს. ნებისმიერი ინვესტორის აზრით, სამომავლოდ, როცა გაყიდვა მოუნდება, შეძენილი აქციების ფასი გაიზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ოპერაციით, მოგებას მიიღებს. ზოგი კომპანია, ამ მოგებას, აქციონერებს შორის დივიდენდების სახით ანაწილებს.

ობლიგაციები 

ობლიგაციების შესყიდვით, ინვესტორი, საკუთარ ფულს მთავრობას, კომპანიას თუ სხვა სუბიექტს აძლევს. ბუნებრივია, გარკვეული პირობებით, მაგალითად, მსესხებელი, ძირ თანხასთან ერთად, იხდის პროცენტს. წარმოიდგინეთ, ეს არის ფიქსირებული შემოსავალი, რომელსაც წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით იღებთ. თუმცა, აქ ის რისკია, რომ კომპანია იქნება თუ სახელმწიფო, ზოგჯერ, ვერ ახერხებს ობლიგაციებით დაკისრებული თანხის გადახდას. უკიდურეს შემთხვევაში, ორგანიზაციები დეფოლტს აცხადებენ, რაც აზარალებს ინვესტორებს. ობლიგაციები, როგორც წესი, ვადიანია. ანუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, პირობებთან ერთად, ის დროც, როცა მსესხებელმა, თანხა და გათვალისწინებული პროცენტები უნდა დაფაროს.

სხვა ინვესტიციები

ყველაზე გავრცელებულ ტიპზე უკვე გესაუბრეთ. თუმცა, ფინანსურ სამყაროში ასევე კარგად იცნობენ ისეთ ინვესტიციებს, როგორებიცაა: უძრავი ქონება, ვადიანი გარიგება, დეპოზიტური სერტიფიკატები, კრიპტოვალუტა, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და ა.შ. 

ნებისმიერი აქტივის ინვესტირებამდე, აუცილებელია, კარგად გაიაზროთ და შეაფასოთ მისი პირობები, გადასახადები და რისკები.

როგორ უნდა მოემზადოთ ინვესტირებისთვის?!

პირველ რიგში, დაიწყოთ კვლევა, რომელიც პროცესის აუცილებელი კომპონენტია. ამისთვის პროფესიონალს დაიქირავებთ, თუ თავად გააკეთებთ, თქვენი გადასაწყვეტია. ბაზარზე არსებული სრული სურათის გარდა, კვლევა დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ საბოლოო, ზუსტი საინვესტიციო მიზნები და განსაზღვროთ რესურსები, რისკებთან გასამკლავებლად. გახსოვდეთ, საფონდო ბირჟაზე არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. აქვს ზრდის პერიოდები, მაგრამ როგორი ციკლიც არ უნდა იყოს, თქვენი ინვესტიციით დაინტერესების მომენტში, აწმყოთი მის მომავალს ვერ განსაზღვრავთ. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინვესტორთა უმრავლესობა, რაღაც მომენტში, ბირჟაზე მაინც წაგებულია. მთავარია ეს ტენდენცია დროულად დაინახოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მომდევნო ეტაპი საინვესტიციო ანგარიშის გახსნაა, საიდანაც იყიდით და გაყიდით აქციებს. შეგიძლიათ, ეს საქმე თავად აკეთოთ, ან ბროკერი აიყვანოთ, რომელიც თქვენს მაგივრად განკარგავს თქვენსავე აქტივებს. კიდევ ერთი კომპონენტი, ინვესტირებამდე აუცილებლად კარგად შეისწავლეთ ის ბაზარი და მისი შესაძლებლობები, სადაც რესურსების ჩადებას აპირებთ.

როგორ მუშაობს ინვესტიცია? 

ყველა ინვესტიციას სჭირდება წინასწარი შენატანი. როგორც წესი, ეს ფინანსებია ხოლმე, მაგრამ შეიძლება იყოს დრო, ადამიანური თუ სამუშაო რესურსიც. ამ ყველაფერს, იდეალურ შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე მოაქვს ფულადი ან სხვა ტიპის მოგება. თუმცა, ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, თქვენ ხართ ინვესტორი. აქციების ან ობლიგაციების შეძენისას, უნდა გაითვალისწინოთ ხარჯები საინვესტიციო ანგარიშის გასახსნელად, მკვლევარებისა და ბროკერების დასაქირავებლად და რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა გაიღოთ.

არსებობენ რამდენიმე ტიპის ინვესტორები. ერთ ნაწილს ურჩევნია, ფული უძრავ ქონებაში ჩადოს. მაგალითად, ყიდულობს სახლს, ოღონდ საცხოვრებლად კი არა, სამომავლოდ რომ მოგება მოუტანოს, იმ მიზნით. შემდეგ, ხედავს, რომ ამ ქონების ფასი, დროთა განმავლობაში, იზრდება. შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, გაყიდოს და ესეც მისი მოგება. ან სხვა მეიჯარეს პოულობს და პერმანენტულად, იღებს ფინანსურ სარგებელს. ორივე შემთხვევაში, მისი ინვესტიცია მოგებიანია.

ინვესტორების მეორე ტიპი სხვა გზას ირჩევს, ურჩევნია, რომ ფული ფინანსურ ოპერაციებში „ჩადოს“. ასეთებია: აქციების ყიდვა გაყიდვა, კაპიტალით ვაჭრობა, ფიზიკური კაპიტალის შექმნა და ა.შ. და არსებობს კომპანიები, რომლებიც ინვესტიციას ადამიანურ რესურსში „დებენ“. მაგალითად, თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, რაც შემდეგ, მათ პროდუქტიულობას გაზრდის.

ინვესტიცია ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას 

ინვესტიციით სარგებელს მხოლოდ ინვესტორი არ ნახულობს, ის ქვეყნის ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. აქ ორი მიმართულებაა – როცა საუბარია პირდაპირ ინვესტიციაზე, ანუ კომპანია თუ მეორე სახელმწიფო აშენებს ქარხანას, იხდის გადასახადებს, ასაქმებს მოსახლეობას. თუ კერძო პირი ფინანსური ქაღალდების ყიდვა გაყიდვით არის დაკავებული, ან ფულს უძრავ ქონებაში დებს, მისი გადახდილი გადასახადები, კვლავ ბიუჯეტში მიდის, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას.

ინვესტიციებზე საუბრისას, არსებობს დეტალები, რომლებიც შეიძლება, ბუნდოვანი იყოს ამ  თემით დაინტერესებული პირებისთვისაც კი. ამიტომ, ახლა ყველაზე აქტუალური შეკითხვებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

რით განსხვავდება ინვესტიცია სანაძლეოსა და გემბლინგისგან? 

ინვესტიციის დროს, თქვენ ფინანსურ რესურსს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევთ, ის კი თანხას ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი პროექტის „გასაშვებად“ ან მოგების გასაზრდელად იყენებს. თანმდევი რისკების მიუხედავად, ინვესტიცია, ცალსახად დადებით შედეგებზე, სარგებელსა და შემოსავლებზეა გათვლილი. თავის მხრივ, აზარტული თამაშები მხოლოდ შანსზე, გამართლებაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, რომ ფინანსურმა რესურსმა „იმუშაოს“. აზარტული თამაშები თავიდანვე წაგებისთვის განწირული, ძალიან სარისკო საქმეა, რომელმაც შეიძლება, ერთხელ გაამართლოს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც წაგებული რჩება მოთამაშე.

ინვესტიცია იგივეა, რაც – სპეკულაცია? 

რა თქმა უნდა, არა. ინვესტიცია, როგორც წესი, გრძელვადიან ვალდებულებებს ითვალისწინებს, რამდენიმე წლიანსაც კი, რასაც წინ მთელი მოსამზადებელი პერიოდი უძღვის – ბაზრის შესწავლა და ანალიზი, რისკებისა და მოგების შეფასება. სპეკულაცია რაღაცის ფასად გაღებული მიზანმიმართული „ფსონია“, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი.

რატომ გავრისკო ინვესტიციით, თუ შემიძლია, ფული, უბრალოდ, უსაფრთხოდ შევინახო? 

ინვესტიციას ფინანსური კაპიტალის ზრდა მოაქვს. როცა ფულს აქციებში ან ობლიგაციებში აბანდებთ, პროცესებს ისე მართავთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოგებას ან შემოსავლების ზრდას ელით. თუ თანხას არსად „ჩადებთ“, ბუნებრივია, არც მისი მატების საშუალება გექნებათ. ასეა ორივე, ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში. მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციის გარეშე, ვერც ერთი კომპანია ვერ მოახერხებს კაპიტალის, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას.

რომ შევაჯამოთ, ასეთია ინვესტიციის მნიშვნელობა, მისი ტიპები და შესაძლებლობები. ამ სტატიით ვეცადეთ, თქვენთვის დეტალურად გაგვეზიარებინა ეს ყველაფერი და თუ ნებისმიერი მიმართულებით, სხვადასხვა მოცულობის ინვესტირებით ხართ დაინტერესებული, ვფიქრობთ, ეს ინფორმაცია, საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება. 

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. თქვენ მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

 

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

 

ვარჯიშის სახეობები და მათი მნიშვნელობა

Vendoo და PayBox პარტნიორები გახდნენ