in

რა არის მაიმუნის ყვავილი?

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ…

იშვიათი ვირუსი, რომელსაც მაიმუნის ყვავილის სახელით ვიცნობთ, ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. ბოლო დღეებში კი უჩვეულოდ გამოაღწია ენდემური ტერიტორია და მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც გავრცელდა. კორონავირუსისგან დაღლილ სამყაროში კი შიშის ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო ამ ვირუსს ისეთივე შეშფოთებით არ მკურნალობენ, როგორც კოვიდს.

M2
M2

აი, რა უნდა იცოდეთ მაიმუნის ყვავილისა და მისი რისკების შესახებ.

რა არის მაიმუნის ყვავილი?

Monkeypox არის ენდემური ვირუსი ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ნაწილებში. უფრო კონკრეტულად, ეს არის ჩუტყვავილას უფრო კეთილთვისებიანი ვერსია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ის 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში, რომლებსაც სპეციალური კვლევები უტარდებოდათ.

როგორია სიმპტომები?

მაიმუნის ყვავილი იწვევს გამონაყარს, რომელიც იწყება ბრტყელი წითელი ლაქების სახით, შემდეგ კი ჩირქით ივსება და წყლულოვანი ხდება. ასევე, ინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება და კუნთების ტკივილები.

ჩვეულებრივ, სიმპტომები ინფიცირებიდან 6-13 დღის შემდეგ ვლინდება, მაგრამ სამ კვირის პრეცედენტებიც არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაავადების სიმპტომიანი მიმდინარეობა, შესაძლოა, ორიდან ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. მძიმე შემთხვევები კი უფრო ხშირია ბავშვებში.

ამ ყველაფრის პარალელურად, მაიმუნის ყვავილის დადასტურებული უსაფრთხო მკურნალობის მეთოდი არ არსებობს… თუმცა FDA-მ, ეპიდემიის გასაკონტროლებლად, ჩუტყვავილას ვაქცინებისა და ანტივირუსული საშუალებების გამოყენება დაამტკიცა.

რამდენად ინფექციურია?

როგორც წესი, მაიმუნის ყვავილი მასშტაბურად არ ვრცელდება — ამ დრომდე აფრიკის გარეთ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა თუ დაფიქსირებულა. ყველაზე სერიოზული ეპიდემია შეერთებულ შტატებში 2003 წელს მოხდა, როდესაც ათობით შემთხვევა უკავშირდებოდა ინფიცირებულ პრერიის ძაღლებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან კონტაქტს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს იყო მაიმუნების პირველი აფეთქება აფრიკის გარეთ

1970 წლიდან აფრიკის 11 ქვეყანაში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ინფექცია — პირველი შემთხვევა იყო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, როდესაც 9 წლის ბიჭი დაინფიცირდა. W.H.O-ს ცნობით, ნიგერიამ ყველაზე დიდი ვირუსული აფეთქება განიცადა 2017 წლიდან, 500-ზე მეტი საეჭვო და 200 დადასტურებული შემთხვევით.

ვირუსის გავრცელება შესაძლებელია აირწვეთოვანი გზითა და კანის კონტაქტით. „შემთხვევების უმეტესობა არის გენიტალური ან პერიგენიტალური დაზიანებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის გადაცემა, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირის, მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის დროს ხდება“, — განაცხადა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა.

რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა წელს და სად?

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ხუთშაბათის მდგომარეობით, მსოფლიოში დაფიქსირდა 38 შემთხვევა, მათ შორის 37 ადამიანი, რომლებსაც არ ჰქონდათ ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. პარასკევს დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა დამატებითი 11 შემთხვევა.

აშშ-ში 2022 წლის პირველი შემთხვევა ოთხშაბათს მასაჩუსეტსში დაფიქსირდა. მამაკაცი ცოტა ხნით ადრე გაემგზავრა კანადაში, სადაც წელს ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ნიუ-იორკში კი ორი საეჭვო შემთხვევიდან მხოლოდ ერთი დადასტურდა.

კვირას, ფლორიდის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს მაიმუნის ყვავილის ერთი საეჭვო შემთხვევა ბროვარდის ოლქში — საუბარია მამაკაცზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიარა მსოფლიო. ოფიციალური პირების თქმით, ის იზოლირებულია.

ამასთან, ხუთშაბათის მდგომარეობით, პორტუგალიაში დაფიქსირდა 17 შემთხვევა, ესპანეთში — 7, ბელგიაში — 2, ხოლო საფრანგეთში, იტალიასა და შვედეთში — თითო-თითო.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, 19 მაისისთვის 9 შემთხვევა ფიქსირდებოდა, პარასკევს კი ეს რიცხვი 20-მდე გაიზარდა. თანაც, სამწუხაროდ, ადგილობრივი გადაცემის მასშტაბი ამ ეტაპზე გაურკვეველია და არსებობს ახალი შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობა

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან არცერთი არ გარდაიცვალა.

რით განსხვავდება ამჟამინდელი ეპიდემია წინა წლების შემთხვევებისგან?

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში გადაცემის ჯაჭვები დაფიქსირდა, დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკასთან კავშირის გარეშე.

რამდენად გვაქვს სანერვიულო?

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის თქმით, სქესობრივი კონტაქტის დროს ვირუსის გადაცემის შანსი მაღალია, მაგრამ ახლო კონტაქტის სხვა ფორმებიდან გადაცემის რისკი დაბალი რჩება.

სიმპტომები ძირითადად მსუბუქია და ინფიცირებულთა უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება. ნიგერიაში ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 3.3 პროცენტია. ბავშვები, ახალგაზრდები და იმუნიტეტ დაქვეითებული ადამიანები კი ყველაზე მგრძნობიარეები არიან აღნიშნული ვირუსის მიმართ.

Pitch Yourself- ღონისძიება, რომელმაც საერთაშორისო IT კომპანიები და ამ სფეროში მომუშავე BTU-ს სტუდენტები გააერთიანა

რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?