9
Sep
2019

რა არის სტატისტიკა და რატომ აქვს მას მნიშვნელოვანი როლი ჩვენს ცხოვრებაში

9 Sep 2019

ზოგისთვის სტატისტიკა მოსაწყენი ციფრების ერთობლიობაა, ზოგისთვის კი ჩვენ გარშემო (თუ შიგნით) მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული კითხვებისთვის სანდო პასუხების პოვნის გზა. პასუხების, რომლებიც გვეხმარებიან იმის გააზრებაში, თუ სად ვართ და ასევე, იმის წინასწარმეტყველებაშიც, თუ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ.

სტატისტიკა მეცნიერებაა მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების შესახებ. არსებობს აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკა. აღწერითი სტატისტიკა ზოგად ტენდენციებს გვაჩენებს, რომელიც აღწერს ამა თუ იმ მოცემულობას (მაგალითად: ტურისტთა რაოდენობა, საშუალო ხელფასი ქვეყანაში). დასკვნითი სტატისტიკა კი ისეთ მონაცემებს გვაძლევს, როგორიცაა კავშირი მოვლენებს შორის. მაგალითად, კორელაციები – არსებობს თუ არა კავშირი ალკოჰოლიზმსა და ოჯახში ძალადობას შორის, ან ბულინგსა და აკადემიურ მოსწრებას შორის და ა.შ. დასკვნითი სტატისტიკა გვაძლევს სტატისტიკური შედეგების მთელს პოპულაციაზე (შერჩეულ საკვლევ ჯგუფზე) განზოგადების საშუალებას. სტატისტიკური მიდგომის უპირატესობა ისაა, რომ ის აკეთებს დასკვნებს, ადასტურებს, ან უარყოფს მკვლევარების მიერ შემუშავებულ ჰიპოთეზებს დიდი რაოდენობის მონაცემებზე დაყრდნობით, იქნება ეს სოციალური კვლევის შედეგი (გამოკითხვის, ან ექსპერიმენტის გზით), თუ მოვლენებზე (მაგ, მიწისძვრა, მიგრაცია, ეკონომიკური ზრდა) დაკვირვების, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შედეგი.

დღეს სტატისტიკა სჭირდება ყველას – დამწყებ, თუ გამოცდილ ბიზნესმენს, მარკეტერს, ჟურნალისტს, დაზღვევის აგენტს, ლექტორს და მით უფრო, მეცნიერს. დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც ადამიანს ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციის მიღება და გადამუშავება უწევს, კიბერსამყარო სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოებას უფრო გვიადვილებს. მაგალითად, რამდენი ადამიანი გადავიდა ჩვენს ვებგვერდზე, კონკრეტულ ბმულზე. რამდენმა ადამიანმა ნახა კონკრეტული ვიდეო. მათი უმეტესობა ქალი იყო, თუ კაცი? რა ასაკობრივ კატეგრიას მოიცავდა? რა ტერიტორიულ ერთეულში ნახეს ვიდეო ყველაზე მეტად? თანხვედრაშია თუ არა ჩვენი სამიზნე აუდიტორია და ის ხალხი, რომელმაც ჩვენი რეკლამა ნახა? ამ კითხვებზე პასუხს აღწერითი სტატისტიკა იძლევა, ხოლო დასკვნითი სტატისტიკა, ამ  კონტექსტში, შეძლებს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს, მაგალითად, როგორიცაა ახდენს თუ არა სქესის ცვლადი გავლენას ამა თუ იმ კონტენტის მოწონებაზე?

გარდა მოცემული მაგალითებისა, სტატისტიკა ჩვენს ყოველდღიურობაში შემდეგნაირადაც იჩენს თავს:

ამინდის პროგნოზი
ამინდის პროგნოზი არის ის, რაც ყველას გვაინტერესებს, თუმცა, გიფიქრიათ, როგორ ადგენენ/ვარაუდობენ მეტეოროლოგები, თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ, საქართველოში? ისინი მუშაობენ სპეციალური კომპიუტერული მოდელების დახმარებით, ასევე, იმ დაკვირვებების შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის შედეგად, რომელიც წლების განმავლობაში, ამინდზე დაკვირვებით დაგროვდა. ასევე, თითოეული პროგნოზის წარმოებისას, კომპიუტერი სტატისტიკურად ადარებს ადრინდელ ამინდს (ტემპერატურას, ქარის სიჩქარეს, ტენიანობას და ა.შ.) მიმდინარე ამინდს. შესაბამისად, ამ სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, დაახლოებით წინასწარმეტყველებს, თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ.

კვლევები
სხვადასხვა სფეროს (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, მარკეტინგი და ა.შ.) მკვლევარები აგროვებენ კვლევის კითხვასთან, ჰიპოთეზასთან შესაბამის, რელევანტურ მონაცემებს. როგორც წესი, მსგავს პროცესში ასობით, ან ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. შედეგად კი გვაქვს ისეთ კითხვებზე პასუხი, როგორიცაა მაგალითად – როგორ აღიქვამს მოსახლეობის უმეტესობა ბავშვის მიმართ ძალადობას? რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს დისკრიმინაციულ განწყობებს ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ? რამდენად მოთხოვნადი იქნება ესა თუ ის ახალი პროდუქტი ბაზარზე? არსებობს, თუ არა ახალი პროდუქტის საჭიროება?

დაზღვევა
საყოველთაო, თუ კერძო დაზღვევით, ქვეყნის მასშტაბით, უამრავი ადამიანი სარგებლობს. იქნება ეს ჯანმრთელობის, უძრავი ქონებისა თუ სხვა რამის დაზღვევა, ამ სისტემაში აქტიურად გამოიყენება სტატისტიკა. მისი დახმარებით დაზღვევის აგენტევი ითვლიან, თუ რამდენად რისკიანი, ან მოგებიანია ამა თუ იმ ტიპის დაზღვევა.

ფინანსები
ფინანსურ სექტორში, სტატისტიკა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესმენები იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. სტატისტიკას ეყრდნობიან ინვესტორებიც, როცა იღებენ ამა თუ იმ ბიზნესის/სტარტაპის დაფინანსების გადაწყვეტილებას.

მედიცინა
სტატისტიკა თამაშობს მნიშვნელოვან როლს მედიცინის კუთხითაც. თუნდაც, მანამ, სანამ ესა თუ ის მედიკამენტი სააფთიაქო ქსელში გაჩნდება, აუცილებელია მან გაიაროს ტესტი, რომლის შედეგებიც დიდი მოცულობის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას ეყრდნობა.

ეგზიტპოლი
არჩევნების მიმდინარეობისას, სხვადასხვა ორგანიზაცია, ხმების დათვლამდე აქვეყნებს ეგზიტპოლის შედეგებს. ისინი გამოკითხვის პრინციპს ეყრდნობიან და სწორედ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გვეუბნებიან, თუ სავარაუდოდ, ვინ მოიგებს არჩევნებს.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, რომლებშიც სტატისტიკა გამოიყენება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, გადაწყვეტილების მიღებისა თუ შესრულების დონეზე, კამპანიების დაგეგმვისა თუ რეკლამის განთავსების კუთხით, სამეცნიერო, თუ კომერციული მიმართულებით, სტატისტიკა სჭირდება ყველას. სტატისტიკა მისი სწორი და მიზნისმიერი გაგებით.


სტატია მომზადებულია ლისთან პარტნიორობის ფარგლებში.

განხილვა