13
Feb
2020

რა ხდის პროდუქტს ეკომეგობრულს?

13 Feb 2020

გარემოს გლობალური რისკების ზრდის შედეგად, ავტომატურად იზრდება სხვადასხვა კომპანიების/საწარმოების/ბრენდების ინიციატივა, აწარმოონ ეკომეგობრული პროდუქტები. სპეციალურად ამისთვის, მსოფლიო მასშტაბით იქმნება ეკომეგობრული მაღაზიები, სადაც 100 პროცენტით ორგანული, “მწვანე” პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი. ამ ტენდენციას აქტიურად მიჰყვებიან სავაჭრო მოლებიც, რომლებიც ცდილობენ, მხოლოდ ამგვარი ნაწარმით შეავსონ თავიანთი მაღაზიები.

შედეგად, ტერმინი “ეკომეგობრული” უამრავჯერ შეიძლება, დღის განმავლობაში მოგვესმას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ასეთი პოპულარული გახდა, ზოგმა მისი მნიშვნელობა, შეიძლება, არ იცოდეს.

ეკომეგობრული – გარემოსთან მეგობრული პროდუქტი, სერვისი, კანონი, გაიდლაინი ან პოლიტიკა, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.

და მაინც, რა ხდის პროდუქტს ეკომეგობრულს? როგორი უნდა იყოს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამგვარი პროდუქტები? 

ისინი უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ინგრედიენტებისგან, რაც ამცირებს სინთეზური ქიმიკატების გამოყენებას;

უნდა იყოს დიდხანს შენარჩუნებადი, რაც იმას გულისხმობს, რომ მომხმარებელს მისი მოხმარება დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ უნდა შეეძლოს, არ უნდა შეიძინოს სხვა, ახალი მსგავსი პროდუქტი და უკვე გამოყენებული არ მოისროლოს ნაგავსაყრელზე;

მისი გამოყენებისას არ ბინძურდება გარემო;

ამგვარი პროდუქტი არ საჭიროებს გარე ენერგიის წყაროს, ან უბრალოდ ამცირებს ენერგიის მოხმარებას, განსხვავებით სხვა მსგავსი პროდუქტებისგან;

დამზადებულია გადამუშავებული ნედლეულისგან;

მრავალჯერ მოხმარებადია – იმავე ან სხვა დატვირთვით;

როგორც ნარჩენი, გადამუშავებადია;

პროდუქტის სიცოცხლის ციკლის დასრულების შემდეგ არ იქმნება საშიში ნარჩენი;

პროდუქტის შეფუთვა მინიმალური და ნატურალურია;

ამ პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ლოკალურად, რათა დაიზოგოს ტრანსპორტირებისას გამოსაყენებელი ენერგია;

სერტიფიცირებულია, როგორც ეკომეგობრული პროდუქტი;

ხელნაკეთია;

ორგანული მეურნეობიდანაა;

ან სხვა გარემოსთვის სასარგებლო თვისებები აქვს.

ეკომეგობრული პროდუქტები, პირველ რიგში, გვეხმარება, შევამციროთ გარემოს დაბინძურება, ენერგიისა და სხვაგვარი რესურსების მოხმარება, დავზოგოთ ჩვენი ხარჯები და ნაკლები დრო დავხარჯოთ ახალი საგნების შეძენაში. პროდუქტის შეძენისას არ არსებობს სრულყოფილი არჩევანი გარემოზე ზრუნვის კუთხით, თუმცა, არსებობს კარგი ალტერნატივები. თქვენ შეგიძლიათ, ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მეშვეობით შეაფასოთ პროდუქტი და ამგვარად შეიძინოთ ის. სწორედ ასე აუწყობთ ფეხს უფრო მეტად “მწვანე” ცხოვრებას, თუმცა, უფრო მეტად გირჩევთ, სანამ რაიმეს იყიდით, თავს კითხვა დაუსვათ: “ნამდვილად მჭირდება მე ეს პროდუქტი?”

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა