ყოველ ჩვენგანს სურს, რომ სათანადოდ დააფასონ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. დამსაქმებელთა უმეტესობას კი სჭირდება წაახალისოს თავიანთი გუნდის წევრები, რომ საქმეში მეტად იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ინტერესი ერთმანეთს ადვილად უნდა შეესაბამებოდეს, დამსაქმებლები, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ იაზრებენ სწორად. გუნდური ვახშამი შეიძლება იყოს ჯგუფური პროექტის სახალისო კულმინაცია, ან შეიძლება იმედგაცრუებაც იყოს, თუ თანამშრომელს ფულადი ჯილდოს იმედი უფრო ჰქონდა. მეორეს მხრივ, ფულადი ბონუსი, რომელიც დაგერიცხათ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ ხმამაღალ აღიარებას ელოდით სამუშაოს შესრულებისთვის.
ბუნებრივია იმედგაცრუება, როდესაც დამსაქმებლის „მადლობის“ ჟესტები არ შეესაბამება იმას, რაც გინდა და გჭირდება. საბედნიეროდ, არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენ, როგორც თანამშრომელს, რათა დაეხმაროთ თქვენს დამსაქმებელს დაგაფასოთ თქვენთვის სასურველი გზით. ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღოთ აღიარება სამსახურში დაწინაურების გზით, თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ შეუძლიათ თანამშრომლებმა მიიღონ პირადი მნიშვნელოვანი ჯილდოები და აღიარება, როგორც მათი ყოველდღიური მუშაობის ნაწილი.
დააკვირდით საკუთარ თავს
დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები, რათა დაგეხმაროთ იმის დადგენაში, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სამსახურში:
* როგორია თქვენი მოკლევადიანი, გრძელვადიანი, პირადი და პროფესიული მიზნები? მაგალითად, აპირებთ სახლის ყიდვას? რეჟისორობა გინდათ? უკეთესი სამუშაო და ცხოვრებისეული ბალანსი გჭირდებათ?
* როდის გაგიჩნდათ მოტივაცია, რომ იმუშაოთ კონკრეტულ პროექტზე?
* ოდესმე მიგიღიათ ჯილდო ან აღიარების ფორმა, რამაც თავი შესანიშნავად გაგრძნობინათ? რას იტყვით ისეთ ჯილდოებზე, რამაც დაგტოვათ განაწყენებული ან იმედგაცრუებული?
* როგორ გრძნობთ საჯარო და კერძო აღიარებას? რა სიტუაციებში გრძნობთ თავს კომფორტულად საჯარო აღიარების მისაღებად?
ჩამოთვალეთ და დაასახელეთ ჯილდოები, რომლებიც მოტივაციას გიქმნით
შეადგინეთ სამუშაო გამოცდილებისა და ჯილდოების სია, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ. ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენი წარსული გამოცდილება და სამომავლო მისწრაფებები. რა მოხდება, თუ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ თქვენი შემდეგი სამუშაო პროექტი ან სამსახურში დაუთმოთ დრო საინტერესო პროექტის განხორციელებას? რას ფიქრობთ გუნდის ოფისების ან სხვა საქმიანი მოგზაურობის შესახებ? ეცადეთ შეადგინოთ ეს სია. ამ სიის მიზანია მოგცეთ საშუალება, შეადაროთ, როგორ ხდება დაჯილდოება და აღიარება თქვენს ორგანიზაციაში.
დააკვირდით, რა ხდება თქვენს გუნდში
თქვენი შიდა მოტივატორებისა და პრიორიტეტების უკეთ გაცნობიერებით, შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება თქვენს სამსახურში. გაითვალისწინეთ, როდის და სად ხდება თქვენს გუნდში ხელშესახები გამოცდილების, ჯილდოებისა და აღიარების მოპოვება, რაც წარმოგაჩენთ. მაგალითად, თუ გსურთ მეტი საჯარო აღიარება, როგორც თქვენი მუშაობის ნაწილი, მოძებნეთ პროექტები, სადაც ადამიანები იღებენ აღიარებას და ჩანან ხელმძღვანელების წინაშე. გამოიჩინეთ ინიციატივა ამ შესაძლებლობებისა და როლებისთვის, როდესაც ისინი გამოჩნდება. მოძებნეთ და ეცადეთ გააღრმაოთ ურთიერთობა ისეთ კოლეგებთან, რომლებიც იზიარებენ თქვენს ღირებულებებსა და ინტერესებს.
ესაუბრეთ თქვენს მენეჯერს
თქვენს მენეჯერთან ღია კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ჯილდო და აღიარება სამსახურში. სთხოვეთ თქვენს მენეჯერს, დაგითმოთ დრო, სადაც შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს მისწრაფებებზე, ინტერესებზე, მიზნებსა და ღირებულებებზე. გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები ჯილდოებისა და აღიარების შესახებ, რაც გეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში.
მიაწოდეთ უკუკავშირი
ხანდახან მენეჯერის ან კომპანიის მცდელობა დააჯილდოოს და აღიაროს თანამშრომლის შრომა, მიზანს ვერ აღწევს. თქვენმა მენეჯერმა შესაძლოა აღიაროს თქვენი ნაშრომი ერთი სახით, როცა თქვენ – სხვა ფორმით აღნიშვნის იმედი გქონდათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მიაწოდოთ ამის შესახებ ინფორმაცია.
წყარო: HBR