in

რას აკეთებენ საუკეთესო მომხსენებლები განსხვავებულად?

პულიცერის პრემიის ლაურეატის, ისტორიკოს დორის კერნს გუდვინის თქმით, სოფლის მაცხოვრებლები შორ გზას გადიოდნენ აბრაამ ლინკოლნის მოსასმენად. შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან მას თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებით უპირატესობები არ გააჩნდა — TED-ის სცენის ნაცვლად კოცონთან იდგა და PowerPoint-ის გამოგონებამდე ჯერ კიდევ 130 წელი იყო დარჩენილი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ლინკოლნისთვის… „მას ერთდროულად შეეძლო თავისი აუდიტორიისთვის განათლების, გართობისა და განვითარების მინიჭება“. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციის ფორმები მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ლინკოლნი ბრბოს ყურადღებას თავისი თხრობის ტექნიკით იქცევდა, ადამიანის გონებას ეს ცვლილებები არ შეხებია. ჩვენი გონება ისტორიაზეა მიბმული. ჩვენ ვფიქრობთ ნარატიულად და შინაარსს სიამოვნებით ვიღებთ სიუჟეტის სახით.

პრეზენტაციასა და მოთხრობას შორის განსხვავების გაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ლიდერს სათანადო უნარი გააჩნდეს აუდიტორიის მოსახიბლად. სამწუხაროდ, ხშირად ყველაზე დიდ პრობლემას პრეზენტაციის პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს — სლაიდები ამბავს უნდა ავსებდეს, ნაცვლად იმისა, რომ მთხრობლის სიტყვებს იმეორებდეს ან სცდებოდეს.

სტატიაში მოცემულია ისტორიების მოთხრობის ხუთი სტრატეგია, რომელიც პრეზენტაციის წარდგენისას დაგეხმარებათ, ყველას გამორჩეულად დაამახსოვროთ თავი.

პრეზენტატორები ხსნიან PowerPoint-ს. მთხრობელები ქმნიან ნარატივს. 

თუ გსურთ, აუდიტორიის ჩართულობა იგრძნოთ, ამბავი უნდა მოჰყვეთ; თუმცა ადამიანების უმრავლესობისთვის, ვინც პრეზენტაციებს ამზადებს, თხრობა მთავარ აქცენტს არ წარმოადგენს.

მომხსენებლების უმეტესობა აკეთებს იმას, რაც ლოგიკურად ჟღერს: ისინი სლაიდების გახსნით იწყებენ. თუმცა საპრეზენტაციო პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობა თხრობის ინსტრუმენტი არ არის — ეს არის ციფრული მიწოდების მექანიზმები. ნაგულისხმევი PowerPoint შაბლონი ითხოვს სათაურს და ტექსტს.

პუნქტებად ჩამოწერილი ფრაზები ამბავი არ არის. სიუჟეტი მოვლენის სერიასთანაა დაკავშირებული, რომელიც გადმოცემულია სიტყვებით და/ან სურათებით. ნარატივს გააჩნია თემა, დამაჯერებელი მომენტები, გმირები, ანტიგმირები და დამაკმაყოფილებელი დასასრული. ლამაზად შემუშავებული სლაიდები ვერ აანაზღაურებს ცუდად სტრუქტურირებულ ისტორიას.

როგორც იცით, კინორეჟისორებიც კი არ იწყებენ პირდაპირ გადაღებას… არამედ გარკვეულ ნარატივს ქმნიან და შემდგომ მიმართავენ ვიზუალური კადრების შექმნას. ანალოგიურად, ეფექტური წამყვანები ფიქრობენ თავიანთი გამოსვლის ელემენტებზე, ვიდრე PowerPoint-ს გახსნიან.

შესაბამისად, სლაიდების შექმნამდე ეს სამსაფეხურიანი პროცესი სცადეთ:

  1. პირველ რიგში, ჩაწერეთ თქვენი იდეა ისე, თითქოს, ვინმეს ამბავს უყვებით. ვინაიდან, ჩვეულებრივ, პუნქტებით არ საუბრობთ, მოერიდეთ მათ გამოყენებას. ამის ნაცვლად, დაწერეთ სრული წინადადებები არსებითი სახელებით, ზმნებით და გადასვლებით აბზაცებსა და იდეებს შორის.
  2. თითოეული ძირითადი კონცეფცია ე. წ. „სიუჟეტის დაფით“ წარმოიდგინეთ: იდეების დახატვა დაფაზე ან ცარიელ ქაღალდზე.
  3. და ბოლოს, შეაგროვეთ რესურსები, რომლებიც თქვენს ისტორიას გააცოცხლებს: ვიდეო, ანიმაცია, გრაფიკა ან ფოტოსურათი.

პრეზენტატორები იყენებენ ტექსტს. მთხრობელებს უყვართ სურათები.

ერთ ამბავს გაგახსენებთ. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეთაური კრის ჰედფილდი სოციალური მედიის სენსაციად იქცა, როდესაც ნულოვან გრავიტაციაში ყოფნისას დევიდ ბოუის “Space Oddity” შეასრულა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მისმა ცნობილმა TED Talk-მა 11 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

ჰედფილდის პრეზენტაცია “What I learned from going blind in space” ვიზუალური თხრობის თვალსაჩინო დემონსტრირება იყო. მისი PowerPoint ტექსტისგან დაცლილ 35 სლაიდს შეიცავდა. ამის ნაცვლად, კრისი ეყრდნობოდა სურათებს, სურათებს, ანიმაციას და ვიდეოს, რათა აუდიტორიისთვის ის სამყარო გაეცნო, რომელიც ცოტას თუ გამოუცდია.

ამასთან, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ აუდიტორიას შინაარსის მხოლოდ 10% ამახსოვრდება, თუ უბრალოდ ისმენს ინფორმაციას. თუმცა „გამოსახულების უპირატესობის ეფექტი“ ნიშნავს, რომ თუ ამბავს სურათებიც ავსებს, პროცენტული მაჩვენებელი 65%-მდე ივსება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სურათების გამოყენების უპირატესობა ფლორენს ნაიტინგეილმა PowerPoint-ის გამოგონებამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინ გააცნობიერა. ის სტატისტიკოსი და მათემატიკოსი იყო. ასევე, იგი მედდის ფუნქციასაც ითავსებდა და ყოველთვის აღშფოთებას გამოთქვამდა საავადმყოფოებში არსებული არაჰიგიენური პირობების შესახებ. თანაც, უფრო მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი იღუპებოდა ამ მიზეზით, ვიდრე საბრძოლო ჭრილობების შედეგად. როდესაც ფლორენსმა ბრიტანეთის ხელისუფლებას დაფინანსების მისაღებად მიმართა, რათა ეს პირობები გაეუმჯობესებინა, მან მშრალი მონაცემები ფერად კოდირებულ სქემად აქცია. 

ასე რომ, აუდიტორიის ჩართულობისთვის შექმენით პრეზენტაცია, რომელშიც ვიზუალური მხარე იქნება აქცენტირებული. სურათებისა და სიტყვების კომბინაცია ბევრად აძლიერებს ინფორმაციის აღქმას, ვიდრე მხოლოდ სიტყვები.

პრეზენტატორები მონაცემებს ყრიან. მთხრობელები კი ამ მონაცემებს „აადამიანურებენ“.

როგორც ნაიტინგეილმა აღმოაჩინა, ადამიანის ტვინს დიდი რიცხვების აღქმა უჭირს. მონაცემები აბსტრაქტულია, ვიდრე ისეთ კონტექსტში არ განთავსდება, რომლის აღქმაც ადვილია ჩვენი გონებისთვის.

წარმოიდგინეთ, სამედიცინო მოწყობილობების კომპანიისგან ტვინის სკანირების ახალი აპარატის შესახებ რომ მიიღოთ ასობით გვერდის კლინიკური მონაცემები… რის გაგებას შეძლებთ? (თუ, რა თქმა უნდა, ამ სფეროს წარმომადგენელი არ ხართ). ალბათ, გირჩევნიათ, ე. წ ადამიანურ, გასაგებ ენაზე მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტული ტექნოლოგიის უპირატესობის შესახებ.

როგორც წესი, ასეთი მშრალი მონაცემები მხოლოდ ტექნოლოგიის ეფექტურობაზე საუბრობს, მაგრამ არსად ჩანს ადამიანური ამბავი… თუნდაც, შესაძლებელია ორი ტიპური პაციენტის მაგალითის მოყვანა — პირობითად, დევისი და სიუზანი, რომლებიც ამ ტექნოლოგიით ისარგებლებენ. შესაძლოა, მოწყობილობის კონკრეტული მონაცემები დაგავიწყდეთ, მაგრამ ყოველთვის გემახსოვრებათ ამ ორი ადამიანის ამბავი.

პრეზენტატორები პროგნოზირებადები არიან. მთხრობელები აოცებენ მსმენელს.

PowerPoint პრეზენტაციების უმეტესობა მოსაწყენია, რადგან პროგნოზირებადია. ჩვენ ვიცით, რა გველის შემდეგ — კიდევ ერთი მარკერის სლაიდი, რასაც მოჰყვება მეორე და მესამე. თუმცა კარგ ისტორიაში გაკვირვების ელემენტს ვაწყდებით.

როდესაც სტივ ჯობსმა წარადგინა პირველი iPod, მან აუდიტორიას უთხრა, რომ მუსიკალურ საკრავს 1000 სიმღერის შენახვა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებულ სხვა მუსიკალურ საკრავებსაც შეეძლო იგივე ფუნქციის შემოთავაზება, ჯობსმა განმარტა: „არცერთი მათგანი არ თავსდება თქვენს ჯიბეში“. მან ჯინსის ჯიბეში ხელი ჩაიყო და ბაზარზე ყველაზე პატარა MP3 ფლეიერი ამოიღო — როგორც ჯადოქარს ამოჰყავს ქუდიდან კურდღელი. პროდუქტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სლოგანად კი „ათასი სიმღერა ჯიბეში“ იქცა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი თვლიდა სტივ ჯობსს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბიზნეს მომხსენებლად, Apple-ის თანადამფუძნებელმა იცოდა აუდიტორიის დაპყრობის ნამდვილი საიდუმლო: შეექმნა პრეზენტაცია, რომელიც კარგად შემუშავებულ ისტორიას შეავსებდა. 

ადამიანის ტვინი ყურადღებას აქცევს სიახლეს — გადახვევებს და მოულოდნელ მოვლენებს. ტვინის იმპულსები ძლიერდება, როდესაც აღმოვაჩენთ რაღაცას, რაც შაბლონს არღვევს.

თქვენს კრეატიულობას საზღვარი არ აქვს. არ არის აუცილებელი, ჯიბიდან ამოიღოთ ახალი პროდუქტი… უბრალოდ გააოცეთ აუდიტორია იმით, რასაც არავინ მოელის.

პრეზენტატორები ჩუმად ვარჯიშობენ. მთხრობელები ხმამაღლა გადიან რეპეტიციას. 

საქმიანი პრეზენტაციების უმეტესობა დავიწყებულია, რადგან მომხსენებლებს ავიწყდებათ, რომ მათ არა თუ უბრალოდ უნდა წარადგინონ სლაიდები, არამედ საჭიროა, ერთგვარი მსახიობის როლიც მოირგონ. კარგი პრეზენტაცია გვაწვდის ინფორმაციას, შთაგვაგონებს, გვიზიდავს და გვართობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ნაწილობრივი სპექტაკლი და მთლიანობაში რეპეტიციას საჭიროებს.

ბიზნეს პროფესიონალების უმეტესობა ჩუმად ათვალიერებს სლაიდებს პრეზენტაციისთვის მოსამზადებლად. მთხრობელები რეპეტიციას ხმამაღლა გადიან. ისინი ავარჯიშებენ თავიანთ ხმას და საუბრისას დროულ პაუზებზეც ფიქრობენ, მეტყველების ტემპის შეცვლით.

წყარო: HBR



ნახეთ: Perseverance-მა მარსზე მზის დაბნელება გადაიღო

DataFest Tbilisi სპეციალური, ციფრული გამოშვებით ბრუნდება – მონაცემები და ტექნოლოგიები ომის დროს