13
Feb
2019

რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა გააანალიზებთ, რომ შეცდომა დაუშვით

13 Feb 2019

“იმდენად, რამდენადაც გვიყვარს, როცა მართლები ვართ, შეცდომების დაშვება არც მოგვწონს და, ამავდროულად, გვეშინია კიდეც ამის.” – ეს სიტყვები ქეთრინ შულზის წიგნიდანაა, რომლის ფოკუსი შეცდომებისკენაა მიმართული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როცა რამეს ვაკეთებთ, ყოველთვის გვინდა, ვიცოდეთ დეტალები. წინასწარ ვვარაუდობთ ხოლმე მოსალოდნელ შედეგებს. თუმცა, ამ ყველაფერს მუდმივად სდევს შიში “რა მოხდება, რამე რომ შემეშალოს?” ან უფრო უარესი – “იქნებ აქამდე უკვე შემეშალა?”

statiebi-bog
statiebi-bog

იმის აღმოჩენას, რომ რაღაც საკითხში არასწორი ხართ, პირდაპირი ზეგავლენა აქვს იდენტობასა და თვითშეფასებაზე. საქმითა და სიტყვებით ადამიანები მუდმივად გამოხატავენ თავიანთ თავებს და, ცდილობენ, გარშემომყოფებს ისე დაანახონ საკუთარი პიროვნება, როგორც მათ სურთ. ამ მოვლენას ფსიქოლოგები “იდენტობის დამტკიცებას” უწოდებენ. აქედან გამომდინარე, როდესაც შეცდომას ვუშვებთ, გვეშინია იმის, რომ ამ იდენტობასთან დამნაშავეები ვართ და მას ძირს ვუთხრით როგორც საკუთარი თავის წინაშე, ისე სხვების წინაშეც.

თუმცა, საკუთარ თავთან დაშვებული შეცდომები დიდი არაფერია, ვიდრე სხვების თვალწინ დაშვებული შეცდომები. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენს რწმენებს, სურვილებსა და ფიქრებს სხვებს ვუზიარებთ, როდესაც უბრალოდ აღტაცებულები ვართ საკუთარი მიზნებით და ამ დროს შეცდომას ვუშვებთ, დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნება მომენტალურად იჩენს თავს. შეიძლება, საკუთარ თავს, ასე თუ ისე, ჭკვიან ადამიანად აღიქვამთ, თუმცა, როდესაც ამის დამტკიცებას საზოგადოებაში ვერ ვახერხებთ, ჩვენს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.

შეცდომებისგან გაბოროტებულები კი უფრო მეტ არასწორ ნაბიჯს ვდგამთ. ასეთ დროს, ხშირად სხვებს ვადანაშაულებთ, უაზროდ ვპანიკდებით და ხშირად ვკამათობთ. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან შორსაა, შეცდომის გამოსწორებისგან.

რა უნდა გააკეთოთ ასეთ მომენტში?

ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობას, აუცილებლად აიღეთ იგი თქვენს თავზე

თქვით: “დიახ, შეცდომა დავუშვი” და ნუ ეცდებით სხვადასხვა ხერხით თავის გამართლებას, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ეს გზა, უმეტესწილად, არაეფექტურია. უბრალოდ მოკლედ მოყევით, რატომ მოხდა ეს. გააანალიზეთ უფროსისა და კოლეგების წინაშე, რომ თქვენს შეცდომას უარყოფითი შედეგები მოჰყვა და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ არ გისაყვედურებენ ამის გამო. პირიქით, ამისთვის მზად უნდა იყოთ. შემდეგ კი მოიხადეთ ბოდიში და ნეგატიური ემოციებისგან დაცლილმა, მშვიდად განაგრძეთ საქმიანობა.

გააანალიზეთ, რა გჭირდებათ ახლა, როცა უკვე შეცდომა დაშვებული გაქვთ

პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება საკმაოდ რთულია, ისევე, როგორც მოქმედება, რომელიც ყველაფერს თუ არა, შეცდომის რაღაც ნაწილს მაინც გამოასწორებს. უთხარით სხვებს, თუ რას აკეთებთ იმისთვის, რომ აღმოფხვრათ შეცდომით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი. ასევე, გქონდეთ იმის მოლოდინიც, რომ ადამიანები ასეთ მომენტში ხშირად მიგითითებენ, თუ რა უნდა გააკეთოთ.

უთხარით სხვებს, თუ რა ცვლილებების შეტანას აპირებთ თქვენს ქმედებებში მომავალში

დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი დრო საიმისოდ, რომ გაიაზროთ, რამ გამოიწვია თქვენ მიერ შეცდომის დაშვება და გააანალიზეთ ისიც, თუ რამხელა როლი ჰქონდათ სხვებს ამ ამბავში. შემდეგ კი ჩამოყალიბდით, თუ რა ისწავლეთ ამ შემთხვევის მაგალითზე და რის გაკეთებას აპირებთ მომავალში. გააზიარეთ თქვენი ხედვები ხალხშიც და ითხოვეთ დახმარება მაშინ, როცა ეს დაგჭირდებათ. უთხარით სხვებს, მოგცენ რჩევები, რათა დაიკმაყოფილოთ თქვენი ეგო და კვლავაც დაიბრუნოთ ის რეპუტაცია, რომელიც ფიქრობთ, რომ ერთი შეცდომით დაკარგეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული შეცდომის დაშვების შემდგომი პერიოდია, რადგანაც ამ დროს ადამიანები ავტომატურად არიან მიდრეკილნი სიტუაციის გაუარესებისკენ. ამიტომ, მოიკრიბეთ ძალა და მიეცით საშუალება ამ შეცდომას, იყოს თქვენი კარგი მასწავლებელი.

წყარო: HBR



განხილვა