in

რა უნდა გააკეთოთ, როცა სამსახურიდან გაგათავისუფლებენ?

თუ თქვენც ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს და ახლა დარდობთ, როგორ გადაიხადოთ, მაგალითად, ბინის ქირა, გეტყვით, რომ ამოისუნთქეთ და შემდეგ გაუგზავნეთ თქვენი რეზიუმე ათობით კომპანიას. თუმცა ეს წარმატების სტრატეგია არ არის. ის, რაც წარმატებულს გაგხდით, მინიმუმ 24 საათის აღებაა, რათა გააანალიზოთ თქვენი დასაქმების სტატუსის შოკისმომგვრელი ცვლილება. შემდეგ კი, სანამ თქვენს რეზიუმეს განაახლებთ და ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ, ეს 5 მეთოდი უნდა სცადოთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

შეცვალეთ თქვენი აზროვნება

სამსახურიდან გათავისუფლება არ ირეკლავს თქვენს კვალიფიკაციას, ეს ცვლადი ეკონომიკის დროს თქვენი ყოფილი კომპანიის არასათანადო დაგეგმვის არეკვლაა ან მისი ცვლილება ბიზნეს სტრატეგიაში. თქვენ კი გაქვთ შესაძლებლობები, ჭკვიანი ხართ, შეგიძლიათ იპოვოთ ახალი სამსახური ან საერთოდ შეიცვალოთ კარიერა.

ხოლო, თუ ცუდად გრძნობთ თავს, ეცადეთ იპოვოთ ის, რაც თქვენი ემოციური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს. ეს იოგა, მედიტაცია, საჭმლის მომზადება, ხატვა ან უბრალოდ კარგი მუსიკის მოსმენა შეიძლება იყოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დრო საკუთარ თავზე, თქვენს კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირებას დაუთმოთ, რათა სამსახურის ძიებისას საკუთარი ემოციების მართვა შეძლოთ. 

და თუ საკუთარ თავთან უარყოფით საუბრებში გაიჭედეთ, განიხილეთ თქვენს ყოფილ უფროსებთან ლაპარაკი იმ სამსახურებში, სადაც თავს სუპერ წარმატებულად გრძნობდით ან წაიკითხეთ შთამაგონებელი წიგნები. მაგალითად, ვალერი გორდონის Fire Your Narrator! როცა სამსახურის ძიებას დაიწყებთ, თქვენი მენტალური მდგომარეობა პოზიტიური უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებლები თქვენს ნეგატიურობას შეამჩნევენ და ამას თქვენზეც ექნება გავლენა. 

ჩამოწერეთ თქვენი მიღწევები

შექმენით მიღწევების სია CARL-ის (Context, Action, Result, Learning) ან STAR(T)-ის (Situation, Task, Action, Result + Takeaways) გამოყენებით. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაიაზროთ თქვენი ამჟამინდელი უნარები და შესაძლებლობები, ნათელი მოჰფინოთ თქვენს წარმატებებს, რასაც შეუძლია დაამშვიდოს ყველა აზრი, რომელიც თქვენს თავში ტრიალებს. 

ამასთან, ამ მეთოდების გამოყენება ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ. დიახ, როცა გეტყვიან: მოგვიყევით იმ დროის შესახებ, როცა არაეფექტური პროცესი გააუმჯობესეთ, პასუხი გექნებათ. იდეა თქვენი მიღწევების ჩამოყალიბებაა პრობლემების გადაჭრის, მიზნების მიღწევის, მარცხის მოგებად ქცევის, რთული პროექტების დასრულებისა და დაბრკოლებების დაძლევის ირგვლივ. თუ თქვენ ეს წინასწარ გექნებათ მომზადებული, ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდაც მზად იქნებით.

გაიგეთ, რა გსურთ

დიდ კომპანიაში გინდათ მუშაობა თუ პატარაში? იმავე პოზიციაზე თუ განსხვავებული პროფესიით?  სხვა ქალაქში/ქვეყანაში გადასვლას ხომ არ ისურვებთ?… ჩამოწერეთ, რა გსურთ და შემდეგი ნაბიჯის გადადგმისას, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ეს არის თქვენი ღირებულებები და თუ ამას გაიაზრებთ, შეძლებთ, დარწმუნდეთ, შეეფერება თუ არა თითოეული სამსახურებრივი პერსპექტივა მათ. მაგალითად, თუ ორგანიზაციაში თქვენთვის უფროს ხელმძღვანელებთან ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია და ამის შესაძლებლობა ახალ პოზიციაზე არ გექნებათ, ეს სამსახური თქვენს ღირებულებებთან თავსებადი ვერ იქნება.

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ რახან სამსახურიდან გაგათავისუფლეს, არ გაქვთ ის პოზიცია, რომ რაღაცები გინდოდეთ… მაგრამ თქვენი ღირებულებების განსაზღვრა არ ეხება იმას, თუ რა გსურთ, ეს ის არის, რაც გჭირდებათ, იყოთ და სამსახურში თავი წარმატებულად იგრძნოთ. ხოლო, თუ ერთადერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია, თქვენთვის ანაზღაურება და 9-დან 6-მდე მუშაობაა, ამის შემოთავაზება ნებისმიერ სამსახურს შეუძლია… თუმცა ეს ცოტა იმედგაცრუებულს დაგტოვებთ და თქვენს წარმატებაზეც უარყოფითად აისახება. ხოლო, როცა ადამიანები ღირებულებებზე საუბრობენ, შემდეგ ფრაზებს იყენებენ: მინდა ვიგრძნო, რომ რაღაც გავლენა მაქვს, მინდა თავს დაფასებულად ვგრძნობდე, მინდა ისეთ უფროსთან ვიმუშაო, რომლისგანაც რაღაცას ვისწავლი და ა. შ. 

შექმენით სამუშაოს ძებნის განრიგი

სამსახურის მოძებნაც სრულგანაკვეთიანი სამუშაოა. მაგრამ ტელეფონსა თუ კომპიუტერთან მიჩერებით და იმის ლოდინით, როდის დაგიკავშირდებათ დამსაქმებელი, შესაძლოა, დანაშაულის გრძნობა გაგიჩნდეთ, რომ რაღაცას საკმარისად არ აკეთებთ. 

აქ ყოველკვირეული ან ყოველდღიური განრიგის შექმნა დაგეხმარებათ. განსაზღვრეთ, როდის გქონდეთ კომუნიკაცია და რამდენ ადამიანს უნდა დაელაპარაკოთ, რომელ დღეებში მოძებნით სამსახურს და რამდენად ხშირად შეცვლით რეზიუმეს იმ სამსახურებისთვის, რომლითაც დაინტერესებული ხართ, რამდენად ხშირად ივარჯიშებთ პოტენციური ინტერვიუს კითხვებზე პასუხების გაცემაში და ა. შ. განრიგის შექმნა, თქვენი განზრახვისა და თითოეული დღის მიზნის ჩამოყალიბება დაგეხმარებათ, იგრძნოთ, რომ წინ მიიწევთ. 

იპოვეთ სამსახურები, რომლებიც საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ ჯერ არ გააგზავნოთ რეზიუმე

მოძებნეთ ისეთი სამუშაო სივრცეები, როგორებიცაა LinkedIn, Indeed, Monster, ZipRecruiter ან გამოიყენეთ Google, ასევე, დააკვირდით საიტებს, რომლებიც აქვეყნებენ ვაკანსიებს… თუმცა, სანამ განაახლებთ რეზიუმეს, ამობეჭდეთ იმ ვაკანსიათა აღწერილობები, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა და ხაზი გაუსვით საკვანძო სიტყვებს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი გამოცდილება მას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამსაქმებლებმა გაიგონ, თქვენ ამ პოზიციისთვის საჭირო უნარები გაქვთ თუ არა. 

მაგალითად, დააკვირდით დახრილი შრიფტით დაწერილ სიტყვებს ამ სამუშაო აღწერილობაში:

  • უზრუნველყოფს ტექნიკურ ხელმძღვანელობას და მითითებებს გუნდის წევრებისთვის, რათა მიაღწიონ მოხსენებისა და ანალიტიკის მიზნებსა თუ ამოცანებს
  • ითხოვს ტექნიკურ ცოდნას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო პრაქტიკა ანალიტიკური ცენტრისთვის
  • თანამშრომლობს ანალიტიკურ ხელმძღვანელებთან, რათა პროექტის რესურსები და უნარები შეესაბამებოდეს ბიზნეს ერთეულის მიზნებს
  • კოორდინაციას უწევს პროექტის მენეჯმენტს მრავალი გუნდისთვის, რომელთაც სჭირდებათ ანალიტიკური შეხედულებები
  • დაინტერესებულ მხარეებთან და ლიდერებთან კომუნიკაციისა და ტექნიკური საკითხების არატექნიკური ტერმინებით თარგმნის უნარი.
  • ესმის იმ ბიზნეს პროცესების, რომლებსაც სისტემა უჭერს მხარს.

დააკვირდით ამ სიტყვებს და ნახეთ, იკვეთება თუ არა რაიმე თემა. ხედავთ ერთსა და იმავე სიტყვებს ყველა იმ სამუშაო აღწერილობაში, რომლითაც დაინტერესებული ხართ? არის მსგავსი თემები?

თუ თქვენს რეზიუმეს აკლია საკვანძო სიტყვები სამსახურისთვის, შეიძლება სწრაფად მოიხსნათ კანდიდატურების განხილვისას, რადგან არ გაქვთ საკმარისი ან სპეციფიკური გამოცდილება. ხოლო, თუ მსგავს სამსახურებში აგზავნით რეზიუმეებს, რომელთაც საერთო საკვანძო სიტყვები აქვთ, მაშინ შეგიძლიათ თქვენი რეზიუმეს მხოლოდ ერთი ვერსია გქონდეთ. შესაბამისად, როცა ეს სიტყვები განსხვავებულია მაშინ, რეზიუმეს რამდენიმე ვარიანტის არსებობა ხდება საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი ნაკლებად ფოკუსირებულია. გამოდის, საკვანძო სიტყვებზე ხაზგასმა თითოეული როლისთვის შესაბამისი რეზიუმეს შედგენაში დაგეხმარებათ. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო დაუთმოთ და არ იჩქაროთ იდეალური სამსახურისთვის იმ რეზიუმეს გაგზავნა, რომელიც ჯერ სრულად მზად არ არის. თქვენი მიდგომა და ქცევა გასაუბრებისას ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი რეზიუმე და LinkedIn-ის პროფილი. დაიწყეთ მოგზაურობა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი შემდგომი შესაძლებლობის მიღებაში და თქვენს ღირებულებებთან თავს თავდაჯერებულადაც გაგრძნობინებთ.

წყარო: HBR



დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდამდე გაიზარდა

ტესტი ჩაბარებულია — Porsche 911 Dakar-ის მსოფლიო პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე  გაიმართება