როგორც ჩანს, WhatsApp ახალ გენერაციულ AI ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თავის პერსონალიზებული ავატარების შექმნაში დაეხმარება. თუმცა ჯერ განვითარების ეტაპზეა და ამჯერად მხოლოდ WhatsApp Beta Android 2.24.14.7-შია ხელმისაწვდომი. ამ ეტაპისთვის კი ვიცით, რომ ავატარების შესაქმნელად სურათებს, ტექსტურ მოთხოვნებსა და მეტას AI Llama მოდელს გამოიყენებენ.
როგორც ამბობენ, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავი ნებისმიერ გარემოში წარმოიდგინონ, იქნება ეს ტყე თუ კოსმოსი… მაგალითები კი იმის მსგავსია, რასაც ჩვეულებრივ AI გენერატორები გვთავაზობს, თუნდაც Lensa AI ან Snapchat-ის Dreams-ის ფუნქცია.
პერსონალიზებული ავატარების შესაქმნელად მომხმარებლებმა ერთხელ ფოტო უნდა გადაიღონ, რომელსაც შემდგომ მეტას AI-სთვის გამოიყენებენ, რათა მან მათი მსგავსი პერსონის შექმნა შეძლოს. შემდგომ კი ავატარის დაგენერირებაც გახდება შესაძლებელი, ოღონდ აღწერაც საჭირო იქნება, რომელიც Imagine me-ით უნდა დაიწყოს მეტას AI ჩატში.
თუმცა ფუნქცია არჩევითი იქნება და მისი ჩართვა პლატფორმის პარამეტრებიდან შეეძლებათ. რაც შეეხება რეფერენსად გამოყენებულ სურათებს, მის წაშლას მომხმარებლები ნებისმიერ დროს Meta AI-ის პარამეტრებიდან შეძლებენ.
იმასაც ვიგებთ, რომ WhatsApp უკვე მრავალ AI ფუნქციაზე მუშაობს, ამიტომ ახალი Imagine AI სელფის ფუნქციაც საჯაროდ ხელმისაწვდომი წესით მალე უნდა გახდეს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი…