ილონ მასკის X-ში (ტვიტერში) გამოჩენამ და უკვე ყოველთვიური გადასახადის დაწესების იდეამ, მომხმარებლებს ალტერნატიული სოციალური მედია საშუალებების განხილვისკენ უბიძგა… ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მეტას მფლობელობაში არსებულმა WhatsApp-მა Channels-ის ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც ძალიან ჰგავს X-ს… შესაბამისად, WhatsApp ტრადიციულ კომუნიკაციებისთვის განკუთვნილ აპლიკაციების როლსაც სცილდება და სოციალურ მედია პლატფორმად გახდომას ისახავს მიზნად.
თუმცა Channels-ზე არსებული კონტენტი საკმაოდ შეზღუდულია… მიუხედავად იმისა, რომ აქ მარკ ცუკერბერგიც არის, დეივიდ გეტაც, Manchester City, Liverpool და World Health Organisation-იც კი, ეს მხოლოდ დასაწყისია… სწორედ ამიტომ, კითხვით ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად შეძლებს Channels მომხმარებლების მოზიდვას.
როგორც მეტაში აცხადებენ, ეს კომპანიის „შემდეგი თავია“, თუმცა იმისათვის, რომ Channels-მა იმუშაოს, ბრენდების, ცნობილი ადამიანებისა და საჯარო ფიგურების მხარდაჭერა დასჭირდება, რათა წარმოშვან მუდმივი ინტერესი და ჩართულობა, იმ ტიპის კონტენტი, რომლის ნახვას ადამიანები ისურვებდნენ. ისიც ფაქტია, რომ WhatsApp-ს, სოციალურ მედია არხად გამოცხადების გარეშე, უამრავი ადამიანი იყენებს. თუმცა მასკი მაინც არ ნებდება და X-ის ყველაფრის აპლიკაციად გარდაქმნა სურს… არადა, მეგობრებს შორის ავთენტურ ინტერაქციას ძალიან ცოტა აპლიკაცია თუ გვთავაზობს, შესაბამისად, აქ WhatsApp უპირატესობას იძენს.
ხოლო სოციალური მედია პლატფორმებისთვის მომხმარებელთა გამოცდილების შეცვლა ჩართულობის გასაზრდელად ჩვეული ამბავია და არც სხვა პლატფორმებისგან რაღაცების გადმოღებაა უცხო — TikTok-ის For You ინსტაგრამისა და Facebook-ის Reels-ად მოგვევლინა, YouTube Shorts-ად, For You ჩანართად X-ში, Snapchat-სა და Spotify-ში…
და რა გამოდის, Channels ყველაფერს უკეთ გაუმკლავდება? მართალია, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ აუდიტორიას რაღაც ახლის მიღება მოსთხოვო, ეს მარტივი ამბავი არ გეგონოთ. ამის მაგალითად Threads-იც გამოდგება, 1 საათში 1 მილიონი მომხმარებლით რეკორდი კი მოხსნა, თუმცა უკვე მათი 80% დაკარგა… და რა იყო ამის მიზეზი? ეს სწორედ მასკთან და X-თან გვაბრუნებს — მართალია, მომხმარებლებს მათთვის საყვარელ პლატფორმაზე მასკის მუდმივი ცვლილებები არ იზიდავთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს სულაც არ წარმოშობდა Threads-ის X-ის კონკურენტად წარმოჩენის საჭიროებას…
ან საერთოდ გვჭირდება კიდევ ერთი ახალი პლატფორმა? თუ Channels უფასო იქნება, ალბათ, აუდიტორიაც მისცემს შანსს, თუმცა ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა მომხმარებლები დააინტერესოს და შემდგომ შეინარჩუნოს ისე, რომ არც Threads-ის ისტორია განმეორდეს.