in

WhatsApp-ის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს ფართო აუდიტორიაზე გასვლას სთავაზობს

WhatsApp თავის ჰორიზონტს მეტად აფართოებს და მომხმარებლებს მეგობრებთან და ოჯახთან, ან კიდევ უფრო ფართო აუდიტორიასთან დასაკავშირებლად ახალ გზას სთავაზობს. საუბარია Channels-ზე, ახალ ფუნქციაზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები Twitter-ისა და Instagram-ის ელემენტებს აერთიანებს, რათა თქვენთვის უნიკალური გამოცდილება შექმნას…

თითოეულ არხს თავისი ადმინი ეყოლება, რომელსაც ტექსტების, სურათების, ვიდეოებისა და გამოკითხვების დაპოსტვა შეეძლება. თუმცა აქ კომუნიკაცია ცალმხრივი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არხის სტუმრებს მასში პირდაპირ ჩართვა არ შეეძლებათ. გამოდის, ამ ფუნქციით უფრო მეტად ბიზნესები ისარგებლებენ — მაგალითად, მიაწვდიან ინფორმაციებს ტრანსპორტირების დეტალებზე… ანალოგიურად, ინდივიდებს ახალი ამბების, სპორტული მოვლენების, ამინდისა და ყველა ტიპის ჰობისა თუ ინტერესის გაზიარება შეეძლებათ. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ Channels-ს ჯერ არ აქვს E2EE მიღებული, ანუ კონფიდენციალურობის დაცვის ზომები. თუმცა როგორც WhatsApp-ში ამბობენ, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და მალე უსაფრთხოების მაღალ ზომებს შემოგვთავაზებენ. უბრალოდ, რადგანაც WhatsApp მომხმარებელთა ტელეფონის ნომრებთან არის დაკავშირებული, ახალი ფუნქცია კონფიდენციალურად ტოვებს მათ, პროფილის სურათებთან ერთად და იგივე ხდება მიმდევრების შემთხვევაშიც. 

მეტიც, ადმინები ე. წ. სქრინშოთების გადაღებისა და პოსტების სხვებისთვის გადაგზავნის პროცესს აკონტროლებენ. ამასთან, ზოგადი საძიებო სისტემიდან არხების დამალვის შესაძლებლობაც აქვთ. მიმდევრების სიასაც თავადვე განსაზღვრავენ — ირჩევენ, ვის შეუძლია გახდეს მიმდევარი და ვის — არა. გაზიარებული პოსტების ნახვა კი 30 დღის მანძილზე იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც ყველა მოწყობილობიდან ავტომატურად წაიშლება.

ამ ეტაპისთვის Channels მხოლოდ სინგაპურსა და კოლუმბიაშია ხელმისაწვდომი, თუმცა მომდევნო თვეებში მასზე წვდომას კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქე მიიღებს. 

ნახეთ: კრეატიულ კოსტიუმებად ქცეული ნარჩენები

მაიკროსოფტმა Bing-ის საძიებო სისტემას ხმოვანი AI ასისტენტი დაამატა