თუ აქამდე iPad-ის მომხმარებლები WhatsApp-ის მხოლოდ ვებვერსიით სარგებლობდნენ, ახლა უკვე ოფიციალურად მათთვის ხელმისაწვდომი WhatsApp-ის ცალკეული აპლიკაცია ხდება — iPad-ის ახალი აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ ვიდეო და აუდიოზარები 32 ადამიანთან, გაუზიაროთ ეკრანი და გამოიყენოთ როგორც წინა, ისე უკანა კამერა.
კომპანიის თქმით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ iPadOS-ის ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა Stage Manager, Split View და Slide Over. ეს მახასიათებლები მომხმარებლებს ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციის ნახვის, ვების დათვალიერებისას შეტყობინებების გაგზავნის ან ჯგუფური მოგზაურობისთვის ინფორმაციების მოძიების საშუალებას მისცემს მაშინ, როცა მეგობრებს ვიდეოზარით ესაუბრებიან. მობილურ ვერსიაში კი ამ ყველაფრისთვის აპლიკაციის ჩახურვაა საჭირო…
საინტერესოა, რომ iPad-ის ახალი აპლიკაცია Magic Keyboard-სა და Apple Pencil-თან თავსებადობასაც გვთავაზობს.
ასევე, ახალი აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლებს iPhone-ზე, Mac-სა და სხვა მოწყობილობებზე ყველაფრის სინქრონიზება შეეძლებათ. ხოლო პირადი შეტყობინებები, ზარები თუ მედია კვლავ WhatsApp-ის წესების თანახმად იქნება დაცული. ხომ გახსოვთ, პლატფორმაც რომ ვერ ხედავს თქვენს მიმოწერებს…
WhatsApp-ის iPad-ის აპლიკაციის გადმოწერას App Store-დან შეძლებთ და აქვე ერთ ამბავსაც გეტყვით, iPad-ისთვის ცალკეული აპლიკაციის ჩაშვებაზე უკვე ინსტაგრამიც მუშაობს.