ამბავი ასეთია: WhatsApp სპამებთან ბრძოლას იმ შეტყობინებების რაოდენობის შეზღუდვით აპირებს, რომელთა გაგზავნაც ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და ბიზნესებს უცნობ პირებთან, პასუხის მიღების გარეშე, შეუძლიათ.
მართალია, აპლიკაცია თავიდან პირადი კონტაქტებისთვის შეტყობინებების გაგზავნის მარტივ საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მეტად კომპლექსური გახდა ჯგუფების, საზოგადოებებისა და ბიზნესშეტყობინებების თვალსაზრისით. შედეგად, ადამიანები დღეს პლატფორმაზე ბევრ შეტყობინებას იღებენ, იმდენს, რომ რთულია, ყველა მათგანს გაეცნონ…
ახლა კი უკვე ყველა ის შეტყობინება, რომელსაც მომხმარებლები და ბიზნესები სხვებს უგზავნიან, ყოველთვიურ ლიმიტს მიეთვლება, თუ, რა თქმა უნდა, ისინი პასუხს არ დააბრუნებენ — მაგალითად, თუ კონფერენციაზე ვიღაცას შეხვდებით და 3 შეტყობინებას გაუგზავნით, ეს ლიმიტში ჩაითვლება. თუმცა ლიმიტი რამდენია, ამაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, რადგან აღნიშნული სატესტო ფაზაშია.
უშუალოდ ტესტირების ფაზა კი რამდენიმე ქვეყანაში იქნება ლაივში მომდევნო კვირების განმავლობაში. როგორც გვეუბნებიან, აპლიკაციის საშუალო სიხშირის მომხმარებლები ამ ლიმიტს ვერ მიაღწევენ და არც მათი გამოცდილება შეიცვლება. უმეტესად ეს ცვლილებები იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვისაა გამიზნული, რომლებიც უამრავ შეტყობინებასა და სპამს უგზავნიან თავიანთ სამიზნე სეგმენტს. ხოლო, როცა ლიმიტს მიაღწევენ, აპლიკაცია გამაფრთხილებელ შეტყობინებას აჩვენებს მათ დარჩენილი ოდენობით, რათა არ დაიბლოკონ…











