მრავალწლიანი კომფორტის შემდეგ, WhatsApp-იც იწყებს რეკლამების ჩვენებას. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მომხმარებლები მას მხოლოდ Status-ის ეკრანზე ნახავენ, ფუნქციის, რომელიც ინსტაგრამის Stories-ის ინსპირაციით შეიქმნა. ამგვარად, როგორც ინსტაგრამზე რამდენიმე სთორის ნახვის შემდეგ გხვდებათ რეკლამა, ისე მოხდება WhatsApp-ის Status-ის გვერდზე.
კომპანიის თქმით, მათი სარეკლამო მექანიზმი მომხმარებლის ქვეყანასა და ქალაქს, ენას, არხებს და იმ რეკლამების მონაცემებს იყენებს, რომლებსაც ხშირად უყურებენ. თუმცა კონფიდენციალურ მონაცემებს არ გამოიყენებს, იქნება ეს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი, შეტყობინებები, ზარები თუ ჯგუფები. თუ მომხმარებელი თავის WhatsApp-ის ექაუნთს Meta-ს Account Center-ს დაამატებს, კომპანია ჩვეულებრივ მათი ანგარიშის პრეფერენციებს გამოიყენებს რეკლამების საჩვენებლად.
როგორც ამბობენ, კომპანიებსა და მომხმარებლებს თავიანთ Channels-ის რეკლამირების შესაძლებლობასაც მისცემენ. ხოლო შერჩეულ კრეატორებსა და ბიზნესებს მომხმარებლებისთვის გამოწერის მოთხოვნა არხის ექსკლუზიური განახლებების სანახავად შეეძლებათ.
თუ მეტას დავუჯერებთ, ყოველდღიურად Status-სა და Channels-ს 1.5 მილიარდი ადამიანი იყენებს… ხოლო თუ აქამდე WhatsApp შემოსავლებს ბიზნესპლატფორმიდან და click-to-WhatsApp-ის რეკლამებიდან იღებდა, ახლა შემოსავლის ახალი წყაროც ექნება.
WhatsApp-ის თქმით, რეკლამები გლობალურად მომდევნო თვეებში ჩაეშვება.