მსოფლიოს მასშტაბით ყველა მომხმარებელს WhatsApp-ში ხმოვანი შეტყობინების ტრანსკრიფცია შეეძლება, თუმცა რაში გამოგვადგება ეს? როცა ხმაურიან გარემოში მოხვდებით და ხმოვანი შეტყობინების მოსმენას ვერ მოახერხებთ, სწორედ მაშინ დაინახავთ ფუნქციის სარგებელს. დიახ, აღარ მოგიწევთ ადრესატისთვის იმის თხოვნა, რომ მოგწეროთ ის, რაც ხმოვან შეტყობინებაში ილაპარაკა…
ამგვარად, WhatsApp-ში ხმოვანი შეტყობინებები ტექსტად გარდაიქმნება, ტრანსკრიპტები თქვენს მოწყობილობაზე დაგენერირდება და არავის შეეძლება მისი წაკითხვა.
ახალ ფუნქციაზე წვდომის მისაღებად, პარამეტრებში უნდა შეხვიდეთ, Chats აირჩიოთ, შემდგომ კი Voice message transcripts გაააქტიუროთ. სწორედ აქედან შეძლებთ ტრანსკრიფციის ენის არჩევასაც. ხოლო, როცა ფუნქციას გაააქტიურებთ, ხმოვან შეტყობინებას დიდხანს უნდა დააჭიროთ და ტრანსკრიფციის ღილაკი აირჩიოთ, რადგან იგი ყველა შეტყობინებას ავტომატურად არ შიფრავს.
რაც შეეხება ენებს, iOS 16+-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, ამ ფუნქციით ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, იაპონურ, კორეულ, პორტუგალიურ, რუსულ, თურქულ, ჩინურ და არაბულ ენებზე ისაუბრონ. ხოლო, თუ iOS 17+ გაქვთ, ტრანსკრიფციას დანიურ, ფინურ, მალაურ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, შვედურ, ებრაულ და ტაილანდურ ენებზეც შეძლებთ.
ანდროიდის მომხმარებლები კი წვდომას ამ ეტაპისთვის ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ და რუსულ ენებზე მიიღებენ. თუმცა მომდევნო თვეებში WhatsApp კიდევ არაერთი ენის დამატებას გეგმავს, უკვე არსებული ტრანსკრიფციის ფუნქცია კი ეტაპობრივად ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.