აქ არც დელფინარიუმზე და არც ადამიანების მიერ დატყვევებულ ცხოველებზე მოგიყვებით, უბრალოდ გაგიზიარებთ ამბავს, რომელშიც დელფინები საკუთარი სურვილით გაერთიანდნენ მეთევზეებთან. ეს ბრაზილიის სამხრეთ სანაპიროზე ხდება, რათა მათ რაც შეიძლება მეტი კეფალი მოაქციონ საკუთარ ბადეებსა თუ მუცელში. თუმცა ეს ამბავი შემთხვევითი არ არის — 140 წელზე მეტია, რაც ლაგუნას ქალაქში მეთევზეები, რომელთათვისაც ეს საქმე ტრადიციის გაგრძელებაა, ლაჰილის ბოთლისცხვირა დელფინებთან (Tursiops truncatus gephyreus) სწორედ ამ მიზნით მუშაობენ.
პროცესი ასეთია: დელფინებს თევზები ნაპირისკენ მოჰყავთ, მეთევზეებთან ახლოს, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ ისვრიან ბადეებს, რაც დელფინისგან სიგნალს იღებენ. მკვლევრებმა კი ათწლეულზე მეტი გაატარეს ამ ახლო ურთიერთობის შესწავლაში და როგორც ამბობენ, ეს ურთიერთგაგების უიშვიათესი შემთხვევაა, რომელშიც ორივე სახეობა ერთმანეთს გადარჩენის შანსების გაზრდაში ეხმარება.
„ვიცით, რომ მეთევზეები დელფინების ქცევას აკვირდებოდნენ, რათა განესაზღვრათ, როდის ჩაეგდოთ ბადე წყალში, მაგრამ არ ვიცოდით, თუ დელფინები მათივე ქცევას მეთევზეებს შეუსაბამებდნენ. დრონებისა და წყალქვეშა მოწყობილობების დახმარებით, ჩვენ უპრეცედენტო დეტალებით შევძელით მეთევზეებისა და დელფინების ქცევაზე დაკვირვება და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი სინქრონული მუშაობით უფრო მეტ თევზს იჭერენ“, — ამბობს მაურისიო ქენთორი, საზღვაო ბიოლოგი.
ისიც მართალია, რომ ადამიანები ყოველთვის ურთიერთობდნენ ველურ ბუნებასთან, ბუნებრივია, რაღაც სარგებლის მიღების მიზნით. ჩვენმა წინაპრებმა ასე ველური მგლები შინაურ ძაღლებად აქციეს, რომელთან ერთადაც ნადირობდნენ და თავსაც კი იცავდნენ… მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ურთიერთობისგან მხოლოდ ერთი მხარე იღებდა სარგებელს. ამგვარად, კი დელფინებისა და ადამიანების თანამშრომლობის ამბავი, რაზეც ზემოთ მოგიყევით, გამონაკლისი გამოდის.
იქ გავჩერდით, რომ დელფინებმა და ადგილობრივმა მეთევზეებმა ერთმანეთის სხეულის ენის წაკითხვა და შესაბამისი რეაგირებაც ისწავლეს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მეთევზეები, რომელთაც წყალში სიარულის დროს GPS სამაჯურები ეკეთათ, რაც მათ მოძრაობაზე დაკვირვებას შესაძლებელს ხდიდა, მიიწევდნენ დელფინებისკენ მაშინვე, როგორც კი ისინი გამოჩნდებოდნენ და ბადეებს წყალში აგდებდნენ. გამოდის, დელფინების გამოჩენა თევზების მოახლოების ნიშანი იყო. მეტიც, გვეუბნებიან, რომ მეთევზეები, რომლებიც ამ მეთოდს იყენებდნენ 17-ჯერ უფრო მეტად იჭერდნენ თევზს და იმაზე 4-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში.
მაგრამ რატომ აკეთებენ დელფინები ამას? გაცილებით რთულია იმის დათვლა, თუ რამდენ თევზს ყლაპავს დელფინი იმასთან შედარებით, რასაც მეთევზე იჭერს… და განსხვავდება თუ არა ცალკე დელფინებისა და ცალკე ადამიანების შედეგები ერთმანეთისგან?
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თევზის ბადეში მოთავსება დელფინებს მის დაჭერას უმარტივებს. კადრებში ჩანს კიდეც, რომ დელფინები პირდაპირ ბადიდან იჭერენ თევზს, რასაც მეთევზეებიც ადასტურებენ. ადგილობრივების განცხადებით, ამ გზით დელფინები ჩვეულებრივზე უფრო მეტ თევზს იჭერენ. კვლევის ავტორები იმასაც კი გვეუბნებიან, რომ დელფინების, რომლებიც ადამიანებთან ერთად „თევზაობენ“, გადარჩენის შანსი 13%-ით უფრო მეტია.
„კულტურული ქცევების დაცვას სარგებელი მოაქვს როგორც ადამიანებისთვის, ისე ველური ბუნებისთვისაც, არა მარტო იმ გზით, რომ ისინი ერთმანეთის გადარჩენას უწყობენ ხელს, არამედ ეს გვაჩვენებს, რამდენად ეხმარება „კულტურულად მნიშვნელოვანი ერთეულების” შენარჩუნება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.