in

რა ხდება როდესაც თანამშრომლებს მენეჯერზე დიდი გამოცდილება აქვთ?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მრავალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობა გვეკისრება. პროფესიულ წინსვლას, ხშირად, თან მოჰყვება ისეთი პოზიციის დაკავება, როგორიცაა მენეჯერობა, რაც დიდ მოთმინებასა და დაუღალავ შრომასთანაა დაკავშირებული – მენეჯერმა უნდა შეძლოს არა მხოლოდ საქმის სრულყოფილად შესრულებაზე ზრუნვა, არამედ თანამშრომლების ნდობის, პატივისცემისა და აღფრთოვანების მოპოვება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა ხდება მაშინ, როცა მორიგ თანამშრომელს მენეჯერზე დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს?

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ასაკობრივი სხვაობა და სამუშაო გამოცდილების პერიოდი წარმოადგენს. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ჩნდება გარკვეული ეჭვები – როგორ არის თქვენზე უფროსი და გამოცდილი თანამშრომლის პატივისცემის მოპოვება შესაძლებელი? ისინი არასერიოზულად ხომ არ აღგიქვამენ და ზურგს უკან გიცხადებენ უნდობლობას?

აქ კი მოცემულია ოთხი ძირითადი სტრატეგია, რომელთა პრაქტიკაში გამოყენებაც დაგეხმარებათ.

გადაამოწმეთ თქვენი უიმედობა

არასასიამოვნო ფიქრების წარმოშობისთანავე, იმის შესახებ, თუ რამდენად არაკომპეტენტურად აღგიქვამენ გამოცდილი თანამშრომლები, რამდენად “პატარა” ხართ მათ თვალში და ასე შემდეგ, ეცადეთ, თვალი გაუსწოროთ რეალობას. გაიხსენეთ ფაქტები, რომლებიც ნეგატიურ აზრებს ამტკიცებს და პირიქით, მათი კონტრარგუმენტები, რათა ობიექტური სურათი დაინახოთ, რეალურად როგორი ხართ გარშემო მყოფების აზრით.

და გახსოვდეთ, ნებისმიერი პასუხის პოვნის შემთხვევაში, თქვენ იმსახურებთ იმ ადგილს, რომელსაც ახლა იკავებთ.

ყველა ერთ გვერდზე მოათავსეთ

როდესაც საქმიანობას შეუდგებით, გუნდს მკაფიოდ წარუდგინეთ თქვენი მიზნები და მიზეზები, დაანახეთ, რა, რატომ და რისთვის უნდა გააკეთოთ. ამასთანავე, იყავით ღია ყველა შესაძლო იდეისთვის და გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლების გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ როგორც წინსვლაში, ასევე კრიტიკული სიტუაციების მართვაში.

იყავით საკმარისად თავდაჯერებული იმისათვის, რომ იყოთ მოწყვლადი

ადამიანები ყველაფერს გრძნობენ და ხედავენ, მათ შორის თქვენს ეჭვებს საკუთარი თავისადმი. თუ თავად არ გჯერათ იმის, რასაც აკეთებთ, გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობთ, აუცილებლად გამოგიცხადებთ უნდობლობას. ამიტომაც, მყარად იდექით საკუთარ პოზიციაზე, დაიცავით იდეა, რომლისაც გჯერათ. თანამშრომლებთან საუბრისას თვალებით კონტაქტი და შესაბამისი სხეულის ენა გამოიყენეთ.

ასევე, ნუ შეგეშინდებათ იდეების გადააზრების – დაინახეთ ისინი თანამშრომლების პერსპექტივით, ყოველი აზრის ჩამოყალიბების დროს გუნდის მოსაზრებებისთვისაც დატოვეთ სივრცე. ჰკითხეთ მათ, გეთანხმებიან თუ არა, სწვდებიან თუ არა თქვენი იდეის არსს და თუ იზიარებენ მას? გაითვალისწინეთ წარსული გამოცდილებაც, რა მუშაობდა კარგად, რას ჰქონდა კარგი შედეგი და ა.შ.

იყავით სულგრძელი

სულგრძელი ლიდერები, რომლებიც თავიანთ გუნდს დიდ დროს, ენერგიას, ფიზიკურ თუ სულიერ რესურსს უთმობენ, თანამშრომლებისგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. გამუდმებით დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მათი პროფესიული ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, კარიერულ წინსვლაში დახმარება.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენზე გამოცდილი თანამშრომლები, შესაძლოა ცხოვრების თქვენგან განსხვავებულ ეტაპზე იყვნენ. ამიტომ, მეტი დრო დაუთმეთ ბარიერების აღმოჩენას, რომელთა წინაშეც იმყოფებიან ისინი. ეცადეთ, დაეხმაროთ ამ დაბრკოლებების გადალახვაში და გაუმარტივოთ, ახლებურად დაანახოთ პრობლემები, რათა შემდგომ ძლიერ მხარედ გარდაქმნან.

გახსოვდეთ, თანაგრძნობა, ცხოვრების ყველა ასპექტში, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა დიდებული ლიდერის მიღმა ძალა, თავმდაბლობა, სწავლის სურვილი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი დგას.

წყარო: HBR



ახალი კვლევა – რა დრო გჭირდებათ მავნე ჩვევის დასამარცხებლად?

COVID-პანდემიის დახმარებით, ვიდეოთამაშების ინდუსტრია რეკორდულ შემოსავლებს აფიქსირებს