ლიდერობა პოზიტიურ განწყობაზეა დაფუძნებული. ოპტიმიზმს გუნდის ენერგიით დამუხტვა, ახალი იდეების გენერირება და თანამშრომლებისთვის მოსმენის შესაძლებლობის მიცემა შეუძლი. თუმცა, არსებობს მკრთალი ზღვარი პოზიტიურ დამოკიდებულებასა და მის საზიანო ალტერნატივას – ტოქსიკურ პოზიტიურობას შორის. როდესაც თქვენი ოპტიმიზმი გადაჭარბებული ან უგულებელმყოფელი ხდება, ის გარშემომყოფებში იმედგაცრუებისა და გაუგებრობის განცდას ტოვებს.
პრობლემა ისაა, რომ როდესაც ყველაფერს პოზიტიური კუთხით წარმოაჩენ, ეს აუფასურებს სხვების გრძნობებსა და გამოცდილებას. საბოლოო ჯამში, ეს ემპათიის ნაკლებობაა და ნიშნავს, რომ არ აღიარებ რას გრძნობენ ადამიანები და რა სირთულეებს გადიან ისინი.
ტოქსიკური პოზიტიურობა ხშირად ნეგატიური ემოციების მიუღებლობიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, პოზიტიურობის გამოხატვა ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. იმისათვის, რომ იყოთ უფრო ეფექტური კომუნიკატორი, კოლეგა ან ხელმძღვანელი, თქვენ უნდა შეგეძლოთ რთულ ემოციებთან გამკლავება და იყოთ ღია, როდესაც ადამიანები თავიანთ პრობლემებს გიზიარებენ.
საკუთარ თავში ტოქსიკური პოზიტიურობის ნიშნების ამოცნობა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია ნამდვილი კავშირების დასამყარებლად და გუნდის მხარდასაჭერად. აი, რას გვირჩევენ ექსპერტები – რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ქცევაში, საუბარსა და მოქმედებაში.
დაფიქრდით, როგორ რეაგირებთ კოლეგების პრობლემებზე
კოლეგა გენდობათ და გეუბნებათ, რომ უჭირს რთულ პროექტთან გამკლავება. ამ დრო, თქვენი ინსტინქტური რეაქციაა სწრაფი ნუგეში: „ყველაფერი კარგად იქნება“ ან „ნუ ღელავ ასე“. მიუხედავად კეთილი განზრახვისა, ასეთი პასუხები კონტრპროდუქტიულია და ტოქსიკურ პოზიტიურობას უწყობს ხელს.
პრიორიტეტი მიანიჭეთ „მოსმენას, გაგებასა და აღიარებას“. აღიარეთ მეორე ადამიანის რეალობა. იხელმძღვანელეთ იმით, თუ სად არიან ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ სცადოთ მათი გადაყვანა იქ, სადაც თქვენ გსურთ მათი ხილვა.
სკეპტიკოსებს „რთულ“ ადამიანებად ხომ არ მიიჩნევთ?
თქვენს გუნდში არის თანამშრომელი, რომელსაც ყოველთვის აქვს პრობლემა ან კრიტიკული შენიშვნა. თქვენს წარმოდგენაში ის ოფისის „უარყოფითი პერსონაჟი“ ან უბრალოდ „რთული“ ადამიანია. თუმცა, ეს აღქმა შეიძლება ტოქსიკური პოზიტიურობის სიმპტომი იყოს. „სამუშაო გარემოში, ეს ფენომენი ვლინდება იმით, რომ დემონიზებას უკეთებთ მათ, ვინც პრობლემებზე საუბრობს და მათ მომჩივნებად ან ზედმეტად კრიტიკულებად ნათლავთ. როდესაც საკითხები წამოიჭრება, შეიძლება უთხრათ: „მადლიერი იყავი იმისა, რაც გაქვს“ ან „უარესადაც შეიძლება ყოფილიყო“. ეს მათ აფიქრებინებს, რომ მათი პრობლემები არ არის მნიშვნელოვანი.
აღიარეთ კრიტიკული მოსაზრების აუცილებლობა თქვენს გუნდში. თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, როდესაც რაღაც არ მუშაობს. იმუშავეთ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შექმნაზე, სადაც გუნდის წევრებს შეუძლიათ პრობლემების წამოჭრა შიშისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.
ნუ ეძებთ მუდმივად „ნათელ მხარეს“
„მზის სხივებს ვერ დააფასებ წვიმის გარეშე“, „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“, „ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს“ – ეს გამოთქმები ხშირად ტოქსიკურ პოზიტიურობას ფარავენ. უფრო მეტიც, ეს ცარიელი ფრაზები ხშირად არაგულწრფელად და დამცინავად ისმის. ადამიანები გრძნობენ, რომ მათი საუბრის შეწყვეტას ცდილობთ – და ხშირად სწორედ ეს არის თქვენი მიზანიც.
შეწყვიტეთ ბანალური ფრაზების გამოყენება. გირჩევთ აქტიურ მოსმენას იმის გასაგებად, რა სჭირდება და სურს თქვენს კოლეგას იმ მომენტში. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ლიდერები ამას აკეთებენ, თანამშრომლები ნაკლებ შფოთვას გრძნობენ.
ნუ გადადიხართ პრობლემის მოგვარების რეჟიმში, როდესაც თქვენი კოლეგები აღელვებულები არიან
როდესაც გუნდის წევრი გიყვებათ სტრესული სამუშაო სიტუაციის შესახებ, თქვენ მაშინვე იწყებთ გამოსავლის ძიებას, გადმოსცემთ გადაწყვეტილებების სიას: „ცადე ეს? რას იტყვი ამაზე? აი, რა უნდა გააკეთო“. პრობლემის მოგვარებისკენ ეს სწრაფვა ტოქსიკური პოზიტიურობის ფორმაა, რომელიც მიანიშნებს, რომ თქვენი კოლეგის გრძნობები არის რაღაც, რაც უნდა გადაიჭრას და არა აღიარებული და დაფასებული იქნას.
მიეცით კოლეგას საშუალება გამოხატოს თავისი ემოციები გადაწყვეტილებების შეთავაზებამდე. მოუსმინეთ გასაგებად და არა პასუხის გასაცემად.
ვერ ძლებთ LinkedIn-ზე აზრების გაზიარების გარეშე?
სოციალური მედია დემონსტრაციული ბედნიერების სათამაშო მოედანია, სადაც მზის ჩასვლის სელფებითა და იდეალური ცხოვრების გულდასმით შერჩეული სურათებით არის სავსე. რაც შეეხება სამსახურებრივ აღფრთოვანებას, LinkedIn წამყვან პლატფორმად იქცა.
კარგი ამბების გაზიარება შეიძლება კარიერული წინსვლის სტრატეგიული ნაბიჯი იყოს, და სხვების ქება კარგი საქციელია, მაგრამ თუ ხშირად აქვეყნებთ პოსტებს პოზიტიური იმიჯის პროექციისთვის, ეს შეიძლება ტოქსიკური პოზიტიურობის სიმპტომი იყოს. მუდმივი საჭიროება, გამოჩნდეთ პოზიტიურად, ქმნის ფასადს, სადაც ყველაფერი იდეალურად ჩანს, რაც ზრდის თქვენს წნეხს, მუდმივად ბედნიერი და წარმატებული გამოჩნდეთ.
ჰიპერპოზიტიური პოსტის ან კომენტარის დაწერამდე, დაფიქრდით. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები უნდა გააზიაროთ ინტერნეტში, არამედ დარწმუნდით, რომ არ იყენებთ პოზიტიურობას თქვენი რეალური ემოციების დასამალად. მოძებნეთ ადამიანები, ვისთანაც შეგიძლიათ გულწრფელები იყოთ. საგანგაშოც კი შეიძლება იყოს, როდესაც არ გყავთ ვინმე თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც შეგიძლიათ გულწრფელი იყოთ, ან არ გაქვთ სხვა საშუალება თქვენი ემოციების გადასამუშავებლად.
წყარო: HBR